"დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენცია - აცრა, დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება" - კვირის პალიტრა

"დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენცია - აცრა, დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "დელტა" შტამი განსაკუთრებით ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება.

მისივე თქმით, თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, გაბუნიას თქმით, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის სპეციალიზებული სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის, 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება.

"ორსულებში "დელტა" შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებში, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა. "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს. ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება და პირბადის გამოყენება. ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისთვის 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება. მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად, გასცემენ ორსულებისთვის დამატებით რეკომენდაციებს. ეს არის მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც ბინაზე იმყოფება. იცით, რომ ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, სპეციალიზირებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს კოვიდინფექციის გამო მეთვალყურეობას, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეცილიზირებულ კლინიკაში და იქ მან მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია ადგილზე. ეს კომპონენტიც მალე ამოქმედდება. ახლა ზუსტდება დეტალები. ასევე, მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. საუნივერსიტეტო კლინიკაშიცაა, დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა ბოლო პერიოდში. თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის და ორსულს თუ სჭირდება რაიმე ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. დაახლოებით 120-მდე საწოლია თბილისში მობილიზებული, 50-მდე ქუთაისში. სხვა რეგიონებშიც არის იმის შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს. თუ ეს არის დაბალი ვადის ორსულობაა, მას შეუძლია ჰოსპიტალური მართვა ჩაიტაროს ნებისმიერ კლინიკაში", - განაცხადა გაბუნიამ.