"დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში - ადამიანები, რომლებმაც გაყიდეს ჩვენი ქვეყანა, ვერ გაიმარჯვებენ და ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში"
მესტიაში წინა ხელისუფლება მარცხდებოდა მაშინაც, როცა მთელ საქართველოში დიქტატურა ჰქონდათ, როცა მთელ საქართველოში ახერხებდნენ გაეყალბებინათ არჩევნები, - ამის შესახებ საპარლამენტო ურავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა "ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე განაცხადა.
სოზარ სუბარი დაეთანხმა პრემიერს, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს და სვანეთი ამაში წელსაც მოწინავეთა რიგებში იქნება.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, არამხოლოდ სვანეთში არამედ მთელს საქართველოში და ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს, არაერთხელ უღალატეს და გაყიდეს ჩვენი ქვეყანა, ვერ გაიმარჯვებენ და ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. საქართველო წავა იმ მტკიცე გზით, რასაც ჰქვია მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების გზა. აქ წინა ხელისუფლება მარცხდებოდა მაშინაც, როცა მთელ საქართველოში დიქტატურა ჰქონდათ, როცა მთელ საქართველოში ახერხებდნენ გაეყალბებინათ არჩევნები, ბოლოს რომ ვერაფერი მოახერხეს, კოდორის ხეობა, რომელსაც ზემო აფხაზეთი დაარქვეს, შემოუერთეს მესტიის საარჩევნო ოლქს და იქ მყოფი 3000 ჯარისკაცი ისე, რომ ხმას კი არ აძლევდნენ, უბრალოდ 3000 ჯარისკაცს აფორმებდნენ, თითქოს ხმა მისცეს "ნაციონალურ მოძრაობას" და ამით აღწევდნენ გამარჯვებას. აქ ყოველთვის არ ცდებოდნენ იმიტომ, რომ ხალხმა არ აპატია იმ ღირსების შელახვა, რომლითაც ისინი ეპყრობოდნენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარმა მიმდინარე ჰესების მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა და ეკონომიკა ვერ გვექნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი ენერგეტიკა.
"სვანეთში გადატყდა ის სიტუაცია, რაც იყო - დამოკიდებულება ჰესების მიმართ, აქ აშენდა ძალიან ბევრი ჰესი. ზუსტად ამ ჰესებიდან არის ის 9 მილიონი ლარი ადგილობრივი შემოსავალი. შენდება კიდევ არაერთი ჰესი, ძირითადად საშუალო და მცირე ჰესები, 10 მეგავატიანი, 8 მეგავატიანი, 50 მეგავატიანი. ეს უზარმაზარი წვლილია ჩვენს ეკონომიკაში და ენერგეტიკაში. მინდა მთელი საქართველოს გასაგონად აქედან ვთქვა, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა და ეკონომიკა ვერ გვექნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი ენერგეტიკა. მდიდარია ის ქვეყანა, რომელსაც ამის პოტენციალი აქვს. საქართველოს, სვანეთს აქვს ამის პოტენციალი და ეს უნდა განვითარდეს", - განაცხადა სუბარმა.