"პოლიციელი ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მე დამნაშავე ვიყავი" - რას წერს შვეიცარიის გაზეთი ქართველი ოჯახის დეპორტაციაზე?
ჟენევის ფრანგულენოვან გაზეთ "ლე კურიერში" (Le Courrier) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "დეპორტაცია ჟენევიდან: "ისე მომექცნენ, თითქოს დამნაშავე ვიყავი" (ავტორი - თადეუშ რუთი), რომელშიც შვეიცარიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების - ვართანაშვილების ოჯახის წევრების ისტორიაა გადმოცემული. როცა მათ თავშესაფრის მიღებაზე უარი განუცხადეს, პოლიციამ ოჯახის წევრთა დეპორტაციის პროცედურა დაიწყო.
"11 აგვისტოს, დილის ექვს საათზე, დაახლოებით, ოცმა პოლიციელმა წმინდა იოანეს რაუინში მდებარე პატარა სახლის კარი შეამტვრია, სადაც ვართანაშვილების ოჯახი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი წინააღმდეგობას არ უწევდა, პოლიციელებმა მათ, ორი ბავშვის წინაშე, ხელბორკილები დაადეს და აეროპორტში წაიყვანეს, საქართველოში დეპორტაციის მიზნით. მოგვიანებით ხუთი თვის ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მისი ქმარი კი თბილისში გაამგზავრეს.
"რატომ გამოიყენა პოლიციამ ძალა, როცა ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას არ ვაპირებდით?", - ამბობს 27 წლის თამარი, რომელიც მესამე შვილზეა ფეხმძიმედ. ახალგაზრდა დედა სამართალდამცველებისგან ასეთ ძალადობას არ ელოდა: "მომეჩვენა, რომ მთელი სახლი დაინგრეოდა... როცა ხელბორკილები გამიკეთეს, პოლიციელი ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მე დამნაშავე ვიყავი".
ავადმყოფობის სიმულაცია?
ჟენევის აეროპორტ "კუანტრანში" ექიმის ჩარევის შემდეგ თამარი ლა ტურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი გინეკოლოგმა გასინჯა და უთხრა, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება: "მესმის, რომ თქვენ სამშობლოში დაბრუნება არ გსურთ, მაგრამ თქვენ არაფერი გჭირთ... სიმულიაცია კი საჭირო არ არის". საბოლოოდ, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი მის ჯანმრთელობას ყურადღებით შეამოწმებს და დაადგენს, რომ ახალგაზრდა ქალი მართლაც ავად არის - მას შარდის ბუშტის დაავადება აქვს.
ბავშვები დედასთან დარჩნენ, მაგრამ თამარის ქმარი ივერი სამშობლოში სპეცრეისით გაამგზავრეს.
ვართანაშვილების ოჯახი ჟენევაში 2016 წლის ნოემბერში ჩამოვიდა, რათა თამარს შარდის ბუშტის დაავადებისათვის ემკურნალა. ცოლ-ქმარმა განაცხადი წარადგინეს თავშესაფრის მისაღებად, მაგრამ ხელისუფლებამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ვართანაშვილებს ვერ უშველა ვერც ფედერალურ ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრებამ და ვერც 500 შვეიცარიელის შუამდგომლობამ, რომლებიც ჰუმანიტარული გარემოებების გამო, ოჯახის ჟენევაში დატოვებას ითხოვდნენ. საბოლოოდ ჟენევის პოლიციამ მოსახლეობის მიგრაციის კანტონური სამმართველოს დადგენილების აღსრულება დაიწყო.
მანამდე კი თამარმა და ივერიმ ფრანგული ენა შეისწავლეს, სამსახურის პოვნის იმედით. "სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო სამსახურის ნებართვას ვერ მივაღწიეთ... ჩვენი ათი წლის ვაჟი ლაშა კი ჟენევას ძალიან შეეჩვია. დღეს იგი ფრანგულად უფრო უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე ქართულად", - ამბობს თამარი.
პოლიტიკური მხარდაჭერა
"პოლიციელების ძალადობრივი მოქმედება შოკისმომგვრელია და სრულიად არაპროპორციული", - ამბობს "მწვანეთა" პარტიის წარმომადგენელი ლიზა მაცონე. მის მიერ შექმნილი სოლიდარობის ჯგუფი ჟენევის საბჭოსაგან ითხოვს, რომ შეწყდეს მოქალაქეთა დეპორტაცია და ვართანაშვილების ოჯახის დევნა. ლიზა მაცონეს თქმით, "ჩვენ ვითხოვთ, რომ თამარს და მის შვილებს თავი დაანებონ ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში...".
ჯანმრთელობის რისკი
"იძულებითმა რეპატრიაციამ ორსულ ქალებს შეიძლება საფრთხე შეუქმნას - არ არის გამორიცხული ნაადრევი მშობიარობა, სისხლდენა და სხვა გართულებები", - ამბობს ლეტიცია ამონ-შანსელი, ჟენევის მეანთა ასოციაციის თანათავმჯდომარე, - სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციებში, რაც ფეხმძიმე ქალების დეპორტაციებს ეხება, მიგრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციები, პრაქტიკულად, მოძველებულია და გადახედვას საჭიროებს".
თამარი სასოწარკვეთილია და პოლიციის ხელახლა ჩარევას არ გამორიცხავს. "იმედი მაქვს, რომ ჟენევაში მშობიარობამდე მაინც დამტოვებენ", - ამბობს იგი.
ჩვენმა გაზეთმა ჟენევის პოლიციას კითხვები გაუგზავნა, მაგრამ, სამწუხაროდ, სამართალდამცველებისგან პასუხი ამ კონკრეტულ საქმეზე ჯერ არ მიგვიღია", - წერს სტატიის ავტორი. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ