"აქამდეც ყოფილან პრემიერები, რომლებიც თავს იწონებდნენ ეკონომიკური ზრდით, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს ციფრები ადამიანების დახმარებაში გადაახურდავა"
"აქამდეც ყოფილან პრემიერები, რომლებიც თავს იწონებდნენ ეკონომიკური ზრდით, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს გამორჩეული ციფრები უშუალოდ ადამიანების დახმარებაში გადაახურდავა. მან თქვა, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს უნდა იგრძნოს ჩვენმა მოსახლეობამ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მერობის კანდიდატად გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა ის დახმარებები გააორმაგა, რომელიც შეჭირვებულ ოჯახებში არასრულწლოვანთა ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.
"ხარვეზები და შეცდომები, რა თქმა უნდა, გვაქვს და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პრობლემების მოგვარება ისევ და ისევ ამ გუნდს ძალუძს. ერთად დგომით, ჩვენი კომპეტენციით, გუნდურობით, გამოცდილებით და შრომისმოყვარეობით ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა პრობლემა გადავლახოთ.
წალენჯიხის მოსახლეობა არის ამ კუთხის ყველაზე დიდი ღირსება და ღირებულება. ბატონი პრემიერი ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი გულშემატკივარია და მოგეხსენებათ, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი არ ვარ, მაგრამ, მგონი, არცერთ მაჟორიტარზე ნაკლები არ ვარ. ორი წინადადებიდან ერთი აუცილებლად წალენჯიხას უკავშირდება", - აღნიშნა ზარქუამ.
როგორც მან განაცხადა, წალენჯიხის ყველაზე პერსპექტიული ეკონომიკური დარგია ტურიზმი.
"სოფლის მეურნეობა და გაზიფიცირებაც კარგია, მაგრამ ტურიზმს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ულამაზეს რაიონს გააჩნია. აქ არის ტობავარჩხილი, სქურის გზა, ჭანისწყალი, აქ არის ენგურჰესი, რომელიც გამორჩეული ნაგებობაა და ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმ დოვლათს, რომლითაც წალენჯიხამ ღირსეული სიტყვა უნდა თქვას როგორც ეკონომიკაში, ისე ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა ზარქუამ.