"ნაცმოძრაობა" არის აბსოლუტურად გაკოტრებული, დეგრადირებული ძალა, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ოცნებობს - ახლა უკვე ოცნებობს, რადგან რევოლუციის თავიც არ აქვს" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა" არის აბსოლუტურად გაკოტრებული, დეგრადირებული ძალა, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ოცნებობს - ახლა უკვე ოცნებობს, რადგან რევოლუციის თავიც არ აქვს"

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მილიონმა ადამიანმა ნდობის მანდატი დაგვიტოვა ჩვენ, "ქართულ ოცნებას". საპარლამენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ იმართება და ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს კონსტიტუციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ინიციატივას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხულია.

"კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის არჩევანს. როგორც ვთქვით, თვითმმართველობის არჩევნები არის მნიშვნელოვანი. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში აუცილებლად გავიმარჯვებთ, ხოლო შემდეგი 3 წელი იქნება სტაბილურობის, განვითარებისა და წინსვლის პერიოდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ შიდა კვლევას, რომლის თანახმადაც, ეს ოპოზიციური პარტია ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში მმართველ ძალასთან შედარებით უპირატესობას ფლობს.

"როგორ შეიძლება ასეთ აბსურდულ სისულელეზე კომენტარი გააკეთო? "ნაციონალური მოძრაობა" არის აბსოლუტურად გაკოტრებული, დეგრადირებული ძალა, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ოცნებობს - ახლა უკვე ოცნებობს, რადგან რევოლუციის თავიც არ აქვთ. ამის მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ ვნახეთ, რაც მიიღეს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან, რადგან სასტიკად მარცხდებიან ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში - ამის გარანტიას გაძლევთ.

იციან, რომ მარცხდებიან, სწორედ ამიტომ, არჩევნების გადადება მოითხოვეს. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან, რომ კანდიდატებიც ძლივს შეარჩიეს. "ნაციონალურ მოძრაობას" დაახლოებით 17%-დან 20%-მდე მხარდაჭერა აქვს და ეს არ მაინტერესებს, ჩემთვის საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.