"ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას" - კვირის პალიტრა

"ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას"

"შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ასევე, დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული რეგულაციები, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია ვაქცინირებული ადამიანების, ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში.

"ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გამოც, ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპება. შექმნილ ვითარებაში, მოქალაქეთა სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაციის დაჩქარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ბოლო პერიოდში საქართველოში მსჯელობის საგანია და სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მოქალაქემ თუ ორგანიზაციამ მოგვმართა კითხვით, არღვევს თუ არა პირის უფლებებს და დისკრიმინაციულია თუ არა ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში, მომსახურების, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა სფეროებში. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე მსურს აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განმარტება გავაკეთო:

სახალხო დამცველმა საფუძვლიანად შეისწავლა როგორც უახლესი საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა - ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური - კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას.

ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში. შესაბამისად, დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევს პირებს უფლება აქვთ დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა. აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებს (მაგალითად, სამედიცინო ცნობა ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე) ასევე, გონივრული მისადაგების ღონისძიებებს.

ასევე, დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული რეგულაციები, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია ვაქცინირებული ადამიანების, ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში. ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარ სივრცეებში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომელთაც ბოლო პერიოდში კოვიდ 19 გადაიტანეს და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ინდივიდების უფლებებში ჩარევა გამართლებულია და შექმნილი ვითარების ფონზე, ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა.

"საერთაშორისო პრაქტიკით, ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება მართალია, გამოიწვევს ინდივიდების უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოებრივი ჯანდაცვის და აღნიშნულით ადამიანების სიცოცხლის დაცვას. შექმნილი ვითარების ფონზე, ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაინტერესებული პირების ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში დახმარებას, რისთვისაც შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე - 1481. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას აცრისკენ არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა და განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთათვის დღესდღეობით ვაქცინები ხელმისაწვდომი არ არის!", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.