ლეგენდა "თალიბანზე" - კვირის პალიტრა

ლეგენდა "თალიბანზე"

ავღანელი ხალხის ორი გულთამპყრობელი - "იღბლიანად" წოდებული "პანჯშერელი ლომი" და "თალიბანის" დამაარსებელი ყანდაარელი მოლა მოჰამედ ომარი

"თუ ფუნდამენტალიზმი გადაწონის ავღანეთში, მაშინ ომი დიდხანს გაგრძელდება (წლების განმავლობაში) და ქვეყანა ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ტერორიზმის ცენტრი გახდება".

მუჰამად ნაჯიბულა, ავღანეთის რესპუბლიკის

უკანასკნელი პრეზიდენტი, 1989 წ.

"ყველა, ვინც წინ აღუდგებოდა კორუფციას და დანაშაულს, მისთვის მხარის დაჭერას ცდილობდა. ჩვენ არ გვქონდა წესდება, ორგანიზაციული სტრუქტურები, სახელწოდებაც კი. სახელი""თალიბანი", მოძრაობა "თალიბანი" და ისლამური მოძრაობა "თალიბანი" - ყველა ხალხმა შეგვარქვა".

"თალიბანი"

"მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ ავღანელს, ყველას, ვინც უარს ამბობს მონობაზე, შემოუერთდნენ ჩვენს ბასტიონს - პანჯშერს, უკანასკნელ თავისუფალ რეგიონს ჩვენს მრავალტანჯულ მიწაზე. იბრძოლეთ ჩვენთან ერთად! მოვუწოდებ საზღვარგარეთ მცხოვრებ ავღანელებს, რომელთა გული ახლა აქ არის - იცოდეთ, აქ, პანჯერში, არიან თქვენი თანამემამულენი, რომლებიც არ დანებდნენ".

აჰმად მასუდი-უმცროსი,

გამოცემა LA REGLE DU JEU, 2021 წ.

რამდენიმე კვირაა მსოფლიო სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს. ამ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, სადაც გაუთავებელი, თითქმის 50-წლიანი ომი მიმდინარეობს, ხალხს სიმშვიდე არ ღირსებია.

"თალიბანის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ავღანელებმა უკვე იციან, რომ ავღანეთზე, როგორც შემდგარ სახელმწიფოზე ოცნებას ასრულება კიდევ დიდხანს არ უწერია.

ახლა ქვეყანაში უფრო ხშირად ორი კაცის სახელი გაისმის. ერთის გამოსახულებიანი ბილბორდები ოდესღაც ავღანეთის დედაქალაქს ამშვენებდა, მეორის კი მხოლოდ სახელი სმენოდათ, მას სახეზე არავინ იცნობდა.

ერთს ავღანეთისთვის ბრძოლაში ერნესტო ჩე გევარას სამხედრო გამოცდილება ეხმარებოდა, მეორეს სიზმრად გამოცხადებული მოციქული;

ერთი ავღანეთში ეროვნულ გმირად შერაცხეს და იღბლიანს უწოდებენ, მეორეზე კი ლეგენდებს თხზავდნენ და მისი არსებობისა ხანდახან არც სჯეროდათ.

ვინ არის ეს ორი? - "პანჯშერის ლომად" წოდებული აჰმად შაჰ მასუდი და ყანდაარელი მოლა მოჰამედ ომარი, "თალიბანის" დამაარსებელი... ისინი ხომ სინამდვილეში ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ ფიქრობდნენ, ავღანეთისთვის ვიბრძვითო. მათი სახელები სიკვდილიდან წლების შემდეგაც, ქვეყნისთვის ამ მძიმე და გადამწყვეტ მომენტში, აფორიაქებს ავღანელების გულებს.

ლომისხეობელი "იღბლიანი"

1953 წლის 1-ლ სექტემბერს ავღანეთის პანჯშერის ხეობაში (ხუთი ლომის ხეობა), ტაჯიკი პოლკოვნიკის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელიც ბავშვობაში არა ომზე, არამედ საინჟინრო მიღწევებზე ოცნებობდა. როდესაც შაჰ მასუდის ოჯახი საცხოვრებლად ქაბულში გადავიდა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ხეობელი ბიჭი გახდებოდა დედაქალაქის უკანასკნელი დამცველი "თალიბანის" ურდოებისგან.

1973 წელს ავღანეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ხელისუფლებაში მუჰამად დაუდი მოვიდა. ქაბულის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი აჰმად შაჰი პაკისტანში გაიქცა და ბაზირებულ ოპოზიციონერ ფარჰანუდდინ რაბანის (ავღანეთის მომავალი პრეზიდენტი) გუნდს შეუერთდა.

1975 წელს შაჰ მასუდი მშობლიურ პანჯშერის ხეობაში შეიჭრა და ამბოხება სცადა. ახალგამომცხვარი საველე მეთაური ფიქრობდა, რომ სწრაფად მოქმედების ეფექტი გამარჯვების გარანტია გახდებოდა, თუმცა ოპერაცია მარცხით დამთავრდა. საინტერესოა, რომ მომავალ გენერალ-მოჯაჰედს სახელი სწორედ პანჯშერის მარცხმა მოუტანა და მეტსახელი მასუდი (იღბლიანი) იმ დროიდან შერჩა. თუმცა, როგორც ამბობენ, აჰმად შაჰი შეცდომებს არ შეუშინდა და პარტიზანული ომის მასწავლებლად მართლაც "საქმის მცოდნენი" შეარჩია.

ჩე გევარა ავღანეთისთვის

აჰმად შაჰ მასუდმა პარტიზანული ომის ტაქტიკის შესაქმნელად ფიდელ კასტროსა და ერნესტო ჩე გევარას გამოცდილება გამოიყენა. როგორც მოგვიანებით მასთან დაახლოებული პირები ამბობდნენ, შაჰ მასუდი დიდხანს და ყურადღებით სწავლობდა "თავისუფლების კუნძულის" გმირების სამხედრო ტაქტიკას. ბედის ირონიით, მსოფლიო რევოლუციონერ ჩე გევარას გამოცდილება აჰმად შაჰის ხელში მძლავრი იარაღი აღმოჩნდა საბჭოთა ჯარებთან საბრძოლველად. მასუდის წინააღმდეგ საბჭოთა ჯარებმა 9 სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს. ერთ-ერთში 2600 ავღანელი და 11000 საბჭოთა ჯარისკაცი მონაწილეობდა. სამხედრო ოპერაციების დროს გამოიყენეს 390 თვითმფრინავი, მათ შორის ბომბდამშენი და სამხედრო შვეულმფრენები, 39 საარტილერიო დანადგარი და ა.შ. საბჭოთა ჯარების გასვლის შემდგომ შაჰ მასუდმა ავღანეთის ჩრდილოეთით სახელმწიფო დააარსა (2,5 მილიონი ტაჯიკი მოსახლეობა), რომელსაც საკუთარი მთავრობა, ეროვნული ვალუტა და 60000 შეიარაღებული მებრძოლი ჰყავდა. მან გენერალ რაშიდ დუსთუმთან ერთად ქაბულიც აიღო და ამით ბოლო მოუღო მოჰამად ნაჯიბულას რეჟიმს - რესპუბლიკა ავღანეთის უკანასკნელი პრეზიდენტი ამწეზე საჯაროდ ჩამოახრჩვეს. შაჰ მასუდი ავღანეთის თავდაცვის მინისტრი გახდა. როგორც ამბობენ, განათლებული და თავდაჭერილი კაცი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა არა მარტო მოყვარეებზე, მას მტრებიც აფასებდნენ. ასე რომ, ავღანეთში "პანჯშერელი ლომი" ერთგვარად მისაბაძიც გახდა.

აი, მოსახლეობის ლეგენდა კი, რომელსაც შაჰ მასუდი უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, ქაბულის მისადგომებთან უნდა შეხვედროდა, სულ სხვაგან - ყანდაარში, ერთ უღარიბეს ოჯახში დაიბადა...

ლეგენდა მასწავლებელზე

დანამდვილებით არავინ იცის, როდის დაიბადა "თალიბანის" დამაარსებელი. მასზე იმდენი ლეგენდა დადის, რომ ხშირად მისი არსებობა დაუჯერებლად მიაჩნდათ ავღანეთში და არა მარტო იქ. "თალიბანის" ცნობით, მათი ლიდერი, მოლა მოჰამედ ომარი, 1960 წელს ყანდაარში სოფელ ჩაჰი-ჰიმათში დაიბადა. მეორე ვერსიით, სანგისერში, პუშტუნების (ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი ავღანეთში) გაერთიანება გილზაის ტომში. მამის სიკვდილის შემდეგ მას ბიძა, მედრესეს მასწავლებელი ზრდიდა.

ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდგომ ომარი ომში წავიდა, ოთხჯერ დაიჭრა და ერთხელ, როცა მის ახლოს ჭურვი აფეთქდა, თვალიც დაკარგა. ლეგენდის თანახმად, ომარმა ბრძოლის ველზე თავად გაიკეთა ოპერაცია - თვალიდან ჭურვის ნამსხვრევი ამოიღო (მეორე ვერსიით, ოპერაცია პაკისტანში გაუკეთეს). არავინ იცის, როდის მოჰბეზრდა ომი ახალგაზრდა ომარს და როდის აირჩია რელიგიური ცხოვრება, თუმცა სასულიერო განათლება რამდენიმე ქვეყანაში მიიღო, ხოლო ყატარში სწავლისას უსამა ბინ ლადენს შეხვდა. ბოლოს ქვეყანაში დაბრუნდა და ყანდაარში თავისივე სოფლის მოლა გახდა...

"სიზმრად ვნახე"

ამასობაში ავღანეთი ქაოსში ჩაიძირა - მოჯაჰედებს, რომლებიც დაუსჯელად დათარეშობდნენ, ქვეყანა სათავადოებად ჰქონდათ დაყოფილი და მოსახლეობას უმოწყალოდ ძარცვავდნენ. ხალხი შიმშილით სულს ღაფავდა. 1994 წლის ერთ საღამოს ყანდაარელ მოლას სიზმარში მოციქული გამოეცხადა: "შენს დაუხმარებლად არაფერი გამოვა. შენი ვალია დაამთავრო ქვეყანაში ქაოსი, ამაში ალაჰი დაგეხმარება". მეორე დღეს, როცა მოლა ომარმა გაიღვიძა, ის აღარ იყო მხოლოდ სოფლის მასწავლებელი - 34 წლის ასაკში მას ავღანეთი უნდა გადაერჩინა. ჯერ 30-მდე მოწაფე შემოიკრიბა, შემდეგ დევნილები ლტოლვილთა ბანაკებიდან. ყანდაარში მოლამ ომი გამოუცხადა კორუფციას, კრიმინალს. განსაკუთრებით სძულდა ბავშვთა პროსტიტუცია (ბაჩა-ბაზი), როდესაც მოჯაჰედები ქალის ტანსაცმელში გამოწყობილ ბიჭებს სექსუალური მომსახურებისთვის ყიდდნენ.

სტუდენტები მოდიან

ლეგენდის თანახმად, ერთხელ მოლა ომარმა, რომელიც მედრესეში მოწაფეებთან საუბრობდა, შეიტყო, რომ სოფლის გოგონები მოჯაჰედებს გაეტაცებინათ. როცა წარმოიდგინა, რა ბედი ელოდათ საცოდავ ბავშვებს, მოწაფეებთან ერთად გაემართა მოჯაჰედების ყაზარმებისკენ და გოგონები უვნებლად დააბრუნა ოჯახებში. მადლიერი ხალხი მისალმების ნიშნად გაჰყვიროდა: "თალიბ-თალიბ", რაც მოწაფეს, სტუდენტს ნიშნავს. ასე შეარქვა ხალხმა მოწაფეების მოძრაობას სახელი, რომელსაც თეთრი დროშის გარდა, არაფერი ებადა.

თავიდან "თალიბანს" ტრანსპორტითა და საკვებით ვინმე ჰაჯი ბასრ ნურზი ეხმარებოდა, რომელიც მოგვიანებით ავღანეთში უმსხვილესი ნარკობარონი გახდა (ავღანელი "ესკობარი" ერთადერთია, ვინც აშშ-ის ციხეში სამუდამო პატიმრობას იხდის). 1994 წლის 12 ოქტომბერს "თალიბანს" უკვე 200 მეომარი ჰყავდა, ხოლო ლეგენდები ჩაგრული მოსახლეობის დამცველ მოლაზე ავღანეთში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა.

მარშით ქაბულისკენ

1994 წლის 2 ნოემბერს ყანდაარში მოჯაჰედებმა გზაზე დატვირთული მანქანების ქარავანი გააჩერეს და ფული და თალიბებისთვის დახმარების შეწყვეტა მოსთხოვეს. მოლა ომარმა, რომელიც გზებზე ნებისმიერ გადასახადს კრძალავდა, ქარავანი გაათავისუფლა და ლეგენდის თანახმად, სწორედ ეს შემთხვევა იქცა "თალიბანის" დიდი მარშის დაწყების სათავედ. 5 ნოემბერს "თალიბანის" დროშა მთელ ყანდაარში ფრიალებდა და მოგვიანებით მოლა ომარმა გარეტიც დაიკავა. 1995 წლის თებერვალში, როდესაც "თალიბანი" ქაბულს მიადგა, მას უკვე 10000 კარგად შეიარაღებული მებრძოლი, 100 ტანკი და ჯავშანმანქანები ჰყავდა... აჰმად შაჰ მასუდთან მოლა ომარს 35 კილომეტრი აშორებდა... "თალიბანისგან" ქალაქის დაცვას აჰმად შაჰ მასუდი ხელმძღვანელობდა. პანჯშერის ლომმა 11 მარტს მოახერხა ქაბულთან "თალიბანის" შეჩერება და მტერს უკან დაახევინა იმ მანძილამდე, რომ ქალაქს სარაკეტო იერიში არ მისწვდენოდა. დამარცხებული მოლა ომარი უკან გაბრუნდა, რომ ისევ დაბრუნებულიყო...

მართლმორწმუნეთა წინამძღოლი

1996 წლის 4 აპრილს მოლა მოჰამედ ომარმა ამირ მუმინინის სტატუსი მიიღო, რაც მართლმორწმუნეთა წინამძღოლს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, მან ავღანეთის დამაარსებელ შაჰ დურინის სკივრში ჩაკეტილი მოციქულის მოსასხამი (მოლა ომარამდე 250 წელი სკივრი არ გახსნილა) მოიპოვა და მხრებზე მოისხა. ამ ფაქტს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს მუსლიმანურ სამყაროში - ვინც მოციქულის მოსასხამს მოისხამს, ის მართლმორწმუნეთა წინამძღოლი ხდება.

იმ დღეს მრავალრიცხოვან შეძახილებში უსამა ბინ ლადენის ხმაც ისმოდა.

"თალიბანმა" ჯიჰადი გამოუცხადა ქაბულს და რევანშის აღება სარაკეტო იერიშებით დაიწყო. აჰმად შაჰ მასუდი მიხვდა, რომ ქალაქს ვეღარ დაიცავდა. მოგვიანებით ამბობდა, რომ ის მეტისმეტმა სიფრთხილემ და გარემოცვის ინტრიგებმა დაღუპა. იმ დროს შაჰ მასუდს სამთავრობო ძალების 25000 მეომარი ჰყავდა, მოლა ომარს - 10000.

25 აგვისტოს პაკისტანმა საზღვარი გახსნა და "თალიბანის" მებრძოლებს საშუალება მისცა, ქაბულთან მდგომ "ძმებს" დახმარებოდნენ. 26 სექტემბერს "პანჯშერის ლომმა" დედაქალაქის დატოვების ბრძანება გასცა და მოგვიანებით ყველასგან მიტოვებულმა ჩრდილოეთს მიაშურა ძალის მოსაკრებად.

ავღანეთის ხელისუფლებაში "თალიბანი" მოვიდა, მოლა ომარი კი მას შემდეგ დედაქალაქში აღარ გამოჩენილა. არავინ იცოდა, სად იყო, თუმცა მისი სახელით ვრცელდებოდა წერილები, გადაწყვეტილებები. ავღანელი ხალხის ორივე გულთამპყრობელი თითქოს ცამ ჩაყლაპა.

დასასრულის დასაწყისი

აჰმად შაჰ მასუდი 1996 წლის ბოლოს გამოჩნდა და როგორც აღმოჩნდა, დანებებას არ აპირებდა. სათავეში ჩაუდგა სამხედრო გაერთიანება "ჩრდილოეთის ალიანსს", რომელიც "თალიბანს" მოსვენებას არ აძლევდა. იმხანად ყველა ფიქრობდა, რომ ის გაერთიანებული ავღანეთის პერსპექტიული ლიდერი იქნებოდა, თუმცა პუშტუნი არ იყო და პუშტუნები ამას არ მოითმენდნენ...

2001 წლის 9 სექტემბერს შაჰ მასუდი ჟურნალისტებს ინტერვიუს მისაცემად შეხვდა, ისინი კი თვითმკვლელი ტერორისტები ყოფილან, ვიდეოკამერაში ჩამონტაჟებული ბომბით... "პანჯშერის ლომის" სიცოცხლე 10 სექტემბერს შეწყდა და მეორე დღეს მსოფლიო 11 სექტემბრის ტერაქტების მოწმე გახდა. ერთი ვერსიით, აჰმად შაჰ მასუდის მკვლელად სწორედ "ალ-ქაიდა" მოიაზრება.

"დღეს სტუმარია ის ჩემი"

2001 წლის შემდეგ "თალიბანის" ლიდერს უსამა ბინ ლადენის გადაცემას სთხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბრის გამო მათ ძველებური ურთიერთობა აღარ ჰქონდათ, მოლა ომარი თავს იკავებდა - უსამა ბინ ლადენი ჩვენი სტუმარია და პუშტუნებს სტუმრის მტრისთვის გადაცემა არ გვჩვევიაო. ამასობაში მუდმივად ჩნდებოდა კითხვა, თუ როგორ მოახერხა ერთმა გაუნათლებელმა მოლამ გამხდარიყო ავღანეთის მმართველი?

"არავის უნახავს, რამე ჩაეწეროს. ეს იმით აიხსნება, რომ წერა არ იცის. მას არა აქვს შესაბამისი რელიგიური განათლება, არ ესმის არაბული ენა. ამიტომაც ისლამური ტექსტები მისთვის მიუწვდომელია. მისი საუბრები მხოლოდ იმაზეა გათვლილი, რომ უბრალო ავღანელების გული მოიგოს", - წერდა "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩალმიან აჩრდილზე კი კვლავ იქმნებოდა ლეგენდები. მისი გარდაცვალება 2015 წელს დაადასტურა "თალიბანმა" - ლეგენდარული მოლა ომარი პაკისტანის საავადმყოფოში ტუბერკულოზით გარდაცვლილა. თუმცა ავღანეთი არ აღმოჩნდა მზად "თალიბანის" ლიდერის ასეთი სიკვდილის დასაჯერებლად და ხმა გავრცელდა, თანამოაზრეებმა მოწამლეს საავადმყოფოშიო.

და აი, წლების შემდგომ, პანჯშერის ხეობაში კვლავ გამოჩნდა "ლომის ბოკვერი" - აჰმად მასუდი-უმცროსი და კვლავ გაისმა მოწოდება: "ვიბრძოლოთ ავღანეთისთვის!"