"კარგი მატყუარა ვარ, ძალიან დამაჯერებელი"
გიორგი ჭუმბურიძის "მთავარი პრობლემა", აზარტი და ცხოვრების მოტივაცია
"ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ზოგჯერ ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია. ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს. შურს ისე ოსტატურად იძიებს, გარშემო ვერავინ ვერაფერს ხვდება. ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია. თუ ვინმეს შეიყვარებს, სამუდამოდ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს მსახიობ გიორგი ჭუმბურიძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ჩემი ნიშნის დახასიათებიდან ჩემს ხასიათთან თანხვედრა ნაწილობრივ არის. პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. ერთხელ ერთმა გოგომ მითხრა, შეგიდგენო და შემეშინდა, გავიქეცი (იცინის).
- "კირჩხიბის სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხასიათი ხშირად ეცვლება".
- ასეა, ხასიათი ხშირად მეცვლება. ჩემი ერთ-ერთი პრობლემა ბევრი ფიქრია, ეს რაღაცებში მეხმარება, მაგრამ ხშირად ბევრი ფიქრი კარგი არ არის. ღამე მიყვარს, ღამით გაცილებით ენერგიული და მეტად პროდუქტიული ვარ, ვიდრე - დღის საათებში.
- "ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. ზოგჯერ ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია". - არა მგონია, ბავშვივით დაუცველი ვიყო, ეს მომენტები შეიძლება წარსულში ყოფილიყო, მაგრამ იქვე დავტოვე. რაც ჩემი თავი შევისწავლე, მას შემდეგ სულ ვამბობ, რომ ძლიერი ვარ, თუმცა შთაბეჭდილების მოხდენას არასდროს ვცდილობ. ზოგჯერ სხვა ადამიანსაც "ვთამაშობ".
- რატომ და რა დროს თამაშობ? - როცა ვიღაცას ტყუილის თქმა სჭირდება. ვხვდები, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული ადამიანისთვის საჭირო, სასურველი რისი თქმაა, რა მდგომარეობაა და ვცდილობ, საჭირო გარემო შევუქმნა.
- ხშირად კამათობ? - კამათი არ მიყვარს, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვიცი, რომ აზრი არა აქვს. პოლემიკაში შეიძლება მხოლოდ იმ პიროვნებასთან შევიდე, ვისაც პატივს ვცემ, ვისი აზრიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
- "ის ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია". - მელანქოლიკი არ ვარ, პერიოდულად მაქვს მელანქოლიური ფიქრები, მაგრამ მათ ტყვეობაში არასდროს ვრჩები. მით უმეტეს, ამას ხალხს არასდროს ვაჩვენებ. საქმის კეთება, მუსიკის მოსმენა, ლაპარაკი და კარგი განწყობაც თავისით მეუფლება.
- "მისი წყენინება ადვილია". - მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარე, სულ ერთმა სიტყვამ შეიძლება ჩემზე ძალიან იმოქმედოს, ამ დროს ის სიტყვა ბევრი ადამიანისთვის სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი. ან სხვას რაც ეწყინება, შეიძლება იმას ყურადღება საერთოდ არ მივაქციო. რაც გავიზარდე, უფრო და უფრო რთულად მწყინს, მაგრამ მინდა თუ არა, წყენის დავიწყება ძალიან მიჭირს; შეიძლება ვერც ვერასდროს დავივიწყო, თუმცა ბოღმიანი ადამიანი ნამდვილად არ ვარ.
- "რთულია მისი უგუნებობის გარკვევა". - ასეა, იმიტომ, რომ უგუნებობის მიზეზს ძალიან, ძალიან ახლობელი ადამიანების გარდა, არავის ვეუბნები.
- "კირჩხიბს შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ მის ხასიათში შეღწევა რთულია, საკუთარი გრძნობების გამომზეურება არ უყვარს". - ასეა, მაქსიმალურად ვცდილობ, სხვებს დავეხმარო, ვინმე უგუნებოდ თუ არის, ხასიათზე მოვიყვანო, ჩემზე ლაპარაკი არ მიყვარს.
- "ის ინტუიციით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით". - ინტუიციით უფრო ვმოქმედებ. ჩემი ინტუიცია ერთხელაც არ შემცდარა. ყოველთვის ვხვდები, რა და როგორ გავაკეთო, ვინ რას ფიქრობს ჩემზე. რა თქმა უნდა, ინტუიციას გონებასაც ვახმარ.
- "კეთილი სიტყვით მისი მართვა ადვილია, რაიმეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება". - ჩემთან ტკბილი სიტყვა ჭრის, მაგრამ ვერავინ მმართავს. რამეზე თუ მეჯინები, შანსი არ არის, ის გავაკეთო. მაგრამ კონკრეტულ საქმეზე თუ მეტყვი, ამას ვერ გააკეთებო, შეუძლებელს შევძლებ და მაინც გავაკეთებ, ჩემს თავს რომ დავუმტკიცო - შემიძლია. ეს ერთგვარი აზარტია, მე კი ძალიან აზარტული ვარ. ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც ეს არის. საკუთარი თავის ყველაზე დიდი გულშემატკივარი გახლავართ.
- "თუ ვინმეს შეიყვარებს, სამუდამოდ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს". - მართალია (იცინის), ასეთი მომენტი მქონია.
- როგორი მტერი ხარ? - ჭკვიანი.
- საშიში ყოფილხარ. - ასე გამოდის.
- "შურს ისე ოსტატურად იძიებს, გარშემო ვერავინ ვერაფერს ხვდება". - და ჩაფიქრებულს აუცილებლად ვაღწევ. ზოგჯერ ამას უნებლიეთაც ვაკეთებ - ზოგჯერ არ მინდა, მაგრამ მაინც ვაკეთებ.
- თავად მტრები გყავს? - კი.
- ამ დროს თავდაცვის მექანიზმი როგორია? - თავდასხმა, ისიც - ჭკვიანურად.
- "ხშირად აქვს განცდა, რომ მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის". - ამას მარტოობით ვხსნი. ყველა ადამიანი მარტოა, ბოლომდე მისი არავის ესმის, ჩვენვე ვართ ჩვენი თავის მამოძრავებელი ძალა. უნდა გავაანალიზოთ, რომ მარტო დავიბადეთ და მარტო მოკვდებით, ეს ცოტა მოგვიანებით გავაცნობიერე. ერთი პერიოდი განვიცდიდი იმას, რომ ჩემი ნაკლებად ესმოდათ, მაგრამ დღეს ამას უკვე ყურადღებას არ ვაქცევ.
- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? - მფლანგველი ვარ, ახლა ვმუშაობ ჩემს თავთან, რომ ამ მხრივ შევიცვალო.
- "სჩვევია, მთელი ძალით ჩააფრინდეს იმას, რისი ხელიდან გაშვებაც არ უნდა, საყვარელი ადამიანიდან დაწყებული, კონკრეტული ნივთით დამთავრებული".
- მართალია.
- ასეთი რა ძალა გაქვს?
- არ ვიცი. რაც ჩაფიქრებული მაქვს, აუცილებლად ვისრულებ, ადამიანებთან მიმართებაშიც ასეთი ვარ, თან აკრძალული ხილი მიყვარს, ძალიან მესაკუთრე ვარ. ნივთებს, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, შემიძლია, მთელი ცხოვრება მოვუფრთხილდე. ახლა ჩინეთში (ამ ქვეყანაში სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი) მაქვს ჩემი ნივთები და ძალიან ვნერვიულობ, მეგობრებს ვურეკავ და ვაფრთხილებ, არ გადამიყარონ.
- "ხშირად უსაფუძვლო შიშები აქვს".
- დიახ, ეს ჩემი მთავარი პრობლემაა, ბევრი ფიქრის ბრალია.
- შინაგანი განწყობა სახეზე ყოველთვის გეტყობა?
- არასდროს მეტყობა.
- "მისი სახე სარკეა, რომელზეც მისი განწყობებია ასახული", - ასე ამბობენ ასტროლოგები.
- ეს მხოლოდ ძალიან, ძალიან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობისას.
- "ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს".
- ვეთანხმები, არ ვამჟღავნებ, რადგან ამას კიდევ სხვა მუღამი აქვს.
- "იშვიათად ცრუობს და ისიც, მხოლოდ თავდაცვის მიზნით".
- და მაშინაც, როცა მინდა, სხვა ვასიამოვნო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მატყუარა ვარ, ძალიან დამაჯერებელი, თუმცა იშვიათად ვიტყუები.
- "ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი".
- იმიტომ, რომ ზოგჯერ ემოციებს ვყვები და ბოლომდე ვერ ვაფუჭებ.
- "ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე". - კომპრომისზე წასვლა მიჭირს, მაგრამ თუ ის სვლა ჭკვიანურია, გონივრულია, შემიძლია დათმობაზე წავიდე.
- მიმნდობი და გულუბრყვილო ხარ? - არა. როცა მატყუებენ, ეგრევე ვხვდები. შეიძლება თავი მოგაჩვენო, რომ მოვტყუვდი, ეს სხვა თემაა.
- "უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება". - მიყვარს, რადგან ამით ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ, თავად ასეთი პატარა მომენტებით ტკბობა შემიძლია.
- როგორი შეყვარებული ხარ, რომანტიკული? - რომანტიკულიც და ემოციურიც.
- სიტყვაძუნწობა გჩვევია? - არა. სიტყვას დიდი ძალა აქვს, ზოგჯერ მოქმედებაზე მეტიც. იმ ადამიანთან, ვინც მიყვარს, ბოლომდე გახსნილი ვარ.
- ახლა შეყვარებული ხარ? - არ ვიცი. უკვე 26 წლის ვარ, ადვილად აღარ მიყვარდება. ახლა ბევრ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, ვაკვირდები. ეს წარსულმა ურთიერთობებმა მასწავლა.
თამუნა კვინიკაძე ჟუნრნალი "გზა"