თბილისის 5 რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო - კვირის პალიტრა

თბილისის 5 რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო

თბილისის 5 რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მასშტაბით ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის 5 ე.წ. ინტერვიუს ოთახი გაიხსნა, რომელიც დედაქალაქში მცხოვრებ არასრულწლოვნებს დახმარებას აღმოუჩენს.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ე.წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის სამგორის რაიონის მე-16, გლდანის რაიონის მე-14, ჩუღურეთის რაიონის 119-ე, საბურთალოს რაიონის 73-ე და კრწანისის რაიონის 191-ე ბაგა-ბაღებში გაიხსნა და ინფრასტრუქტურა შესაბამისად მოეწყო.

"ჩვენი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის მიწოდების გაუმჯობესებისთვის, ამ პროცესის უფრო ეფექტიანი მართვისთვის თბილისის მერიაში შეიქმნა სხვადასხვა აიპი, მათ შორის, არის სოციალური მზრუნველობის სააგენტო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე ზრუნვა. სოციალური მზრუნველობის სააგენტომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან პარტნიორობით, ახლახან განახორციელა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი, კერძოდ, დედაქალაქის 5 სხვადასხვა რაიონში მოეწყო ე.წ. ინტერვიუს ოთახები ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის. აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ბავშვთა ინტერესების დაცვისთვის და საჭიროებიდან გამომდინარე მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვის. აღნიშნული ოთახები მოეწყო საბავშვო ბაღების ბაზებზე, ხოლო ინფრასტრუქტურა შეირჩა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინეით. ე.წ ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გაესაუბროს გარე პირებისგან იზოლირებულად, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, გამოიყენოს სპეციალური ინვენტარი - გასართობი და სააზროვნო თამაშები. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც სჭირდება მსგავსი თანადგომა, მხარდაჭერა.

სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე 111-ზე ზარით, ასევე სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე,"- განაცხადა კალაძემ.