"სახალხო დამცველის განცხადება არის ოპოზიციისთვის გადაგდებული სამაშველო რგოლი" - კვირის პალიტრა

"სახალხო დამცველის განცხადება არის ოპოზიციისთვის გადაგდებული სამაშველო რგოლი"

"გახარიას პარტია არ არის იმხელა და იმ გაქანების პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ასეთი განცხადებების გაკეთების ამბიცია"

"სახალხო დამცველის განცხადება სრულად ემთხვევა ოპოზიციური პარტიების ინტერესს, რომლებიც განწირული არიან მარცხისთვის ამ არჩევნებზე - ეს არის მათთვის ნებსით თუ უნებლიეთ გადაგდებული ერთგვარი სამაშველო რგოლი", - ასე აფასებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის აზრით, მსგავს ეპიდემიურ სიტუაციაში არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე დისკუსია უნდა დაიწყოს. სარჯველაძის განცხადებით, სწორედ ამიტომ აჰყვა მის განცხადებას ოპოზიცია ორკესტრირებულად. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიხეილ სარჯველაძე უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- პრაქტიკულად, სახალხო დამცველის განცხადების უკან დგას მოთხოვნა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. სხვაგვარად არჩევნების გადადება კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია. გამოდის, სახალხო დამცველი ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების, უშუალოდ არჩევნების დღის პროცედურების და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული რისკების ერთმანეთთან დაკავშირება რეალურად შეუძლებელია. რეალურად შესაძლებელია, რომ არჩევნების კენჭისყრის დღეც, წინასაარჩევნო კამპანიაც, სრულფასოვნად ჩატარდეს ისე, რომ თავსებადი იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არსებულ რეგულაციებთან. თუ ეს შესაძლებელია, არგუმენტირებული აღარ გამოდის ის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება არჩევნების სხვა დროს ჩატარებას. ვერ გეტყვით, რით არის მოტივირებული ეს განცხადება, მაგრამ ეს სრულად ემთხვევა იმ ინტერესს, რომელიც აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც განწირული არიან მარცხისთვის ამ არჩევნებზე - ეს არის მათთვის ნებსით თუ უნებლიეთ გადაგდებული სამაშველო რგოლი. ამიტომაც აჰყვა ამას ორკესტრირებულად ოპოზიციის დიდი ნაწილი.

- თქვენ არ ფიქრობთ, რომ უაღრესად რთული ეპიდვითარება საარჩევნო გარემოს და შესაძლოა უშუალოდ არჩევნების ჩატარებასაცA ხელს შეუშლის? - ხელისუფლება და დარგის სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია. ქვეყანას ვეღარ ჩავკეტავთ, ეკონომიკას ვერ გავაჩერებთ. არსებობს რეგულაციები, რომლებიც პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს და არსებობს ყველაზე საუკეთესო გამოსავალი - აცრა, რისი საშუალებაც დღეს ყველას აქვს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, აიცერით!

- სანამ აცრის პროცესი დასრულდება და საზოგადოების დიდი ნაწილი იმუნიტეტს გამოიმუშავებს?

- მანამდე უნდა დაიცვან რეგულაციები, ატარონ ნიღაბი...…

- ოპოზიციაში გაჩნდა კითხვები, თუ რატომ აქვეყნებთ ასე ხშირად შიდაპარტიულ კვლევებს. - თქვენ ხედავთ, რომ კვლევის შედეგების მიხედვით კახა კალაძეს პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი აქვს. გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართველი საზოგადოება ყველა წინა არჩევნების დროს არაერთხელ გამხდარა. ასევე იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც უსათუოდ ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული.

- პოლიტიკური ძალა, რომელიც დარწმუნებულია გამარჯვებაში, რატომ უნდა ცდილობდეს ოპონენტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მიმართავდეს თვალთვალსა და მიყურადებას? - რას გულისხმობთ?

- გახარიას პარტიის წევრების განცხადებებს, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ, ათავისუფლებენ სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით და აშანტაჟებენ. - მათი განცხადებები პარტიის რეიტინგის გაზრდასა და ყურადღების მიქცევაზეა გათვლილი. არა მგონია, ფაქტები, რომელთაც მიუთითებენ, დამაჯერებელი იყოს. ბევრი მიზეზით არ არის დამაჯერებელი.

სხვას რომ თავი დავანებოთ, არ არის ის ისეთი პოლიტიკური ძალა, იმხელა და იმ გაქანების, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ასეთი განცხადებების გაკეთების ამბიცია. ვფიქრობ, ასეთი დემონსტრირებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და მეტად გააქტუალურებას. არც ერთი ფაქტი არ აღმოჩნდა სინამდვილის შესაბამისი. ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელთაც აქვთ მცირე რეიტინგი და შეიძლება ჰქონდეთ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, ბუნებრივია, სჭირდება მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენება საიმისოდ, რომ რეიტინგი გაეზარდოს. არა მგონია, ამაზე ვინმე წამოეგოს და ამ კუთხით რეპუტაციის გაზრდას ხელი შეუწყოს.

ხათუნა ბახტურიძე