"მე და ჩემი მეუღლე ფინანსურად ყველაზე მძლავრად ამერიკაში ვიყავით... ზღაპრული ხელფასი ჰქონდა!" - კვირის პალიტრა

"მე და ჩემი მეუღლე ფინანსურად ყველაზე მძლავრად ამერიკაში ვიყავით... ზღაპრული ხელფასი ჰქონდა!"

"ნავთობკომპანიის დირექტორმა მიყიდა დიორის კაბა, შანელის ჩანთა და ფეხსაცმელები"

წლების წინ ქართული მედია ალაპარაკდა "თავადის ასულზე", რომელიც გერმანელ ჰერცოგს გაჰყვა ცოლად... წლებია, ნანა ანდრონიკაშვილი, იგივე პრინცესა ფონ-საქსენ ალტენბურგი, მეუღლე - ჰანს პრინც ფონ საქსენ-ალტენბურგი და მათი შვილი - მარიამ პრინცესა ფონ საქსენ-ალტენბურგი გერმანიაში, ჰანოვერში ცხოვრობენ... გერმანიიდან სამშობლოში ცოტა ხნით ჩამოსული ნანა ანდრონიკაშვილი გულახდილად გვესაუბრა თავის წარსულსა და დღევანდელობაზე...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თბილისის ცენტრში, ვერაზე გავიზარდე... ჩემთვის ძალიან ძვირფასია იქაურობა!.. მამა რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო და ყველა "სიკეთემ" მის თავზე გადაიარა, რაც კი იმ ავადსახსენებელ წლებში ხდებოდა... ოჯახის სიმდიდრე მხოლოდ სულიერება იყო, სხვა სიმდიდრე არ აინტერესებდათ. სახლში ყოველთვის იკრიბებოდნენ მამას მეგობრები, ნათესავები, ახლობლები: დიმა ერისთავი, ზურაბ წერეთელი, ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე... ჩემი ნათლიები იყვნენ - გოგი ცაბაძე, დოდო აბაშიძე... ასეთი ხალხის გარემოცვაში გავიზარდე! ყველა მეუბნებოდა, - ძალიან ლამაზი, ნამდვილი პრინცესა ხარო..."

"ცოტა რომ წამოვიზარდე, მამამ მიამბო ჩვენს წინაპრებზე, როგორ გადაურჩნენ რეპრესიებს და განსაცდელის მიუხედავად, ადამიანებად დარჩნენ. ბაბუას მამა - ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი ცნობილი გენერალი იყო, პროფესიით იურისტი. ისეთი ფოტოც არსებობდა, სადაც მას ნიკოლოზის კარზე სპეციალური სავარძელი ჰქონდა, სადაც "პრინც ანდრონიკოვ" ეწერა..."

"როდესაც პირველი რეპრესიები დაიწყო 1924 წელს, მამა მაშინ მხოლოდ ერთი წლისა იყო. ბებიას გაატანეს გურჯაანში, იქ ბავშვი უფრო უსაფრთხოდ იქნებაო... კახეთში ზუსტად მაშინ დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა თავადების მიმართ, ბავშვებსაც არ ინდობდნენ, გველის წიწილები არიანო... მამაჩემი და მისი ბებია ამხელა სისასტიკის წინაშე მარტო აღმოჩნდნენ. ბებია მეზობელთან გაქცეულა. გლეხის ქალს უთქვამს, სამი პატარა შვილი მყავს აკვანში, მომეცი შენი შვილიშვილი და მათ მივუწვენო... წარმოიდგინეთ, რამხელა გმირობა და ადამიანობა გამოიჩინა... ბებია დაბრუნდა სახლში იმედით, მოხუცს არაფერს დამიშავებენო, მაგრამ თურმე სულ თოფის კონდახები ჩასცხეს თავში, სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა..."

"მე და ჩემი მეუღლე ფინანსურად ყველაზე მძლავრად ამერიკაში ვიყავით. ეს სიმდიდრის და ამ მხრივ, ალბათ ემიგრანტებისთვისაც საოცნებო ქვეყანაა... ჩემი მეუღლე სამსახურში აიყვანეს, როგორც იურისტი, მაგრამ შემდეგ იმდენად მოეწონათ, წარმოიდგინეთ, დალასში ნავთობკომპანიის პრეზიდენტად დანიშნეს. ამაზე უმაღლესი თანამდებობა დალასში არც არსებობს! ზღაპრული ხელფასი ჰქონდა!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე