ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა - ვაჟა გიგაურმა, სულიკო საყევარაშვილმა და გიორგი სახელაშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. მათ ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურა. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ.