"შემატყობინეს, რომ თავდასხმის განხორციელება უახლოეს 24-36 საათშია მოსალოდნელი" - რას აცხადებს ბაიდენი ქაბულში არსებულ ვითარებაზე?
აშშ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სამხედრო მეთაურებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ქაბულის აეროპორტზე კიდევ ერთი თავდასხმა.
"ადგილზე ვითარება კვლავ უკიდურესად საშიშია და აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია. ჩვენმა მეთაურებმა შემატყობინეს, რომ თავდასხმის განხორციელება უახლოეს 24-36 საათშია მოსალოდნელი. მე მათ მივმართე, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ჩვენი ქალებისა და მამაკაცების ადგილზე დაცვის მიზნით. მათ დამარწმუნეს, რომ ისინი შეძლებენ ამ ზომების განხორციელებას და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოდ გაყვანას“, - განახადა ბაიდენმა.
ამასთან, გუშინ ავღანეთში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე ამერიკის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.
"ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია“, - წერია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ინფორმაციით, 14 აგვისტოდან, საევაკუაციო ოპერაციის დაწყების დღიდან, აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ქაბულის აეროპორტიდან 111 900-მდე ადამიანის გაყვანა შეძლეს.
"ინტერპრესნიუსი"