"სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ის ნიგერიელი კაცი მომწონს... გულიც კი ამიჩუყდა"
"გულიც კი ამიჩუყდა, ქართველების 90%-ს არა აქვს ნაფიქრი ამდენი თბილისზე. უცნაური გვარი კი აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს..."
"მალაკნების ისტორიულ მოედანს და ფიროსმანის ქუჩას: კახა, შენ აქაურებს პროექტი აჩვენე და მერე გადააგდე! ნიკა, შენ გამგებელი იყავი და ხელი არ გაგინძრევია! ჰოდა, საკრებულოში შევდივართ "მოქალაქეები" და რომელიც უნდა გახდეთ მერი, გპირდებით, რომ აქაურობას აღგადგენინებთ!" - ასეთია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთი მიმართვა კალაძისა და მელიასადმი. შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეებმა" თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია უჩვეულო შინაარსის ბანერებით დაიწყეს. ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში რეალური ბრძოლა ორ კანდიდატს, ნიკა მელიასა და კახა კალაძეს შორის გაიმართება, სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს კი შანსი არა აქვთ. რა შანსი და რისი მოლოდინი აქვთ "მოქალაქეებს" და როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა პანდემიურ ვითარებაში, ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი გვესაუბრება
- ნამდვილად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, კატასტროფაში ვცხოვრობთ. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ჯერ ვაქცინის დროულად ჩამოტანას ვერ მოაბეს თავი, მერე, ნაცვლად იმისა, ჯერ ვაქცინა გაგვეკეთებინა და რეგულაციები მოგვეხსნა, პირიქით გააკეთეს, ყველაფერი გახსნეს და მერე დაიწყეს ვაქცინაცია. ამას თან ერთვის ზოგიერთის (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ყოვლად აუხსნელი და გაუგებარი ანტივაქსერული პოზიცია.
შუა საუკუნეებში არ იგონებდნენ ისეთ ზღაპრებს, როგორსაც დღევანდელი ანტივაქსერები გვიყვებიან. შორს არ წავალ, ჩვენი ძალიან აქტიური და უსაყვარლესი თანაპარტიელი ნანა მამულაშვილი ფეხს ძალიან ითრევდა, ძალიან არ სურდა ვაქცინის გაკეთება და ამის შედეგია, რომ წინა კვირას დავკრძალეთ. ბოლო ათი დღე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულმა გაატარა. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ყველას მივმართო: გთხოვთ აიცერით! მოვეშვათ აბსურდულ მსჯელობას, თუ რისგან არის დამზადებული "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და "სინოვაკი". მარცხენა მკლავზე ყველა ჩვენგანს ამოშანთული რომ გვაქვს ბცჟე-ს აცრა, ვიცით, რა შემადგენლობის იყო? საბჭოთა კავშირის დროს დამზადებულ ვაქცინას ვიკეთებდით, რომელიც მკლავზე ხორცს გვიწვავდა, და 21-საუკუნეში უმაღლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინაზე ვამბობთ უარს?
ამ საშინელმა პანდემიამ ყველაფერი, მათ შორის ჩვენი საარჩევნო კამპანია და გეგმებიც შეცვალა. ჩვენი ძლიერი მხარე კარდაკარ სიარული იყო. სხვებისგან განსხვავებით ეს არასდროს გვეზარებოდა, მაგრამ ახლა ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული.
- გამოსავალი კი ნახეთ ორიგინალურ ბანერებში, მაგრამ საინტერესო ის არის, თქვენი მიმართვები მხოლოდ კახა კალაძეს და ნიკა მელიას უკავშირდება, სხვა პარტიების მერობის კანდიდატებს არ აღიარებთ? - სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, დღეს ორი რეალური კანდიდატი გვყავს. ყველას ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას, მაგრამ მეეჭვება სხვა ვინმემ, თუნდაც "ლელოს" კანდიდატმა გაიმარჯვოს.
რაც შეეხება ბანერებს, ჩვენ მიზანმიმართულად გავაკეთეთ ისე, რომ საზოგადოების ყურადღება მიგვექცია. გვსურდა შინაარსით ყურისმომჭრელი ყოფილიყო, ფერით კი თვალისმომჭრელი. ამიტომ არის ჩვენი ბანერები დიდი, წითელი და ბდღვრიალა. გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმას, რაც არ მოგვწონს.
რა არ მოგვწონს? მაგალითად, არ მოგვწონს, რომ ყველა კუთხეში, მოსახვევსა და სადარბაზოში კალაძე გვიღიმის და გვეუბნება, რომ თბილისი მისი მერობის დროს სასწაულ ქალაქად იქცა და მომავალში მთლად იადონების ჭიკჭიკს მოგვასმენინებს. მეორე მხარეს ოპოზიციის ყოვლად გაურკვეველი წინასაარჩევნო კამპანიაა, რაღაც რეფერენდუმებსა და პოლიტიკურ ფესტივალებზე საუბრობენ. ეს ხომ თვითმმართველობის არჩევნებია. კარგი იქნება, თუ ყველა, უპირველესად კალაძე და მელია, მიწაზე დაეშვებიან.
მოუსმინონ ხალხის პრობლემებს და მიხედონ საქმეს. მაგალითად, 2019 წელს უნდა დაწყებულიყო ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია და დამთავრებულიყო 2020 წელს. აბა, გაიარეთ, არის რეაბილიტირებული? მთაწმინდაზე, ვერაზე, ავლაბარში, ხარფუხში შედით ნებისმიერ მობინადრესთან, რომლებიც დაბზარულ სახლებში ცხოვრობენ, და მოუსმინეთ, ჰკითხეთ, არის თუ არა ნამყოფი გამგეობაში, თბილისის განვითარების ფონდში და მაჟორიტართან. გეტყვიან, რომ ყველგან არიან ნამყოფი. რა მიიღეს პასუხად, როდის გაუმაგრებენ სახლს?! არავინ იცის.
შარშან კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის საკუთრება "ლაგუნა ვერეში" წყალი ჩაგვისხა, დღეს იქ 7-მეტრიანი ბალახია ამოსული.
ეს არის კონკრეტული პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე უნდა ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნებზე. რეალურ საქმეებსა და პრობლემებზე გვინდა საუბარი და არა რეფერენდუმებსა და ჭიდაობაზე.
ვერ გავიგე, რატომ ითხოვს ოპოზიცია არჩევნების გადადებას? იმდენად მოსწონთ მერიისა და საკრებულოს მუშაობა, რომ უფლებამოსილების გახანგრძლივება სურთ? მას შემდეგ, რაც საკრებულოდან ხაბეიშვილი წამოვიდა, ისიც არ ვიცით, ფუნქციონირებს თუ არა საერთოდ. გასაგებია, რომ ეპიდსიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ თუ რეგულაციები არ გამკაცრდება, სხვა შეზღუდვები არ დაწესდება და აცრას არ გავიკეთებთ, მხოლოდ არჩევნების გადადებას რა აზრი აქვს, სხვა თავყრილობებზე ვერ დაინფიცირდება ხალხი?
- უკვე არაერთხელ განმარტეთ, რატომ არ წამოაყენეთ თქვენი მერობის კანდიდატი. საინტერესოა, ვის დაუჭერთ მხარს? - ჯერ არც ერთი არ აღმიძრავს მხარდაჭერის სურვილს. ისე, სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ის ნიგერიელი კაცი მომწონს, გვარს რომ ვერ ვიმახსოვრებ. გულიც კი ამიჩუყდა, ქართველების 90%-ს არა აქვს ნაფიქრი ამდენი თბილისზე. უცნაური გვარი კი აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს.
- მახსოვს, ერთხანს ნიკა მელიას მიმართ ძალიან დიდი სიმპათიით იყავით განმსჭვალული. - მას შემდეგ ნიკამ ძალიან ბევრი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მისი პარტია კი ისე მოიქცა, რომ... კიდევ ერთხელ დამარწმუნეს, რომ "ნაცმოძრაობის" საშველი და გამოსწორება არ იქნება. ეს არის უპასუხისმგებლო პარტია, რომელსაც მხოლოდ რევოლუცია სურს და მორჩა.
ძალიან ცუდია, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ არ დაგვიჯერა. არადა, რომ დაეჯერებინათ, თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დავამარცხებდით, ყოველ შემთხვევაში, თბილისში აუცილებლად. ამრევებს დაუჯერეს, ამიტომაც ვართ ახლა დაქსაქსული. თუმცა ეს აღარ არის ჩვენი სადარდებელი. ახლა მთავარია, ჩვენი სათქმელი მაქსიმალურად კარგად მივიტანოთ ამომრჩეველთან და კარგად გავაცნოთ გუნდი, რომელიც პროფესიონალებისგან, თბილისის მოყვარული ხალხისგან შედგება. გვინდა ისინი მაქსიმალურად იყვნენ საკრებულოებში წარმოდგენილი, მე და ლევანი კი პარლამენტიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.
ხათუნა ბახტურიძე