"დღეს ქართულ პოლიტიკაში სახეზე გვყავს მედროვეები და ტაკიმასხარები" - კვირის პალიტრა

"დღეს ქართულ პოლიტიკაში სახეზე გვყავს მედროვეები და ტაკიმასხარები"

"იმ წლებში ეროვნული მოძრაობის სათავეში აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც ზუსტად გამოხატავდნენ ქართველი ხალხის სულისკვეთებას. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ იდეა დიადია, მაგრამ ლიდერი თავისი თვისებებით მას არ შეესაბამება, მაშინდელი ლიდერები კი ძალიან კარგად პასუხობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას..."

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი წერეთლის აზრით, დღევანდელ, უგვან პოლიტიკანთა მიერ დაკნინებულ საქართველოს ჰაერივით სჭირდება ეროვნული სიდიადის აღდგენა და პოლიტიკაში ღირსეულ ადამიანთა გაძლიერება. რატომ არ ენდობა ქართველ პოლიტიკოსებს ხალხი? განვითარდება თუ არა საქართველოში რევოლუციური სცენარი არჩევნების შემდეგ? აქვთ თუ არა დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს იდეოლოგია და რამ გამოიწვია პატრიოტული სულისკვეთებისა და ეროვნული ღირებულებების დაკნინება? - ამ და სხვა საკითხებზე ბატონი ირაკლი გვესაუბრება.

- სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა, ქვეყნის კეთილსინდისიერად სამსახური, პატრიოტიზმი ვიღაცისთვის სასაცილო და არაფრის მთქმელია, ვიღაცისთვის - სატირალი და დასაფიქრებელი. 1987-1991 წლები საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდი. მაშინ ერისა და ქვეყნის წინაშე იდგა მნიშვნელოვანი ამოცანა - საქართველოს დამოუკიდებლობა და სწორედ ამ მიზნის სიდიადემ განაპირობა ხალხის პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რასაც საზოგადოების უდიდესი შემართება და საბრძოლო განწყობა სჭირდებოდა. საქართველო იყო ოკუპირებული, ანექსირებული ვერაგი იმპერიის მიერ, ამხელა იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას კი, ბუნებრივია, გათითოკაცებული ვერ შევძლებდით. ყველა დროში საზოგადოებას ჰყავს თავისი ლიდერები და იმ წლებშიც ეროვნული მოძრაობის სათავეში აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც ზუსტად გამოხატავდნენ ქართველი ხალხის სულისკვეთებას. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ იდეა დიადია, მაგრამ ლიდერი თავისი თვისებებით მას არ შეესაბამება, მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები კი ძალიან კარგად პასუხობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას.

- ხშირად აღნიშნავენ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ იდეოლოგია... - ახლანდელი პარტიების იდეოლოგიაა, მაგალითად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამარცხოს "ქართული ოცნება" ან ამ უკანასკნელმა შეინარჩუნოს ხელისუფლება. ეს აქტუალურია მხოლოდ მათთვის, ვინც უშუალოდ ამ ბრძოლაშია ჩაბმული. დანარჩენი საზოგადოება ნაკლებად განიცდის მიმდინარე პროცესებს და არ ადარდებს, "ნაცმოძრაობის" მოსვლა ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ უარესი, ან "ოცნების" დამარცხებით დაიღუპება ქვეყანა თუ არა. ამ ბოლო კვირების განმავლობაში მოვიარე იმერეთი, სვანეთი, სამეგრელო და ვერსად დავინახე, რომ ხალხს დიდი მოლოდინი და იმედი ჰქონდეს არჩევნებისა, რადგან პოლიტიკოსები არ იწვევენ მათ ნდობას. ვერც ერთი ოპოზიციური პარტია საზოგადოებაზე დამაჯერებელ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, არავის სჯერა, რომ მათი მოსვლა საქართველოს გააძლიერებს და მდგომარეობას გააუმჯობესებს. რომ ვაკვირდები, ხალხს ისევ ახლანდელი მოცემულობა ურჩევნია. ამ ყველაფერს დაემთხვა პანდემია, არასახარბიელო სოციალური მდგომარეობა, საზოგადოება გათითოკაცდა, ყველას თავისი საზრუნავი აქვს. დამოუკიდებლობის შემდეგ ისედაც ბევრი ტრაგედიის გადატანა მოგვიხდა - იყო აფხაზეთი, ოსეთი, გაუსაძლისი სოციალური გარემო, შინაომები... ამ ყველაფერმა ხალხზე იმოქმედა, 90-იან წლებში კი საზოგადოება ყველა პრობლემას ივიწყებდა და მაინც მოდიოდა მიტინგებზე, რადგან მაშინ სწამდათ იდეის, რომლისთვისაც იბრძოდნენ.

დღევანდელი პოლიტიკოსების უმეტესობა აბსოლუტურად უბიოგრაფიო ხალხია. აბა, დამისახელეთ ერთი ადამიანი ოპოზიციაში, ვისაც სახელოვანი და სუფთა წარსული აქვს? ოპოზიცია ისეთი უსუსურია, რომ კვლავ "ნაცმოძრაობა" ითვლება ყველაზე ძლიერ პარტიად, სააკაშვილი კი ოპოზიციის ლიდერად.

დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ დიდი ამბიციები და პრეტენზიები, არჩევნებში კი 1-2%-საც ვერ იღებენ. 2012 წლის შემდეგ ყოველთვის მარცხდებიან და წივილ-კივილით იკლებენ ქვეყანას, არჩევნებს აყალბებენო. ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავთ, არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ მხარს არავინ უჭერთ და საზოგადოებას მათი რა იმედი უნდა ჰქონდეს? არსებობს ხალხი, ვინც ელოდება მესამე ძალის გამოჩენას.

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური პროცესები ვითარდება, საქართველო დამოუკიდებლობას არამცთუ შეინარჩუნებს, დემოკრატიის ხარისხი უფრო გაიზრდება, მეტად დავუახლოვდებით დასავლეთს და რუსეთი ვეღარ დაგვიპყრობს.

ზღაპარია, რომ თუ "ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, რუსები დაბრუნდებიან. 9 წელია, რაც ეს პარტია ხელისუფლებაშია და ყოველ წელს იმატებს ამერიკისა და ევროპის დაინტერესება და წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში.

- ოპოზიცია, განსაკუთრებით მიშელის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, აცხადებს, რომ ამერიკასა და დასავლეთს უფრო და უფრო ვშორდებით... - შეიძლება ხელისუფლების კონკრეტულმა ნაბიჯებმა გარკვეულ ეტაპზე დასავლელი პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ შევხედოთ სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენებს! დღეს კონსტიტუციით არის დადასტურებული, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროატლანტიკურ სივრცეს, რაც დღევანდელი ხელისუფლების ხელში მოხდა და არა სააკაშვილის დროს...

როგორ, მხოლოდ შარლ მიშელზეა დამოკიდებული ჩვენი ბედი? შარლ მიშელი ერთი საშუალო ნიჭის, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც, დასავლური სტანდარტებიდან გამომდინარე, თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი არ გახდა, ხვალ აუცილებლად წავა პოლიტიკიდან. ასეთ მაღალ თანამდებობებზე ერთსა და იმავე პიროვნებას დიდხანს არ ტოვებენ, ასე რომ, მიშელი დღეს არის, ხვალ არ იქნება, ამერიკა, დასავლეთი და საქართველო კი კიდევ დიდხანს იარსებებს.

რა თქმა უნდა, მიშელის დოკუმენტი რომ შესრულებულიყო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ გულწრფელები ვიყოთ, ამისთვის არც ხელისუფლებას მოუკლავს თავი და არც ოპოზიციას.

არჩევნები თუ ჩატარდება დემოკრატიულად და ჩაითვლება ლეგიტიმურად, რევოლუციური სცენარი არ განვითარდება. ისიც მაინტერესებს, რამდენი ამომრჩეველი მივა - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველსა და მეორე ადგილებს ალბათ, კვლავ "ოცნება" და "ნაციონალები" დაინაწილებენ. ვერც ერთი სხვა ძალა მნიშვნელოვან შედეგს ვერ აჩვენებს. თბილისში კახა კალაძეს მეტოქე არ ჰყავს, ასეთია კვლევების შედეგი...

- IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი მხარდამჭერი "ოცნებას" ჰყავს, თუმცა, წინა შედეგებთან შედარებით, ეს რიცხვი 9%-ით შემცირებულია. სანდოა მსგავსი კვლევები? - მე ისიც მიკვირს, რატომ აქვს ასეთი რეიტინგი "ოცნებას". ეს პირველობა, ალბათ, ისევ და ისევ ოპოზიციის სისუსტით არის განპირობებული. ოპოზიცია არ არის ხალხისთვის მისაღები ეროვნული ძალა. დღემდე სახელისუფლებო პოლიტიკაში არის ოთხი გამარჯვებული ლიდერი: გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი, მაგრამ რეიტინგით, პოპულარობითა და ავტორიტეტით არც ერთი არ არის იმ მასშტაბის, როგორიც ზვიად გამსახურდია იყო. პოლიტიკურ ველზე კი არა და არ ჩანს ახალი ძალა და ლიდერი. ხომ გსმენიათ, "შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ლხინსაო", ასეა ჩვენი საქმე.

- გიგი უგულავამ განაცხადა, "ოცნების" გეგმა გასაგებია - არჩევნებს გააყალბებენ და მერე ჩაგვკეტავენ, სასაკლაოს გვიწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენო. ალბათ, მაინც რევოლუციურ სცენარს უნდა ველოდოთ? - "ოცნება" რომელი სისხლიანი ხელისუფლებაა, რომ დიქტატურა და ტირანია დაამყაროს? არც არავის ეშინია მათი, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი შიში დიდი იყო. უგულავა არის უნამუსო კაცი. ყველამ იცის, რომ "ოცნებას" და თუნდაც კახა კალაძეს ისე არ უჭირთ, გაყალბება დასჭირდეთ. თუ მმართველი პარტია მაინც გაბედავს გაყალბებას, ეს იქნება ჰარაკირი. გამორიცხულია! ან რანაირად უნდა გააყალბონ, როცა ამერიკის საელჩოთი დაწყებული, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია პოლიციელივით უკან დასდევს ხელისუფლებას, ოპოზიციას კი ყველა ოლქსა და უბანში დამკვირვებლები ეყოლება?! ოპოზიციის ლიდერები ამაზე წინასწარ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ თავი დაიზღვიონ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველი ხალხი გადაწყვეტს.

- ყველაზე მტკივნეული რა არის თქვენთვის, როგორც ერთი ქართველისთვის? - მტრის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და ქართველი ერის მცირერიცხოვნობა. ნაციონალისტი ვარ და მინდა ისეთი საქართველო, სადაც ქართველები უმეტესობა ვიქნებით. რა თქმა უნდა, სხვა ეროვნების ხალხთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ კარგია, რომ მოსახლეობის 82% მაინც ქართველია. ამიტომ არის თითოეული ახალგაზრდის დაკარგვა განსაკუთრებულად ემოციური. ახლახან წინანდლის ტყეში მომხდარ ამბავს სამი ადამიანი ემსხვერპლა, არადა, ისედაც ამდენი ტრაგედია ხდება კოვიდპანდემიის გამო... მთელი ახმეტა აქებს ზურაბ ზვიადაურის ძმას. მე ზურასაც არ ვიცნობ, მაგრამ მხარს ვუჭერ მის გათავისუფლებას. ალბათ, ფაქტის წინაშე დადგა და თავდაცვის მიზნით გაისროლა.

- ამიტომ ამბობდით წლების წინ, დანგრეული ოჯახების შესამცირებლად სახელმწიფომ დიდი თანხით უნდა დააჯარიმოს ის, ვის გამოც ოჯახი ინგრევაო? - ამ აზრს ახლაც მივესალმები. ძალიან მომწონს პატრიარქის ინიციატივაც მესამე შვილის მონათვლასთან დაკავშირებით. ოჯახების დანგრევა ხელს უშლის ერის გამრავლებას.

- პროფესიით ფილოლოგი ბრძანდებით, პოლიტიკას კარგა ხანია ჩამოშორდით, ამჟამად რას საქმიანობთ? - ვარ ბევრი ლექსისა და წიგნის, დაახლოებით 35 გამოცემის ავტორი. დავწერე რომანიც, გამოქვეყნებას თავი ვერ მოვაბი. გარდა ამისა, პოლიტიკურ-ისტორიული შინაარსის წერილებს ვწერ; რამდენიმე წიგნი დასაბეჭდად მაქვს მომზადებული.

- თქვენს ფეისბუკგვერდზე ვნახე ფოტოები. დაოჯახებულხართ, გილოცავთ. - დავქორწინდი სიჭაბუკის ჟამინდელ სატრფოზე. ახალგაზრდობისას მომწონდა, მაგრამ მერე პოლიტიკურმა ვითარებამ დაგვაშორა, სხვადასხვა ბანაკში აღმოვჩნდით. შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი, ამასობაში მე ცოლი მოვიყვანე, ისიც გათხოვდა, მაგრამ ორივეს დაგვენგრა ოჯახები. წლების შემდეგ კი ღმერთმა ისევ შეგვყარა ერთმანეთს. ჩემი მეუღლეც, ლალი ბარძიმაშვილი, აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, ზვიად გამსახურდიას შვილობილად ითვლებოდა. გახლავთ ფილოლოგი, ჟურნალისტი, მწერალი, ტელეწამყვანი, ერთი სიტყვით, საინტერესო პიროვნებაა.

- პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავთ? - აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვარ, თუმცა ბევრს ვწერ, ვაანალიზებ პროცესებს. პოლიტიკაში რომ ჩაერთო, საჭიროა ფინანსები და გარანტირებულად აღრიცხულ ამომრჩეველთა მხარდაჭერა. ვერ ვხედავ, რომ დღეს საზოგადოებაში არის ირაკლი წერეთლის, როგორც სახელმწიფოს ლიდერის, მოთხოვნა. ასეთ ვითარებაში მე, როგორც თავმოყვარე კაცმა, რატომ უნდა შევთავაზო ჩემი თავი საზოგადოებას? დღევანდელ პოლიტიკას ერთი უბედურება სჭირს: ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ვინც მართლაც რომ დაამშვენებდა ქართულ პოლიტიკას, არ აინტერესებთ. არის ასეთი ფილოსოფოსი მიხეილ გოგატიშვილი, რომელსაც ბევრი ვერ შეედრება. ასევე ირაკლი ბათიაშვილი, მაგრამ ასეთ ადამიანებზე საზოგადოების მოთხოვნა არ არის. სახეზე გვყავს მედროვეები და ტაკიმასხარები. ვეცდები, სხვადასხვა სფეროს ნიჭიერი ხალხი გავაერთიანო და თუ საქართველოს უწერია ისტორიული დიდებისკენ შემობრუნება, ასეც მოხდება. ქართველ ერს აქვს პოტენციალი, მიმართული შენებისკენ და არა - ერთმანეთის სიძულვილისკენ!…ამიტომაც მჯერა, ყველაფერი იქნება უკეთესად...

ნინო ჯავახიშვილი