"ძალიან მეწყინა ეს რომ დამაბრალეს. წერილი გავუგზავნე პაპაჩემს: სასწრაფოდ მიშველე. წამიყვანე, თორემ ცუდი ამბავი დამემართება-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ძალიან მეწყინა ეს რომ დამაბრალეს. წერილი გავუგზავნე პაპაჩემს: სასწრაფოდ მიშველე. წამიყვანე, თორემ ცუდი ამბავი დამემართება-მეთქი"

ასმათ ტყაბლაძე დუშეთში დაიბადა და გაიზარდა. ეს ქალაქი მისთვის ყველაზე ძვირფასია თბილისის შემდეგ. ამას წინათ დუშეთის ზევით, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში იყო და როგორც ამბობს: "მთიდან გადმოვხედე არემარეს და... დედა, ეს რა სილამაზეა! ბავშვობაში კი ვერ ვგრძნობდი, როგორ ლამაზ ადგილზე ვცხოვრობდი. მთლიანად დუშეთის მხარე საოცარია თავისი ხევსურეთით, ფშავით, მთიულეთით... ჩემი სახლი დუშეთში ყველაფერს მირჩევნია".

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"წაღვერის პიონერთა ბანაკში ორ ნაკადად იყო ჭამა. პირველ ნაკადში ჩემი და შევიდა, იქიდან გამოვიდა და მითხრა: მთელი დღე მშიერი ხარ, შედი, ჭამეო. ძალიან ცუდი მჭამელი ვიყავი. უეცრად ვიღაც ქალი მომმართავს, - არ გრცხვენია, მეორედ რომ შემოდიხარო?!. - მეუბნება მე, ვისაც სახლში მეხვეწებოდნენ, ოღონდაც რამე ჭამეო. დედა გაწამებული მყავდა. ერთხელ დამაბა, ცხვირზე ხელი მომიჭირა, იქნებ ასე მაინც ჩაყლაპოს საჭმელიო... ძალიან მეწყინა, ორჯერ ჭამა რომ დამაბრალეს. წერილი გავუგზავნე პაპაჩემს: სასწრაფოდ მიშველე. სამი დღეა, ცხვირიდან სისხლი მომდის და ვერ მიჩერებენ. წამიყვანე, თორემ ცუდი ამბავი დამემართება..."

"მე-5 კლასში ამხანაგის დედამ მითხრა, კაბა შემიკერეო. უარი არ მითქვამს, მეგონა, უკვე კარგი მკერავი ვარ (იცინის). სახელო ვერ ჩავაკერე კარგად, ცოტა რთულია სახელოს მორგება (ჩემს ტანზე გამომდიოდა) და იმ ქალმა მისაყვედურა, რაზეც დედამ გასცა პასუხი, - ამ პატარა გოგოს რა შეკვეთას აძლევდიო?!."

"ყველგან წამიყვანა, ვიყავი ჰოლივუდშიც, ვარსკვლავების ხელის ანაბეჭდები ვნახე და ის კიბე, რომელზეც ჩამოდიან. ერთი სიტყვით, შესანიშნავი დრო გავატარე. სამი დღე ლას-ვეგასი მომატარა. კაზინოში შევედი. ჯერ სხვების თამაშს ვაკვირდებოდი, მერე მეც ვითამაშე და 25 დოლარი წავაგე. ვიფიქრე, ცოტა ფული მაქვს და ისიც აქ წავაგო? ჯობს, შვილიშვილს ვუყიდო რამე-მეთქი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი