"ოპოზიციამ ბევრი ჯოკერი გაუშვა ხელიდან, ხელისუფლებამ კი ბევრი კოზირი ჩაიგდო ხელში"
"ოპოზიცია საკუთარი შეცდომებით არის ნირწამხდარი"
"ოპოზიცია, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის აქტიურიც იყო, პროექტებიც ჰქონდა, გეგმებიც, დღეს სრულიად დაუძლურებულია. არსად ჩანს ის ემოცია და განწყობა, რაც ოპოზიციას ასეთ მნიშვნელოვან პროცესში აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალიან კარგად იყენებს ოპოზიციის შეცდომებს და მანიპულირებს კიდეც", - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ ველს კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური. მისი შეფასებით, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და მმართველ გუნდს დოკუმენტის ანულირების შესაძლებლობა მისცა. ზვიად ძიძიგურის აზრით, "ქართულ ოცნებას" დიდი ხანია 43%-იანი ბარიერის გადალახვის შიში აქვს და ოპოზიციის არაკვალიფიციურობამ პირდაპირ მის წისქვილზე დაასხა წყალი. დღევანდელ პოლიტიკურ ველზე არსებული რეალობის, შესაძლო ცვლილებებისა და მოულოდნელობების შესახებ ზვიად ძიძიგური უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, საინფორმაციო სააგენტოებს თუ გადავხედავთ, ძირითადად, ინფორმაცია პანდემიას უკავშირდება, ერთ ან ორ ნიუსს თუ წააწყდები პოლიტიკაზე.
ეს დემორალიზებული ოპოზიციის სურათს ხატავს. ოპოზიციურ ველზე არსებულ უღიმღამო გარემოში სიტუაციას ოდნავ ცვლის გიორგი გახარია. მისი გუნდი იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც სახელისუფლებო ხმებზე ზის, თუმცა ოპოზიციის პასიურობის შემთხვევაში შესაძლებელია ოპოზიციის ხმებიც გადაქაჩოს თავისკენ.
დღეს ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო" ან სხვა ნებისმიერი პარტია და ცდილობს მთელი რესურსი გახარიას პარტიის წინააღმდეგ მიმართოს. ეს მხოლოდ ერთადერთ რამეზე მეტყველებს - "ოცნება" აღიარებს გახარიას როგორც ძლიერ ოპონენტს და პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალას. რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ძნელი სათქმელია, რადგან შესაძლოა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება მმართველმა გუნდმა სათავისოდ გამოიყენოს. ფსიქოლოგიურად დადასტურებული ფაქტია, რომ ომის, პანდემიის, სტიქიური უბედურების დროს ხალხი ხელისუფლებას უფრო ენდობა და მიჰყვება.
- ფიქრობთ, რომ ეს რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ხელისუფლებას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს? - დიახ, თუმცა ოპოზიცია კონსოლიდირებული და ჩამოყალიბებული რომ ყოფილიყო, "ოცნებას" გაუჭირდებოდა 43%-იანი ბარიერის გადალახვა. "ოცნება" კი ამბობს, რომ მისთვის 43% მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ გარწმუნებთ, თუ ვერ გადალახავს ამ ბარიერს, მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
- ვინ აიძულებს, საერთაშორისო საზოგადოებრიობა? - რა თქმა უნდა. თუ 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ და ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებენ, სამართლებრივ შეფასებას ვერავინ მისცემს, მაგრამ პოლიტიკურად ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან.
იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ თუ "ოცნება" თავის დათქმას არ შეასრულებს, დაუძლურებული ოპოზიციაც კი გამოიღვიძებს და გააქტიურდება. როდის და რა ვითარებაში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდი, როგორი პანდემიური ვითარება იქნება და რა პოზიცია ექნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.
არჩევნებამდე დარჩენილი ერთი თვე ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება უცებ ისეთი რამ მოხდეს, რომ დღევანდელი რეიტინგები თავდაყირა დადგეს. სავსებით შესაძლებელია რეიტინგის სათავეში მყოფი პარტია მაჩანჩალა აღმოჩნდეს.
- ოპოზიციის დემორალიზებას როგორ ახსნით? - საკუთარი შეცდომებით არიან ნირწამხდარი. შეცდომების მთელი კასკადი დაუშვეს. პირველი მაშინ იყო, როცა ჭირვეული ბავშვივით ფეხების ბაკუნი დაიწყეს და 6 თვის განმავლობაში იძახეს, შევალთ-არ შევალთო. მათ უარი თქვეს ბიუჯეტის თუ მთავრობის დამტკიცებასა და სხვა უამრავ საჭირბოროტო საკითხების განხილვაში მონაწილეობაზე... პოლიტიკაში საკუთარ ფუნქციაზე უარის თქმა ისჯება. ხომ ნახეთ, ივლისში რა მოხდა? ხელისუფლებამ გაზი გააძვირა და ამის შესახებ პოსტფაქტუმ აცნობა მოსახლეობას. ხელისუფლება არავის წინაშე არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად. პარლამენტში მჯდარი ერთი პარტია ყველაფერს ისე ჭრიდა და კერავდა, როგორც სურდა. მერე იყო მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები.
მმართველი გუნდი დღეს სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა, ოპოზიცია თავის დროზე რომ შესულიყო პარლამენტში, ან მიშელის დოკუმენტი გამოეყენებინა შესაბამისად.
ოპოზიციამ ძალიან ბევრი ჯოკერი გაუშვა ხელიდან, ხელისუფლებამ კი ბევრი კოზირი ჩაიგდო ხელში, თორემ ახლა კოალიციური მთავრობა უნდა გვყავდეს. ტელეეთერში მკერდში მუშტების ბრაგუნის კამპანია არასდროს ამართლებს. მეტი გონიერება და მიზანდასახულობაა საჭირო.
- თქვენც ხომ არ გაუშვით იმის შანსი, რომ ახლა პოლიტიკაში უფრო აქტიური ყოფილიყავით? - თქვენ იცით, რომ კონსერვატორები სახელისუფლებო პარტია ვიყავით. შესაბამისად, "ნაცმოძრაობა" ჩვენთვის მიუღებელი იყო. სივრცე, სადაც კონსერვატორებს უნდა გვეაქტიურა, ძალიან შეზღუდული იყო. მაშინდელი პოლიტიკური რეალობა დღევანდელი რეალობის განმსაზღვრელი გახდა. თუმცა ასე არ გაგრძელდება, მომავალი საპარლამენტო არჩევნები კარდინალურად განსხვავებული ძალების, პოლიტიკური ერთობებისა და პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული.
- სავარაუდოდ, გადაწყვეტილებაც უნდა გქონდეთ მიღებული.
- ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გიორგი გახარიას პარტიასთან ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ყოველ შემთხვევაში, კონსერვატორების სოლიდური წარმომადგენლობა რეგიონებში და სხვადასხვა რაიონშია გადართული და ეხმარება გახარიას. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე ვსაუბრობთ, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა აიღოს მმართველმა გუნდმა. დაუბალანსებელი ხელისუფლება ყველაზე დიდი უბედურებაა ქვეყნისთვის.
ხათუნა ბახტურიძე