"ოცნება" რომ დაუჯერებელ ციფრებს წერს, 2 ოქტომბერს ყველა ვნახავთ" - კვირის პალიტრა

"ოცნება" რომ დაუჯერებელ ციფრებს წერს, 2 ოქტომბერს ყველა ვნახავთ"

"ვის სჯერა, რომ მმართველი გუნდის ლიდერებს ორპულუსიანობის დასრულება სურთ? "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" სწორედ ორპოლუსიანობით კვებავენ ერთმანეთს. ფარსია მათი განცხადებები. მშვენივრად იციან, რომ სწორედ ორპოლუსიან ვითარებაში აქვთ გამარჯვების შანსი, თორემ სხვა შემთხვევაში ვინ დაუჭერს მაგათ მხარს?!"

"ქართველი ხალხის, ამომრჩევლის "გადაგდებითა" და მოტყუებით ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანეს", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, სანქციები ყველა იმ პირს უნდა დაუწესდეს, ვინც ქვეყანა ურთულეს პანდემიურ მდგომარეობამდე მიიყვანა. "ერთ-ერთი უმწვავესი კრიზისი წინა პრემიერისა და ახლანდელის მიერ პანდემიის უგუნური მართვაა. ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს მოქალაქეებს, აღარაფერს ვამბობ სასამართლო რეფორმაზე. სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა იმ პირს, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააყენა, და არავითარ შემთხვევაში ქვეყანას. ახლაც მიმდინარეობს ჩვენი გენერალური მდივნის შეხვედრები მიუნხენში უამრავ გავლენიან დასავლელ პოლიტიკოსთან. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ - "ქართული ოცნება" დაამთავრებს ოცნებას და ქვეყანა საქმიანი აღმშენებლობის გზას დაადგება", - განაცხადა ხაზარაძემ. რას გულისხმობს ხალხის "გადაგდებასა" და მოტყუებაში, რას ფიქრობს რთულ პანდემიურ ვითარებაზე, რას ელის არჩევნებისგან, "ლელოს" ლიდერი უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- "ქართული ოცნება" ცრუდაპირებებით მოვიდა ხელისუფლებაში. პრაქტიკულად, არც ერთი დაპირება, არც ეკონომიკური, არც სოციალური და არც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არ შესრულებულა. თუ დააკვირდით, ბოლო არჩევნებზე დაპირებებსაც აღარ იძლევიან, მხოლოდ წარსული 9 წლის ამბებს ახსენებენ ხალხს. ჩვენ იმ 9 წელთან ერთად ისიც გვახსოვს, როგორ დაგვპირდნენ პროპორციულ არჩევნებს და შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება ჩააგდეს. ასევე კარგად გვახსოვს, როგორ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას და მერე როგორ გამოგვიცხადეს, შეთანხმებიდან გავდივართო. ჩაგდებული სასამართლო რეფორმაც გვახსოვს. "ოცნება" ტყუილებზე აგებული პარტიაა.

- რას ელით მიუნხენში გამართული შეხვედრისგან? - ეს ვრცელი პროცესია და ემსახურება იმ პირთა სანქცირებას, ვინც ქვეყნის პროგრესს აფერხებენ და საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევენ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. მერწმუნეთ, საფრთხე რეალურია.

- ალბათ, სანქციების დაწესებით საფრთხის წინაშე დადგება ქვეყანაც. - ლაპარაკია კონკრეტული თანამდებობის პირების სანქცირებაზე. მათზე, ვინც ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ. შესაბამისად, მათი სანქცირებით არათუ დაზარალდება ქვეყნის ინტერესები, პირიქით, გამოსავალიც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ყველა ერთად დავზარალდებით - შეიძლება საქართველოსთვის ეკონომიკურ დახმარებად გამოყოფილი 75 მილიონი ევრო ვეღარ მივიღოთ. ევროკავშირმა მკაფიოდ გვითხრა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური დაფინანსება გადაიხედება. რომელი ჯობია, პრევენცია გავაკეთოთ და ქვეყანას ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე ავარიდოთ თუ კონკრეტული თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობასა და მოღალატეობრივ ქმედებებს ქვეყანა გადავაყოლოთ?

- თქვენ ამბობთ, რომ პანდემია არაეფექტურად იმართება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ვითარებიდან გამოსავალი?

- ჩვენ გვავიწყდება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარსულში ნამოქმედარი. შეგახსენებთ პერიოდს, როდესაც გახარიამ ინფიცირების 20 შემთხვევის გამო მთელი ქვეყანა ჩაკეტა. ღარიბაშვილი ადგა და ყველა შეზღუდვა ერთად მოხსნა, მათ შორის პირბადეების ტარების ვალდებულებაც. არათუ ნებართვა გასცეს კონცერტების ჩატარებაზე, არამედ თავადაც დაიწყეს ხალხმრავალი ღონისძიებების დაფინანსება. პირდაპირ გეტყვით, ქვეყნის სახიფათოდ მართვა დაიწყეს.

გახარია სხვის შეცდომებზე რომ ბევრს ლაპარაკობს, სად წაიღო პანდემიის დასაწყისში მოზიდული მილიონები? რატომ არის დღეს ჟანგბადის მიწოდებისა და საწოლფონდის პრობლემები? უკვე დღეში 70 კაცზე მეტი გვეღუპება. ეს ხომ ჩვენისთანა პატარა ერისთვის კატასტროფაა?! გაირკვა, რომ "ქართული ოცნება", როგორც სხვა ყველაფერში, ეპიდემიის მართვაშიც არაკომპეტენტურია. უფრო მეტიც, დამნაშავეა.

- როგორ წარმოგიდგენიათ, უნდა გადაიდოს არჩევნების ჩატარება? - ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, არჩევნების გადადება ახლა "ქართულ ოცნებას" უფრო აძლევს ხელს. ხშირად დავდივარ რეგიონში და არ შემხვედრია ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამ ხელისუფლებას ემადლიერება პანდემიის მართვაში ან სხვა რომელიმე ასპექტში.

- თუმცა კვლევები სხვა რამეს ამბობს. - ჯერ ერთი, ხალხი ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო სიმართლეს არ ამბობს. ან ვინ ენდობა "ქართული ოცნების" შიდაპარტიულ კვლევას? ვინ აქვეყნებს შიდა კვლევებს, თანაც ასე ხშირად?! ყოველივე ეს ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" პანიკაშია და საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობს. შიდა კვლევებს ჩვენც ვატარებთ და კარგი შედეგებიც გვაქვს, მაგრამ საჯაროდ კი არ ვაქვეყნებთ.

"ქართული ოცნება" რომ დაუჯერებელ ციფრებს წერს, 2 ოქტომბერს ყველა ვნახავთ.

- რას უპასუხებდით მმართველი გუნდის მოწოდებას ძალების მობილიზებასა და ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლების თაობაზე? - თავიანთ პარტიას მიხედონ, ჩვენ რას გავაკეთებთ და როგორ, 2 ოქტომბერს არჩევნებზე ვაჩვენებთ. ვის სჯერა, რომ მმართველი გუნდის ლიდერებს ორპულუსიანობის დასრულება სურთ? "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ორპოლუსიანობით კვებავენ ერთმანეთს. ფარსია მათი განცხადებები. მშვენივრად იციან, რომ სწორედ ორპოლუსიან ვითარებაში აქვთ გამარჯვების შანსი, თორემ სხვა შემთხვევაში ვინ დაუჭერს მაგათ მხარს?!

- თქვენი ამომრჩეველი დიდხანს ელოდა "ლელოს" წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას და, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულიც დარჩა მერობის კანდიდატით. ფიქრობთ, რომ ანა ბიბილაშვილი კახა კალაძესა და ნიკა მელიას კონკურენციას გაუწევს? - საზოგადოების მოთხოვნაა პოლიტიკაში პროფესიონალი, სუფთა ხელების მქონე პირების შემოყვანა. ჩვენც ეს დავისახეთ მიზნად. შეიძლება ანა ბიბილაშვილს ბევრი არ იცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მოკლე პერიოდში შეძლებს საზოგადოებისთვის თავისი პროფესიონალიზმის დამტკიცებას. თუ ძველი, 30-წლიანი პოლიტიკური წარსულის მქონე სახეების იქით არ წავედით, შორს ვერ წავალთ. არ მესმის, ასე რატომ უნდა მოვიქცეთ, როდესაც საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უამრავი საშუალო ასაკის ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელთაც ძალიან კარგი პროფესიული გამოცდილება აქვთ. ჩვენ ასევე გვსურს რაც შეიძლება მეტი ქალი ჩავრთოთ პოლიტიკაში. ანას შემდეგ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ეკა ქვლივიძე, სამხედრო მფრინავი, მებრძოლი, სამშობლოს უზომოდ მოყვარული ქალი. აი, ამ ხაზის გაგრძელებას ვაპირებთ. რაც შეეხება კონკურენციას, შიშსა და უიმედობას არ უნდა ავყვეთ. ამ პრინციპით ვერასდროს ვერაფერს შევცვლით. სიმართლე გითხრათ, მე მაქვს ჩვენი გუნდის კანდიდატების იმედი. ვფიქრობ, დებატებში კარგად გამოჩნდება, ვის უყვარს საკუთარი ქალაქი ნამდვილად, ვის აქვს კონკრეტული ხედვა და ვის შეუძლია საქმის კეთება. პოლიტიკაში საქმიანი ხალხის შემოყვანის დროა, ოცნებების დრო აღარ გვაქვს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა "ქართული ოცნების" დამარცხება, ოპოზიციის გამარჯვება და რეფერენდუმის ჩატარებაა.

"ლელომ" ამ საქმეში უდიდესი შრომა ჩადო შარლ მიშელის დოკუმენტის სახით. სამწუხაროა, რომ დღეს ამ დოკუმენტზე ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ისევ არა აქვს ხელი მოწერილი. იმედია, აზრს შეიცვლიან და ხელს მოაწერენ.

- ამ დოკუმენტის ანულირება უკვე მოახდინა "ქართულმა ოცნებამ", თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრებმა ოპოზიციას სხვაგვარი მოლოდინი გაუჩინა. - დიახ. ვინც ამ შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელის ტვიტს და ღარიბაშვილის მიწერილ პასუხსაც ნახავს, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს 19 აპრილს დადებული შეთანხმების შესასრულებლად, მისთვის ყველაფერი ცხადი გახდება.

ხათუნა ბახტურიძე