ამირან გამყრელიძე “პალიტრა მედია ჰოლდინგის” თანამშრომლებს შეხვდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "პალიტრა მედია ჰოლდინგის" თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას PSP დაზღვევის წარმომადგენელი ანა ბარათაშვილიც ესწრებოდა.
ონლაინ რეჟიმში გამართული შეხვედრის მიზანს ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა, ასევე, თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.
ამირან გამყრელიძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი ვაქცინაციაა.
"პანდემიასთან ბრძოლის რამდენიმე მიმართულებაა. ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება, დისტანცია, ხელების დაბანა და სანიტარიზაცია. წელს პრევენციის მთავარი იარაღი ვაქცინაა. იქამდე, ვიდრე მსოფლიოს მოსახლეობის 75% არ აიცრება, პანდემია ვერ დასრულდება", - აღნიშნა შეხვედრაზე ამირან გამყრელიძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა "პალიტრა მედია ჰოლდინგის" თანამშრომლებს ურჩია, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ, რადგან მისივე განმარტებით, ვაქცინაციის სარგებელი რისკებს აჭარბებს. მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია.
"ნუ გეშინიათ, ვაქცინის სარგებელი ბევრად სჭარბობს იმ რისკს, რაც შეიძლება დადგეს აცრის გაკეთების შემდეგ. როდესაც ვაქცინა იქმნება, ის კვლევის ძალიან ბევრ ფაზას გადის, სადაც ხდება დადგენა, რამდენად ტოქსიკურია ის და ხომ არ იწვევს სიმსივნურ პროცესებს ორგანიზმში, რამდენად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და რამდენად ალერგენულია. ამ ყველაფრის პროტოკოლი არსებობს და ყველა ვაქცინა აუცილებლად მოწმდება," - განაცხადა "პალიტრა მედია ჯგუფის" თანამშრომლებთან საუბრისას ამირან გამყრელიძემ.
შეხვედრის მიმდინარეობისას თანამშრომლებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები სპიკერებისთვის და მიეღოთ პროფესიონალების განმარტება ვაქცინაციასა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.