"ოღონდ ფული ვიშოვო და ყველაფერს ჯანდაბამდის გზა ჰქონია - აქედანვე იწყება ჩვენში ჩაბუდებული ურთიერთგაუტანლობაც" - როგორ დავძლიოთ სოციუმის დაუოკებელი აგრესია
დღევანდელ ქართულ რეალობაში ურთიერთგაუტანლობა (შეუწყნარებლობა) ერთგვარ აპოგეას აღწევს. სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ქართველი აუდიტორია, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთზე უამრავი მიზეზით გადამტერებული ადამიანების ნაკრებია, ვიწრო ინტერესებად დაყოფილი, დათითოკაცებული... 5 ივლისის ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთსიძულვილის სამწუხარო მასშტაბები. ერის მამა, დიდი ილია ალბათ "საფლავში ბრუნავს", რადგან ასი წლის შემდეგაც თანამემამულეებისთვის "საერთო ნიადაგის" თეორია ლიტონ სიტყვებად რჩება. აქ ხომ ყველა თავისთვის ბრძენია, პირველ-მეორეზე გათვლა არ არსებობს (ყველა პირველია), ჩვენებური პოეტი ორჯერ პოეტია, ოღონდ მასვი, მაჭამე, მაძინე და ეშმაკსაც წაუღია ყველა დანარჩენი, ქვეყანა...
საზოგადოებაში ჩატეხილ ხიდებსა და ამის მიზეზებზე ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი გვესაუბრება.
- ქალბატონო ნონა, ჩვენში სულ უფრო მზარდი ურთიერთგაუტანლობის (შეუწყნარებლობის) მიზეზებს რაში ხედავთ?
- ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა და მიზეზებიც ღრმაა. ყველაფერს იმასთან მივყავართ, რომ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს და არც აინტერესებს გამოიკვლიოს. ჩვენში ეს პრობლემა კიდევ უფრო კომპლექსურია, რადგან საკუთარი თავის ძიების კულტურა არ არსებობს. არის გარკვეული ტრადიციები, რელიგიური მსოფლმხედველობა და ამ კონკრეტულ შინაარსზე დაქვემდებარებით მივიჩნევდით, რომ ესა თუ ის ადამიანი იყო კარგი ან ცუდი, ინტელიგენტი, კეთილშობილი და ა.შ.
ადამიანის ფსიქიკაში უფრო ღრმა პრობლემებია. დადგა ხედვის პრობლემა, რომ გავიგოთ ვინ ვართ რეალურად, საიდან მოვდივართ, რა გვინდა. აქ ისტორიულ მეხსიერებაზე ლაპარაკი არ არის, ამას კოლექტიურად ვერ გამოვიძიებთ. ინდივიდუალური პროცესია. ანუ თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რატომ ვარ ასე აგრესიული, ვიმყოფები კონფლიქტში, რატომ არის ჩემთვის ასე მიუღებელი ყველაფერი. საერთოდ ვინ ვარ, როცა თავს ვუწოდებ ქართველს, ქრისტიანს, მუსლიმს ან იუდეველს, კონკრეტულად რას მოვიაზრებ? რატომ ვარ ასე ჩართული კონფლიქტში, 30-40 წელი რომ არაფერი ლაგდება ამ ქვეყანაში; ხან კომუნისტი მქვია, ხან მართლმადიდებელი, შინაარსი რა დევს ამ ყველაფერში? შიგნით რა ხდება ამ დროს, მე რა შევცვალე, რა გავიაზრე?
ამ დროს, მხოლოდ ერთი დღით ვცხოვრობთ, ახლა მქონდეს, ვიშოვო, რაღაც კომპლექსები გვაწუხებს. ასეთი გლახაკური აზროვნება, ცნობიერების პერიფერიული მდგომარეობაა. რატომ ვერ ვალაგებთ კონფლიქტს საკუთარ თავთან და სხვებთან, იქნებ ამიტომაც ცუდად გრძნობს თავს ადამიანი?
- რომ დასვას ეს კითხვები, რატომ არიან ადამიანები ასეთი აგრესიული ხშირად სრულიად უცხო ადამიანების მიმართ?
- სოციუმი კონკრეტული ინდივიდებისგან შედგება, ერთი ორგანიზმი და ცნობიერება კი არ არის. რომ გავიგო, რატომ ვარ აგრესიული, ნიშნავს: შევისწავლო საკუთარ ქცევები, დავაკვირდე ტრავმებს, ამბიციებს, მისწრაფებებს. საკუთარი ვიწრო გაგება უნდა დავინახო, თუ როგორი შეზღუდულია ჩემივე მსოფლმხედველობა; როგორი ვიწროა ხედვა კაცობრიობაზე, როცა მხოლოდ ჩემი აზრი მიმაჩნია ჭეშმარიტებად, მარტო ჩემი გაგება, ჩემი ტრადიცია. პრობლემაც აქედან იწყება.
შეიძლება ვიწუწუნოთ მთელი ცხოვრება, რომ ადრე რა კარგები ვიყავით და ა.შ.
ადრე ხომ ასე გვასწავლიდნენ, რომ ჩვენი ბედკრული, კარგი ხალხი სულ მტრულად განწყობილი ხალხით, ქვეყნებით იყო შემოსაზღვრულიო. აი, ეს გაგება უნდა დავასრულოთ.
ამასთანავე, ზუსტად ისე ვცხოვრობთ, როგორც ვაზროვნებთ. როდესაც სახლიდან გავდივარ, მეზობელი, თანამშრომელი მხვდება, როგორი ვარ მის მიმართ, რამდენად კეთილგანწყობილი, რამდენად შემიძლია ადამიანურად გამოვხატო ჩემი ემოციები, სხვას დავეხმარო. აქ ელემენტარულ თანადგომაზეა ლაპარაკი. რამდენად შემიძლია შევიწყნარო სუსტი, ავადმყოფი ან უბრალოდ პრობლემებში მყოფი ადამიანი. თუ ეს ცვლილება საკუთარი თავიდან არ დავიწყეთ, შეიძლება კიდევ ათასი წელი ქუჩაში ვიყვიროთ - მე რა კარგი ვარ და სხვა როგორი ცუდია!
ეს მიდგომა პოლიტიკოსებში ხომ ყველაზე თვალსაჩინოა. მოვლენ ხელისუფლებაში და იგივე ისტორია მეორდება. ხაზს ვუსვამ, ყველა ხელისუფლება იყო თავისებურად მოძალადე, უსამართლო, ნაკლებად ორიენტირებული საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტაზე.
ამ დროს, მეორე მხარე დგას ქუჩაში, ყვირის, რაღაც იდეალურად საუბრობს; მოვა ხელისუფლებაში, ანალოგიურად აგრძელებს იმავე უსამართლობას - კორუფციას, ნეპოტიზმს, საზოგადოებისთვის მიუღებელ პოლიტიკას. ესეც აჩვენებს, რომ მთავარი პრობლემა თითოეულ ჩვენგანშია, რიგით ადამიანშია.
ჩვენთან მორწმუნეს თავი მართალი (ერთადერთ) ჰგონია, ლიბერალს ასევე. რადგან იარლიყს მიიკრავს, რომ დასავლურად მოაზროვნეა, უკვე ისიც აპრიორულად მართალია. არ ვუყურებთ საკუთარ შეცდომებს. პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, რიგითი ადამიანები როგორ ვცხოვრობთ, რამდენად უსამართლოები ვართ, რამდენად ხარბები, მხოლოდ ეგოზე ორიენტირებულები და რამდენად გვაინტერესებს მთელი სოციუმის ცხოვრება.
მესმის, ვიღაცისთვის ეს შეიძლება პათეტიკა იყოს და ნაკლებად აინტერესებდეს. მაგრამ ვიყოთ ასე, როცა დასავლეთისთვის ჩვეულებრივ ველურებად დავრჩებით. ოდნავ გამოგვისწორდება თუ არა სიტუაცია, ეგრევე ვიფიქროთ მარტო ფულის მოხვეჭაზე და ასე გავაგრძელოთ, შთამომავლობას არანაირი სიკეთე არ დავუტოვოთ. სწორედ ეს არის საფუძველშივე დამახინჯებული მენტალობა, რის ტყვეობაშიც ვიმყოფებით, ანუ საკუთარი მე-ს ჭეშმარიტებად მიღება და სხვების მიუღებლობა.
- ახსენეთ, რომ საკუთარ ფსიქიკას არ ვუღრმავდებით, დღევანდელმა პრობლემებით სავსე ადამიანმა იქაც რომ ჩაიხედოს, რას ნახავს იქ, რას მოუტანს ეს მას?
- საკუთარ არარაობას დაინახავს, რომ მის ცხოვრებაში ყველა პრობლემის სათავე თვითონაა. შეწყვეტს სხვის დადანაშაულებას, ყველაფრის გადაბრალებას. დაიწყებს საკუთარ თავში გარკვევას, რატომ ვარ ასეთი უუნარო, ღატაკი, უნიჭო, თუ გნებავთ; აშკარად რაღაცები შემიძლია, მაგრამ რატომ ვერ ვაკეთებ ვერაფერს; ისევ და ისევ, რატომ ვარ ასეთი აგრესიული, რატომ გადამაქვს მუდმივად სხვაზე საკუთარი არასრულფასოვნება, როცა პრობლემა საკუთარი თავიდან იწყება. მიხვდება, რომ პრობლემა თვითონაა და არა ვიღაც ბიძაშვილი, მეზობელი და ნაცნობი.