"შეუძლია თუ არა ცენტრალურ აზიას რუსეთისადმი დახმარება თალიბების დასამორჩილებლად?" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
ამერიკულმა გამოცემამ The National Interest-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით - "შეუძლია თუ არა ცენტრალურ აზიას რუსეთისადმი დახმარება თალიბების დასამორჩილებლად?" (ავტორი - ჯონ რიული), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები ავღანეთის მიმართ, ცენტრალური აზიის ქვეყნების დახმარებით.
"30 წლის შემდეგ, როცა უკანასკნელმა საბჭოთა ტანკმა ავღანეთი დატოვა, კრემლი ღიად სარგებლობს ხელისუფლების იმ ვაკუუმით, რომელიც ავღანეთში აშშ-ის ჯარების უეცარი გაყვანით შეიქმნა. მართალია, მოსკოვი მეტნაკლებად თანამშრომლობს "თალიბანთან" და ავღანეთის რეგიონული ძალების ზოგიერთ წარმომადგენელთან, მაგრამ მათთან ახლოს კონტაქტებს ერიდება. თუმცა, ალბათ, ასე დიდხანს არ გაგრძელდება.
რუსეთის ინტერესის განახლება ავღანეთის მიმართ რამდენიმე ფორმით ვლინდება. კრემლის აშკარა შეშფოთებას იწვევს არასტაბილურობის გავრცელების შესაძლებლობა ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე, იქიდან კი - რუსეთზე. როგორც სირიაში, ავღანეთის შემთხვევაშიც მოსკოვი ცდილობს, არ შეიქმნას ნოყიერი ნიადაგი "ისლამური სახელმწიფოსა" და ისლამური ექსტრემიზმის ასაღორძინებლად. ავღანეთის საზღვრების დაცვისა და მათი უსაფრთხოების საკითხი დღეს რუსეთისათვის პირველხარისხოვანი პრობლემაა, რადგან არაა გამორიცხული, რომ გაიზარდოს ნარკოტიკების უკანონო გადატანა და დაიწყოს ლტოლვილების ნაკადით გამოწვეული კრიზისი.
გარდა ამისა, ავღანეთის ბუნებრივი წიაღისეული რუსეთისათვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. ამასთან, გარდა იმისა, რომ მოსკოვს ავღანეთის რესურსების ათვისება სურს, კრემლი, ასევე, ცდილობს, რომ ქვეყანა სხვებისთვის სარესურსო ცენტრად არ იქცეს, რაც რუსული ენერგეტიკული კომპანიების მოგებას შეამცირებს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ავღანეთის ენერგეტიკული ნედლეულით უზრუნველყოფაში რუსეთი უნდა დომინირებდეს. ავღანეთზე გავლენის გაძლიერებით კრემლი ხელთ იგდებს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ბერკეტებს იმ რეგიონში, რომელიც ჩინეთს, ინდოეთის სუბკონტინენტსა და ახლო აღმოსავლეთს შორის მდებარეობს.
კრემლი თავისი მიზნების მისაღწევად, ბუნებრივია, თალიბებთან თანამშრომლობას გააფართოებს. ამ ურთიერთობებს პრაგმატული ხასიათი ექნება და, შესაბამისად, ორივე მხარე ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ოდესღაც მათ ერთმანეთთან მტრობა ჰქონდათ. "თალიბანის" ბევრი საველე მეთაურის სამხედრო ბიოგრაფია ხომ იმ მოჯაჰედების ბანდებში დაიწყო, რომლებმაც 30 წლის წინ ავღანეთიდან საბჭოთა ჯარები გააძევეს. გარდა ამისა, 1990-იან წლებში "თალიბანი" მხარს უჭერდა ჩეჩნურ სეპარატიზმს და, მათთან სოლიდარობის მიზნით, რუსეთს ჯიჰადი ("სარწმუნოებრივი ომი") გამოუცხადა. თავის მხრივ, რუსეთმა 2003 წელს "თალიბანი" ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად.
თუმცაღა, აშშ-სა და რუსეთს შორის დაწყებული დაპირისპირების კვალობაზე (უკრაინის 2014 წლის კრიზისისა და სირიაში სამოქალაქო ომის მიზეზით), კრემლმა თალიბებთან დიალოგი დაიწყო და გააფართოვა. 2018 წლიდან კი "თალიბანის" წარმომადგენლები მოსკოვშიც დადიან მოლაპარაკების მიზნით, რაც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის მომზადების ჩარჩოებში მიმდინარეობდა. იმის შესაბამისად, თუ როგორ ვითარდებოდა და ვრცელდებოდა ქაოსი ავღანეთში, ქაბულში არსებული რუსეთის საელჩო თალიბებთან ინტენსიურ კონტაქტებს აწარმოებდა და კიდევაც მიიღო იმის მტკიცე დაპირება, რომ რუსეთის მოქალაქეებისა და რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა. მართალია, მოსკოვს ჯერ არ უღიარებია "თალიბანი" ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად (კრემლი მაინც ფრთხილობს), მაგრამ ამის შესაძლებლობა აშკარად არსებობს.
"თალიბანის" წარმომადგენლები, შიშობენ რა იმას, რომ საერთაშორისო იზოლაციაში არ აღმოჩნდნენ, რუსეთთან პარალელურად, კავშირების გაბმას ავღანეთის მოსაზღვრე სხვა რეგიონულ სახელმწიფოებთანაც ცდილობენ. ჩინეთს, ირანს და პაკისტანს ავღანეთში თავიანთი სტრატეგიული ინტერესები აქვთ, რომლებიც ხშირად ერთმანეთს კვეთს და თუმცა რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ მზადაა მათთან თანამშრომლობისათვის, კრემლი მაინც შეეცდება, რომ ავღანეთთან მიმართებით ბევრი რამ ჩამოთვლილ ქვეყნებთან შეუთანხმებლად განახორციელოს, ქაბულზე მეტი დომინირების მიზნით. მაგალითად, რუსეთი აუცილებლად შეეცდება, ჩაშალოს პეკინის მცდელობები სახმელეთო მარშრუტის შესაქმნელად ავღანეთის გავლით ირანისაკენ. ალბათ, მოსკოვი პეკინთან სავარაუდო კონკურენციაში რუსული ნავთობისა და გაზის ფაქტორით ისარგებლებს.
იმდენად, რამდენადაც რუსეთი ავღანეთს უშუალოდ არ ესაზღვრება, მისი მთავარი სტრატეგია იქნება გავლენის გაძლიერება ცენტრალური აზიის ექსსაბჭოთა რესპუბლიკებზე. ტაჯიკეთში 1997 წლიდან რუსეთის სამხედრო ბაზა არსებობს, რომლის ვადა მხოლოდ 2042 წელს იწურება. რუსეთი, ასევე, ცდილობს ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარებას ტაჯიკ და უზბეკ სამხედროებთან. ცენტრალური აზიის სახელმწიფოები - იგივე ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" ("ОДКБ") წევრები არიან. ბუნებრივია, ამ ორგანიზაციის ძალისხმევა, რუსეთის ლიდერობით, ავრანეთიდან მომავალი სავარაუდო საფრთხეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
რუსეთმა განაცხადა, რომ ავღანეთში ჯარებს არ შეიყვანს - როგორც ჩანს, კრემლის პოზიციაზე გავლენა წინა კატასტროფულმა გამოცდილებამ მოახდინა. მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რა იქნება. მოსკოვი იმავეს აცხადებდა უკრაინის მიმართაც, მაგრამ სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით კრემლი მაინც ურევდა სიტუაციას. ასე რომ, რუსეთს კონფლიქტებით მანიპულირება კარგად შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მიერ "გაწრთვნილი" ავღანური არმია და უშიშროების ძალები მოწინააღმდეგეს, ფაქტობრივად, უბრძოლველად ჩაბარდნენ, ზოგიერთ ადგილზე მაინც შეინიშნება წინააღმდეგობის კერების არსებობა, განსაკუთრებით - ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ტაჯიკური მოსახლეობა ჭარბობს. ალბათ, რუსეთი ამ ადგილებში ეთნიკური ტაჯიკებისა და რუსეთის მოქალაქეების დაცვას იმავე მეთოდებით შეეცდება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარი ომის დროს გააკეთა, მაგრამ ამჯერად კრემლი თავის შუააზიელ მოკავშირეებს გამოიყენებს, ასევე, თავის გაზრდილ სამხედრო-საზღვაო პოტენციალს კასპიის ზღვის აკვატორიაში. გარდა ამისა, ავღანეთის სიტუაციის არასტაბილურობამ შეიძლება უზბეკეთს ისევ "ოდკბ"-ში გაწევრებისაკენ უბიძგოს (ტაშკენტი ალიანსიდან 2012 წელს გავიდა), რაც თავისთავად რუსეთის გავლენის გაძლიერებას ნიშნავს.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დღეს, 1980-იანი წლებისაგან განსხვავებით, ავღანეთს ათასობით კილომეტრით არის დაშორებული, კრემლი ამ ქვეყნის სამომავლო საქმეებში მაინც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამასთანავე, რუსეთის ამბიციები შეიძლება დაჩრდილოს, როგორც ჩინეთის ეკონომიკურმა ძლიერებამ, ასევე - ირანისა და პაკისტანის კულტურულმა გავლენებმა. არ არის გამორიცხული, რომ თალიბებსაც რაღაც არ მოეწონოთ კრემლის პოლიტიკაში". (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ