"სამძიმარზე ვინც შემოდიოდა, ყველას კარიკატურას ვხატავდი" - კვირის პალიტრა

"სამძიმარზე ვინც შემოდიოდა, ყველას კარიკატურას ვხატავდი"

"ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა - ასაკოვანი ქალი, რომელმაც შვილებს და შვილიშვილებს ანდერძად დაუტოვა, თქვენს თვალებზე ცრემლი არ ვნახო, სახლიდან სულ სიცილ-ხარხარით გამაცილეთო. ეს შენ უნდა მოახერხო, ყველა უნდა დაგვხატოო, მთხოვეს მისი ოჯახის წევრებმა. მეც მათი თხოვნა შევასრულე..."

მხატვარი ზალიკო სულაკაური უამრავი კარიკატურის ავტორია. ცნობილი პოლიტიკოსები, მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები... რომელია ყველაზე უჩვეულო კარიკატურა მის არქივში, ამის თაობაზე თავად მხატვარი გვიამბობს:

- კარიკატურის შექმნას თავისებური ოსტატობა სჭირდება: ადამიანის ხასიათი, მისი სახასიათო შტრიხი უნდა დაიჭირო. თავიანთი კარიკატურის დანახვისას უმრავლესობას დადებითი რეაქცია აქვს. მაგალითად, გივი ბერიკაშვილი ხუმრობით ამბობდა, ამ სულაკაურმა ხომ გამიწყალა გულიო. ისეთი სახასიათო სახე ჰქონდა, ხშირად ვხატავდი, ვითომ ბრაზობდა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ხალისობდა. ისეთი შემთხვევებიც მქონია, როცა ნახატი ჩემ თვალწინ დაუხევიათ. თავის დროზე ქართული გაზეთებისთვის პოლიტიკოსების კარიკატურებსაც ვხატავდი, მათ შორის ასლან აბაშიძეც იყო. გადმოცემით ვიცოდი, რომ საშინლად არ მოსწონდა. სამაგიეროდ, შევარდნაძის უამრავი კარიკატურა მაქვს დახატული, მაგრამ არასდროს ცუდად არ მიუღია. ისიც ვიცოდი, რომ ზურაბ ჟვანია თავის კარიკატურებს გაზეთებიდან ჭრიდა, ჩარჩოში სვამდა და თავის კაბინეტში ერთი კედელი ამ კარიკატურებით ჰქონდა სავსე.

- სად და როგორ გადაწყვიტეთ, რომ მხატვარი გახდებოდით?

- ალბათ, თუშეთში, სადაც ისეთი ლამაზი ბუნებაა, მარტო ეს სილამაზე გაიძულებს ფუნჯი ხელში აიღო! პირიქითა თუშეთში არის ულამაზესი სოფელი - ფარსმა და სულაკაურები ამ სოფლიდან ვართ. სხვათა შორის, ჩვენი გვარი ერთ-ერთი მცირერიცხოვანია საქართველოში. სულ რაღაც, 50-მდე ვართ და ყველანი ამ სოფლის მკვიდრები. ცხადია, ერთმანეთს ვიცნობთ, რადგან ბიძაშვილები და ნათესავები ვართ. მწერალი არჩილ სულაკაური ბიძაჩემი იყო, ხოლო მამაჩემი, ვალერიან სულაკაური, ცნობილი ფილმის - "თუში მეცხვარის" ერთ-ერთი სცენარისტი.

როდესაც მე და ჩემი ტყუპისცალი დავიბადეთ, საძეო სუფრაზე თამადა ნოდარ დუმბაძე ყოფილა. სუფრასთან ქართული მწერლობის და კინოს კორიფეები ისხდნენ და სწორედ მათ გადაწყვიტეს, რა დაერქმიათ ტყუპისთვის. ასე დაერქვა ჩემს ძმას ზურაბი, მე - ზაალი. ონავარი ბავშვები ვიყავით, სულ ვცელქობდით. ამას ისიც ემატებოდა, რომ ერთმანეთისგან ვერ გვარჩევდნენ. სკოლაშიც, როცა გაკვეთილი არ ვიცოდი, ჩემ ნაცვლად ზურა ჰყვებოდა, ან პირიქით. ჩემს ძმას ერთი ხის ხმალი ჰქონდა, მიჰყვა და ამ ხმლით მეზობელს სახლის სახურავი დაუხვრიტა. რომ ვერ დაადგინეს დამნაშავე ვინ იყო, ორივე დაგვსაჯეს და კარგი ალიყურიც შემოგვცხეს.

თუშები ჩუმი და მშრომელი ხალხია, მაგრამ დღესასწაულებს დიდი სუფრით აღნიშნავდნენ და არც ერთი ქეიფი ჩხუბის გარეშე არ ჩაივლიდა. თუ ცეკვას, სიმღერას და დროს ტარებას ჩხუბი არ მოჰყვება, ასეთ სუფრას თუშების თვალში ლაზათი აკლია. ამიტომ ერთხელ ერთმა თანასოფლელმა საყვედურით მითხრა, თქვენ, სულაკაურებს, ცუდი დღეობა გქონდათო. რატომ-მეთქი? ჩხუბი არ იყოო. აი, ასეთ უცნაურ და საინტერესო გარემოში ვიზრდებოდი.

- როგორც ვიცი, ტყუპისცალთან ერთად ფილმშიც გადაგიღეს... - მე და ჩემი ძმა სულ პატარები ვიყავით, როცა "ჩირიკი და ჩიკოტელაში" გადაგვიღეს. მთავარ სცენაში ვაშლი უნდა გვეჭამა, რომელიც ძალიან მიყვარს. ისე გემრიელად ვჭამდით, რომ გადაღებას ძლივს ასწრებდნენ. მახსენდება, როგორ მოჰქონდა ჩვენთვის რამაზ ჩხიკვაძეს ახალ-ახალი ვაშლები და როგორ ცდილობდა ყველა, რომ კარგი ფილმი გამოსულიყო. ფილმის რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახლდათ, ჯემალ ღაღანიძე კი მამაჩემის როლს ასრულებდა.

მოგვიანებით, რომ წამოვიზარდეთ, მე და ზურამ ბატონი ჯემალი რუსთაველზე დავინახეთ და ყვირილი ავტეხეთ: "მამა, მამა"... ისიც ხუმრობდა, საკუთარ თავში ეჭვი შემეპარა, კაცო, იქნებ ერთი ქალიშვილის გარდა, კიდევ მყავს სადმე შვილებიო.

ბედნიერი კაცი ვარ, რომ ბედმა ბევრ ცნობილ შემოქმედთან შემახვედრა: 11 წლის ასაკში ბიჭვინთაში ვისვენებდით.

მე და ჩემმა ძმამ ოთარ მეღვინეთუხუცესი დავინახეთ და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე მივეჭერით და ვთხოვეთ, დაგხატავთ-მეთქი. დაგვთანხმდა და დღისით, მზისით, პლაჟზე დავიწყეთ მისი ხატვა. დიდი მსახიობი მზეს გაჰყურებდა და ფიქრებში ჩაფლული, სადღაც იყურებოდა... იმ ზაფხულს პლაჟზე ლია ელიავაც ვნახეთ და მასთან სურათიც გადავიღეთ. გვთხოვა, წინ ამეფარეთ, რომ მსუქანი არ გამოვჩნდეო. ეს სიტყვები ძალიან გამიკვირდა ამ ულამაზესი ქალისგან...

- კარიკატურების ხატვა როდის დაიწყეთ?

- მეოთხე-მეხუთე კლასიდან ვხატავ, ანუ იმ დროიდან, როცა მივხვდი, რომ ამით ადამიანებს სიხარულს ვანიჭებდი. ჯერ მასწავლებლებს ვხატავდი, ჩემს კლასელებს, სკოლელებს... ახლაც, სადაც წავალ, ფანქარი თან მიმაქვს. უფრო სერიოზულად ამ საქმეს მოგვიანებით მოვეკიდე: არჩილ სულაკაურმა ჩემი კარიკატურები რომ ნახა, მოეწონა და მწერალთა კავშირში წამიყვანა.

გავგიჟდი, იქ ისეთი ხალხი დამხვდა, ყველას ერთბაშად დახატვა მინდოდა. ნელ-ნელა დავიწყე და ასე შეიქმნა გურამ ფანჯიკიძის, შოთა ნიშნიანიძის, ოტია იოსელიანის და სხვათა პორტრეტებიც და კარიკატურებიც. 1990-იან წლებში კინოსტუდიაში გადავინაცვლე და იქაურობა ჩემთვის ნამდვილი ნავსაყუდელი გახდა. იქ ხშირად ვნახულობდი თენგიზ არჩვაძეს, გივი ბერიკაშვილს და სხვა დიდ მსახიობებს.

არ შემიძლია არ ვახსენო თემურ წიკლაური, რომელთანაც ვმეგობრობდი. მოგეხსენებათ, ქართველებს ყველას ბარაქიანი, კეხიანი ცხვირი გვაქვს, თემურსაც არწივივით მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა და თავის კარიკატურას რომ დახედა, მითხრა, აბა, უცხვირპირო კაცის დედა ვატირეო. გურამ დოჩანაშვილთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებდა. მახსოვს, რამდენი იცინა, მისი კარიკატურა რომ დავხატე. თანდათან დავმეგობრდით. ეს ბუმბერაზი მწერალი ხშირად მეუბნებოდა, შენ ჩემი პატარა ძმა ხარო. საოცარი გრძნობა მქონდა, ამას რომ მეტყოდა, ფრთები შემესხმებოდა ხოლმე.

- ბევრი ცნობილი ადამიანის კარიკატურა გაქვთ შექმნილი? - ძალიან ბევრის, მათ შორის მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც არიან: რინგო სტარი, ელ ჯერო, ბობ მარლი... მიხარია, რომ ჩემი ნახატები მთელ მსოფლიოშია გაბნეული.

- თქვენი კარიერიდან ყველაზე უჩვეულო ამბავი თუ გახსენდებათ?

- როგორ არა, ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა - ასაკოვანი ქალი, რომელმაც შვილებს და შვილიშვილებს ანდერძად დაუტოვა, თქვენს თვალებზე ცრემლი არ ვნახო, სახლიდან სულ სიცილ-ხარხარით გამაცილეთო. ეს შენ უნდა მოახერხო, ყველა უნდა დაგვხატოო, მთხოვეს მისი ოჯახის წევრებმა. მეც მათი თხოვნა შევასრულე და სამძიმარზე ვინც შემოდიოდა, ყველას კარიკატურას ვხატავდი. თავისდა უნებურად ყველას ეცინებოდა. ასე შეუსრულეს შვილიშვილებმა უკანასკნელი სურვილი ბებოს, რომელიც ძალიან უყვარდათ.

ხათუნა ჩიგოგიძე