დამკვირვებელი ორგანიზაციები 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებენ
დამკვირვებელი ორგანიზაციები, ა(ა)იპ "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი" (ICDI) და ა(ა)იპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი" (IDMC) 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებენ, რომელიც 2-22 აგვისტოს საანგარიშო პერიოდს მოიცავს.
მათი შეფასებით, გაზრდილია ცესკოსა და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო ცვლილებებისა და სიახლეების ფონზე, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩვენო კომისიის წევრთა შერჩევისა და არჩევის პროცესი საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით, ღიად და ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
შუალედურ ანგარიშში საუბარია გამოვლენილ ტენდენციებზე, სიახლეებსა და იმ საკანონმდებლო აქტებზე, რომლებითაც განისაზღვრება არჩევნების უსაფრთხო და სანდო გარემოში ჩატარება.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში მოცემულია ICDI და IDMC მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებას, მეტ სიზუსტესა და გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს:
"სასურველია, ჩართულმა მხარეებმა, მათ შორის, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უზრუნველყონ დეზინფორმაციისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო.
სასურველია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, შემუშავდება დეზინფორმაციის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა და ქცევის წესები.
სასურველია, გაიზარდოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როგორც შერჩევის, ასევე არჩევის ვადები და აღნიშნული საკითხები განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზე.
სასურველია, როგორც საარჩევნო კოდექსის, ასევე, ცესკოს დადგენილების დონეზე დეტალურად განისაზღვროს საკონსულტაციო ჯგუფის სამუშო პროცესი და პროცედურები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტისა და ბუნდოვანი აღქმის საშიშროება.
სასურველია, საარჩევნო ადმინისტრაციამ სამომავლოდ უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განცხადებების პროგრამულად იმ სახით დარეგისტრირება, რომ პროცესი იყოს მეტად გამჭვირვალე და ზუსტი.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსანტებს განცხადებების წარდგენა შეეძლოთ ელ.ფოსტის მეშვეობით, რაც ამარტივებს დაინტერესებულ პირთათვის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას, პროცესების მეტი სიცხადისათვის, სასურველია, ცესკო-მ შეიმუშავოს აპლიკანტთა რეგისტრაციის პროგრამა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, პროგრამულად უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვების, აპლიკაციის მიერ დროულად გამოვლენა, კერძოდ, არ მისცეს შესაბამის პირს(ებს) რეგისტრაციის უფლება, ან რეგისტრაციის მომენტიდანვე მოხდეს აპლიკანტთა პროგრამული ფილტრაცია და განისაზღვროს იმ კანდიდატთა სია, რომლებსაც კოდექსით უბნის წევრობა ეკრძალებათ. აღნიშნულ პროცესში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის დროულად გავრცელება.
სასურველია, საკანონმდებლო შეზღუდვა - ,,დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პარტიის მიერ იყო დანიშნული", გავრცელდეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზეც.
სასურველია, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიები საარჩევნო პროცესებთან, სერვისებთან და ცვლილებებთან დაკავშირებით. სასურველია, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის უზრუნველყოფილი იყოს შრომის ანაზღაურების ოდენობის გაზრდა",-აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://docdro.id/ALxDF6D