სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი განუხილველი დატოვა - კვირის პალიტრა

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი განუხილველი დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი განუხილველი დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზვიადაურის უფლებადამცველმა ტარიელ მურმანიშვილმა აღნიშნა, ადვოკატები ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და მის ალტერნატივად როგორც 50 000-ლარიან გირაოს, ასევე პირად თავდებობას სთავაზობდნენ.

მისივე ინფორმაციით, თავდებთა სიაში ცნობილი ადამიანები, მათ შორის 5 ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონები და ევროპის ჩემპიონები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ პირადი თავდებობა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

"გასაჩივრებული იყო აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. ვითხოვდით, რომ ზვიადაური აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ვინაიდან უდანაშაულო ადამიანია და აუცილებელი მოგერიება კანონდარღვევად არ მიიჩნევა. თუ სასამართლო ჩათვლიდა საჭიროდ, რომ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიება, ალტერნატივად ვთავაზობდით როგორც 50 000-ლარიან გირაოს, ასევე პირად თავდებობას. არცერთი გაითვალისწინა და საერთოდ განუხილველი დატოვა. ამდენი ღირსეული ადამიანი უდგებიან თავდებში, ისიც კი არ იკადრა სასამართლომ, რომ ზეპირი მოსმენა ჩაენიშნა და მოესმინა ამ ადამიანებისთვის თუ როგორ უზრუნველყოფდნენ ზვიადაურის თავდებობას. პირდაპირ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში აღარ საჩივრდება, ერთადერთი გზა გვრჩება სტრასბურგის სასამართლოში მიმართვა, რაზეც ვმსჯელობთ ბატონ ზურაბთან ერთად და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას. სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია პირადი თავდებობა, სხვა დასაბუთება სასამართლოს არ უხსენებია. თავდებთა სიაში ცნობილი ადამიანები იყვნენ, მათ შორის 5 ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და ა.შ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ერთი სიტყვით გაატარა მათი თხოვნა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია", - აღნიშნა ტარიელ მურმანიშვილმა.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.