"გავხდებით თუ არა მესამე პოლიტიკური ცენტრი, ამას ხალხი გადაწყვეტს" - კვირის პალიტრა

"გავხდებით თუ არა მესამე პოლიტიკური ცენტრი, ამას ხალხი გადაწყვეტს"

"ჩვენი ამოცანა ვინმეს ჩანაცვლება კი არა, ხელისუფლების შეცვლაა"

"ძალიან მძიმე ვითარებაა. ბოლო არ უჩანს სიკვდილის ქრონიკას... საომარ მოქმედებებში არ დაგვიკარგავს ამდენი ხალხი. არ შეიძლება ყოველთვის პოლიტიკური ინტერესი იყოს განმსაზღვრელი ამ ხელისუფლებისთვის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს! - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს, - ჩვენ და პარტნიორი პარტიები აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნების 2-3 კვირით გადადება ან ამაზე მსჯელობა ნამდვილად არ არის იმის საპირწონე, რომ ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ, ჯიუტად რაღაც ვამტკიცოთ, კუნთები ბატიბუტივით ვათამაშოთ, ვაჩვენოთ ხალხს, რა მაგრები ვართ და სხვისკენ გავიშვიროთ ხელი".

უფრო ვრცლად ეპიდვითარებაში საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური კლასის წინაშე არსებულ გამოწვევებზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- უკვე რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა რაოდენობა 70-ზე დაბლა აღარ ჩამოდის. უმძიმესი ეპიდვითარებაა და ამ დროს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ხელისუფლების განცხადებები, და მით უმეტეს, მიუღებელია ზოგიერთი სხვა ძალის. ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არის მთავარი მიზანი, ამოსავალი წერტილი ადამიანია, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება იმ უგუნურების გამო, რაც ქვეყანაშია.

- ზოგიერთ სხვა ძალაში ვის გულისხმობთ? - ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც ამბობს, რომ უპირველესი ამოცანა არჩევნებია და არა ადამიანის სიცოცხლე.

წარმოუდგენელია, ამბობენ, რომ არც უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად. მით უმეტეს, წარმოუდგენელია, გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდის არგუმენტად მოყვანა, როდესაც ამავე პერიოდში რამდენიმე ასეული შემთხვევა გვქონდა და გარდაცვალების მაჩვენებელი გაცილებით უკეთესი იყო. ქვეყანა უმძიმეს დღეშია. არჩევნები, პოლიტიკა და ეს ქვეყანაც ხომ ხალხისთვის გვჭირდება?! რა მნიშვნელობა აქვს, არჩევნები ორი კვირით ადრე ჩატარდება თუ გვიან? ეს ან ხელისუფლებისთვის რას ცვლის, ან ოპოზიციისთვის?

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც ამომრჩეველს აქვს გააზრებული სახიფათო რეალობა. ეს მხოლოდ ანტივაქსერების პროპაგანდისა და მათი შეთქმულების თეორიის დამსახურებაა? - ანტივაქსერები ყველა ქვეყანაში არიან, მხოლოდ მათზე აქცენტის გაკეთება არასწორად მიმაჩნია. ჩვენ ახლა კომპლექსური პრობლემის წინაშე ვდგავართ - ვაქცინამ დაიგვიანა და რომ არა ამერიკელი მეგობრები, დღეს კიდევ უარესი მდგომარეობა იქნებოდა. მეორე მხრივ, სანამ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს უშუალოდ არ შეეხება საფრთხე, ჩანს, პრობლემად ვერ აღიქმება. საზოგადოების მეორე ნაწილი ნამდვილად ძალიან არის შეშინებულ-დაზაფრული და მათზე ისევე მძიმედ მოქმედებს ყოველდღიური სიკვდილის ქრონიკა, როგორც ჩვენზე. მე ძალიან მაწუხებს რეგულაციების დაუცველობა. ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება და აქვს ძალაუფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში რეგულაციები დააწესოს და აღსრულებაზეც იზრუნოს.

- თქვენი ჩვილი ძმისშვილი "კოვიდით" იყო ინფიცირებული. ახლა როგორ არის? - ღვთის მადლით უკეთესად, გამოდის მდგომარეობიდან. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ახალი შტამი ბავშვებსა და ორსულებს შეეხო. შემძრა 19 წლის გოგონას ტრაგედიამ. არ შეიძლება ამ პროცესის ასე მიშვება.

- მმართველი გუნდის ლიდერები მოგიწოდებენ მოთქმა-გოდებას შეეშვათ და ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლებაზე იზრუნოთ. - ჩვენი ამოცანა ვინმეს ჩანაცვლება კი არა, ხელისუფლების შეცვლაა. "სტრატეგია აღმაშენებელი" დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა, ამ არჩევნებზე კოალიციაში გამოვალთ. მერე ამ კამპანიის სტარტს ავიღებთ და საზოგადოებას საინტერესო არჩევანს შევთავაზებთ. დანარჩენი ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

- ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თქვენთან კოალიციაში იქნება გრიგოლ ვაშაძე... ფიქრობთ, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად ეს საკმარისია? - ეს არ არის დასრულებული პროცესი, კიდევ შემოემატება ხალხი... მესამე ძალის იდეა რა არის? ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა პლატფორმა იმ ძალიან ბევრი ლიდერისთვის, რომლებიც არ არიან პარტიულები და არც სურთ პოლიტიკაში მოსვლა. უბრალოდ, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაერთიანეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის. გავხდებით თუ არა მესამე პოლიტიკური ცენტრი და თავს მოიყრიან თუ არა ჩვენ გარშემო სხვა ოპოზიციური პარტიები, ამას ხალხი გადაწყვეტს. ვფიქრობ, საამისოდ ეს არჩევნები იქნება კარგი სტარტი და ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. ხელისუფლების შეცვლის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ახლა ჩვენი ამოცანაა მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე და მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის.

- "ქართული ოცნების" კვლევები რა დასკვნის გაკეთების საფუძველს გაძლევთ?

- ყველა პარტია ატარებს შიდაპარტიულ კვლევებს, მაგრამ მათ გამოქვეყნებაში ლოგიკას ვერ ვხედავ. ეს სხვა არაფერია, თუ არა საინფორმაციო მანიპულაცია. ჩვენც ვატარებთ ასეთ კვლევებს, მომავალი კვირის ბოლოს შედეგებიც გვექნება, მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის.

- თქვენი მერობის კანდიდატი თქვენი პარტიის წევრი იქნება, ალიანსში მყოფი ისეთი დამოუკიდებელი სუბიექტი, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა თუ თქვენც "ლელოს" მსგავსად ახალ პირს შემოგვთავაზებთ? - მოდი, დაველოდოთ პრეზენტაციას.

- მაშინ ის მაინც გვითხარით, თქვენი კანდიდატი გაუწევს თუ არა კონკურენციას კახა კალაძეს ან ნიკა მელიას? - ჩვენ ძალიან საინტერესო არჩევანს შემოგთავაზებთ და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, იმავე მორევში დარჩება, თუ სიახლეს აირჩევს და ახალ ადამიანებს ანდობს ქვეყნის განვითარებას.

- თუ სცადეთ თქვენ და "ლელომ" მერობის ერთიანი კანდიდატის წარდგენა? - ჩვენ "ლელოსთან" აქტიურად ვთანამშრომლობთ და ორივე ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები ამ რეჟიმში უნდა წარიმართოს, საპარლამენტო არჩევნებისთვის კი უფრო აქტიურად ვითა ნამშრომლებთ.