"რუსეთი როგორი ოკუპანტიცაა, ახლა მგონი, ესტრადის ოკუპაციაც უნდა, ეს არ ეღირსება!"- როგორ აფასებენ მომღერალს, რომელმაც "ახალ ტალღაზე" საქართველო წარადგინა
"იურმალის" სახელით ცნობილმა კონკურსმა, რომელსაც რეალურად „ახალი ტალღა“ ჰქვია ბოლო რამდენიმე წელია, სოჭში გადაინაცვლა. ამ კონკურსში საქართველოდან კონკურსანტები ყოველთვის მონაწილობდნენ და არც ისე ცუდი შედეგებით. გვახსოვს სოფო ხალვაშის გამოსვლა, „დუეტი ჯორჯიას“, ნუცა ბუზალაძის მონაწილეობა და წარმატებები. ამ კონკურსანტებს, თავის დროზე, ტელევიზიები წარადგენდნენ და ამისთვის წინასწარ შესარჩევი კონკურსები იმართებოდა.
მას მერე რაც „ახალმა ტალღამ“ იურმალიდან სოჭში გადაინაცვლა, იქ საქართველოდან კონკურსანტი აღარ ჩასულა... თუმცა წელს ამ კონკურსზე ჩვენი ქვეყნის სახელით, სოჭში მომღერალი ნათია რევია გამოჩნდა, რომელმაც პოპულარული და ქართველებისთვის საყვარელი სიმღერა „იაგუნდი“ შეასრულა. ესაა სიმღერა, რომლის არაერთი კარგი ვერსია მოგვისმენია, რომ არაფერი ვთქვათ, ნუკრი კაპანაძისა და სოფო ბათილაშვილის ნამღერზე. ნათია რევიას გამოსვლას ქართული მაყურებელი უარყოფითად შეხვდა სხვადასხვა მიზეზის გამო, პირველი და მთავრი კი ისაა, რომ მან საუკეთესო სიმღერა შეცდომებით იმღერა. მოკლედ, მის გამოსვლას ჩვენში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამას ისიც ემატება, რომ მომღერალს საქართველოში არავინ იცნობს, რადგანაც რუსეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს.
კახა მამულაშვილი, პროდიუსერი:
- "ახალი ტალღის" კონკურსის ორგზის გამარჯვებულები ვართ და ეს მაშინ, როცა ის იურმალაში იმართებოდა. მას მერე, რაც კონკურსი სოჭში გადავიდა, ორგანიზატორები ორჯერ დაგვიკავშირდნენ, თვითონ რეჟისორი რევზინი, - ორჯერ ჩამოხვედით და ორჯერვე გაიმარჯვეთ, იქნებ კიდევ ჩამოხვიდეთ და ვინმე ჩამოიყვანოთო. იმის გამო, რომ კონკურსი სოჭში გადავიდა, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია იქ ჩვენი მომღერლის წაყვანა და უარი ვთქვით. წელს აღარ დაურეკავთ და მონაწილეობა აღარც შემოუთავაზებიათ.
- როგორ ფიქრობთ, ვის შეეძლო ეს კონკურსანტი წელს „ახალ ტალღაზე“ წარედგინა?
- ადრე ჩვენი ტელევიზიები წარადგენდნენ, მერე ტელევიზიებმა რადგან უარი თქვეს იმაზე, რომ სოჭში იმართება, ალბათ ორგანიზატორებმა დაუშვეს ის, კონკურსანტები მასში ინდივიდუალურად ჩაერთონ და ნებისმიერმა მიიღოს მონაწილეობა. ეს გოგო როგორ მოხვდა იქ, ნამდვილად არ ვიცი. ერთს ვიტყვი, რომ ქართულად მღერა ურთულესი რამ არის, მომღერალს ბევრი რამ უნდა ჰქონდეს და ბევრი რამ უნდა იცოდეს, ეს ქართული სიმღერა შეასრულოს!
მანანა მორჩილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტების მუსიკალური პროდიუსერი:
- შეიძლება, თავიდან, ადრეულ წლებში ამ კონკურსში საქართველოს მონაწილეობას რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ეგ კონკურსი არც მაინტერესებს. სწორედაც კარგია, რომ აქედან არავინ წავიდა. ამ გოგოს რამდენად ჰქონდა უფლება იქ მონაწილეობის, ამ უფლებას ადამიანს რანაირად აუკრძალავ? ბევრჯერ გამოსულან ასეთები და მასზე უარესადაც უმღერიათ. საერთოდ, ალბათ ქვეყანა უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ სწორი აზრი და პოზიცია ჰქოდეს, მის გარეშე, მისი სახელით არ ჰქონდეს არავის უფლება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. ხომ უნდა იცოდე, ვინ წარმოადგენს შენს სახელს?! ასე ხომ არ შეიძლება, რადგან ქართული გვარი აქვს, ან საქართველოს მოქალაქეა, ყველამ მიიღოს მონაწილება?! კი, ბატონო, მიიღოს ქართული გვარით, მაგრამ რუსეთის სახელითაც, მაგრამ როდესაც საქართველოს სახელს წარადგენს?!
ხომ ვამბობ, ეს კონკურსი იმდენად არ მაინტერესებს, რომ ამიტომ ამ გოგოზე ნერვები დიდად არ ამიშლია. ყველაზე მეტად სიმღერის დამახინჯებაზე გავბრაზდი. ამ სიმღერის ბევრი კარგი ვერსია გვაქს მოსმენილი, ერთი მეორეზე უკეთესი, ნუკრი კაპანაძის და სოფო ბათილაშვილის ნამღერზე რომ არ ვილაპარაკოთ... ჩვენთან, ნებისმიერ კონკურსის კასტინგზეც ათეულში რომ ვერ ხვდებიან, ისინიც კი არ მღერიან ასე ამ სიმღერას. მოკლედ, ამ გოგოს შესრულებაზე კი უნდა გვქონდეს სერიოზული პრეტენზიის გაცხადების უფლება, მაგრამ ახლა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმდენი პრობლემა გვაქს, რომ მაგისთვის სამწუხაროდ, არავის სცალია. არადა, არა ჰარმონია, არა მელოდია... საერთოდ არ ვიცი, ვინ არის, პირველად ვნახე, ადამიანურად ამ კრიტიკისთვის მეცოდება, არც ის მომწონს, ასე ვაფრიალოთ მისი სახელი და გვარი, ადამიანია, მოუნდა, გამოვიდა, იმღერა. აქ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას ჰქონდეს თავისი პოზიცია, რაღაცნაირად გააკონტროლოს ამა თუ იმ კონკურსზე მისი სახელით გამომსვლელები. მერე, როდესაც ცნობილ სიმღერას ხელს ჰკიდებ, ან ავტორთან მოიკითხე ან ის მაინც გააკონტროლე, რომ სიმღერა არ დაამახინჯონ! იხილეთ სრულად