"რომელმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა შეუჩერეს ფინანსური დახმარება ავღანეთს" - რას წერს "ბიბისი" - კვირის პალიტრა

"რომელმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა შეუჩერეს ფინანსური დახმარება ავღანეთს" - რას წერს "ბიბისი"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით - "რომელმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა შეუჩერეს ფინანსური დახმარება ავღანეთს". მასში ვკითხულობთ:

"ავღანეთის რეკონსტრუქციის პროექტების ამერიკელი სპეცინსპექტორის ინფორმაციით, ქვეყნის ბიუჯეტის 80% 2021 წლის აგვისტომდე საერთაშორისო დახმარებებით ყალიბდებოდა. თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების კვალობაზე ავღანეთი ამ დახმარებას დაკარგავს. მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბული დაიკავეს, ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტეს:

მსოფლიო ბანკმა, რომელმაც ქვეყნის რეკონსტრუქციის პროექტების რეალიზება შეაჩერა;

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელსაც მიმდინარე წლის აგვისტოში ავღანეთის მთავრობისათვის 440 მილიონი დოლარი უნდა მიეცა;

აშშ-ის მთავრობამ, რომელმაც ავღანეთის სავალუტო რეზერვები გაყინა 7 მილიარდი დოლარის ოდენობით.

გარდა ამისა, გერმანიამ ასევე შეაჩერა ავღანეთის დახმარების პროცესი - მიმდინარე წლის ბოლოსათვის ბერლინს ქაბულისათვის 300 მილიონი დოლარი უნდა მიეცა. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს შვედეთმა და ფინეთმა.

თავის მხრივ, ევროკავშირიც შეწყვეტს საბანკო გადარიცხვებს ავღანეთის სასარგებლოდ - ბრიუსელი 2021-2024 წლებში ქვეყანას 1,4 მილიარდი დოლარით უნდა დახმარებოდა.

თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, პირდაპირი ფინანსური დახმარების შეწყვეტის ნაცვლად, მოიმატებს ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა, როგორც მთლიანად ევროკავშირიდან, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან: 19 აგვისტოს დაუნინგსთრითმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ავღანეთს ჰუმანიტარულ დახმარებას 268 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაუზრდის. თუმცა მთავრობას ჯერ არ განუმარტავს, რამდენად მოახდენს ამ დახმარებაზე გავლენას თალიბების საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

აქვე შევნიშნავთ, რომ გასულ წელს საერთაშორისო დონორებმა ავღანეთს 12 მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვეს. რამდენად იქნება რეალიზებული ეს დაპირება თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ