"მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული პირები" - კვირის პალიტრა

"მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული პირები"

პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული პირები, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ისინი კორპუსის აფეთქებას საქართველოში აპირებდნენ. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულების პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ განმარტა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, როგორც პროკურორმა განმარტა, გამოძიება ტარდება ბრალდებულების ბათუმში ყოფნასთან დაკავშირებით.

"არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აქედან გამომდინარე, ყველა ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება სხდომის დახურვის მოტივს, საქმე სპეციფიურობიდან გამომდინარე საკმაოდ მოცულობითია, ბევრი მოწმეა დაკითხული მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და მათი გასაჯაროვება, მათი ვინაობის გასაჯაროვება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ამ ეტაპზე, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ბუნებრივია, შესაძლოა გამოიკვეთონ სხვა, პასუხისგებაში მისაცემი პირები. რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი გირაოს ითხოვდნენ რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული",- განაცხადა ხაჩიძემ.

რაც შეეხება ბრალდებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობას, პროკურორი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

გარდა ამისა, პროკურორმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ დევს აღნიშნულ საქმეში "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

"ეს მტკიცებულებად არ დევს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ინფორმაცია სუს-ს არ გადაუცია ადვოკატისთვის. დაცვის მხარეს მტკიცებულება გამოძიებამ გადასცა", - განაცხადა გიორგი ხაჩიძემ.