"წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება სრულიად შესაძლებელია - გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა"
წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება სრულიად შესაძლებელია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უწყება ცენტრალურ საარჩევნო კომიისიასთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
ეკატერინე ტიკარაძე პარტიებს მოუწოდებს, მეტად გააქტიურდნენ კოვიდ რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებით და მოქალაქეებისადმი მოწოდებაში, რომ მათ ვაქცინა დროულად ჩაიტარონ.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა. ასევე გარკვეული შეხვედრები, რომელიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესის დროს ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება.
რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ცესკო-სთან ერთად აქტიურად ვმუშობთ იმისთვის, რომ უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომელიც არჩევნებს უსაფრთხოს გახდის. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად ინფიცირებულთა რიცხვის კლებას. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ, ყველა მოქალაქემ და პარტიამ გაითვალისწინოს ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ნამდვილად უსაფრთხო იქნება.
წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება სრულიად შესაძლებელია, მოვუწოდებ ყველა პარტიას, დაიცვან ჩვენი მითითებები, გააქტიურდნენ მეტად ზოგადად, კოვიდ რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებით, ასევე გააქტიურდნენ ჩვენი მოქალაქეებისადმი მოწოდებაში, რომ აუცილებელად უნდა ჩავიტაროთ დროულად ვაქცინა, რის ხელმისაწვდომობასაც სახელმწიფო და მთავრობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩავატაროთ გამჭვირვალე და კოვიდ უსაფრთხო არჩევნები",- განაცხადა ტიკარაძემ.