"ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა. ჩვენ ვიცრებით ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის"
ჩვენ ვიცრებით ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი შეფასებით, ამჟამად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობამ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, დაიცვას დაწესებული რეგულაციები, ჩაიტარონ ვაქცინაცია და ატაროს პირბადე.
„ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა. სტაბილიზაციის მცირედი ელემენტები არის, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა, დაახლოებით 3-4 ათასის ფარგლებში, რაც ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც გახლავთ სიკვდილიანობა, ჯერჯერობით მაღალია და ალბათ, კიდევ მაღალი დარჩება დაახლოებით სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში, რამეთუ საკმაოდ ბევრი ავადმყოფია ინტენსიური თერაპიის პალატებში და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ბევრია დამოკიდებული.
სტაბილიზაციის მცირედი ნიშანი შესაძლოა, გამოეწვია იმას, რომ შეზღუდვები დაწესდა, უფრო გამკაცრდა აღსრულების თაობაზე ზედამხედველობა, ვაქცინაციის ტემპსაც არაუშავს, აგვისტოს განმავლობაში 23 ათასი აცრა გვაქვს საშუალოდ დღიურად, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო.
რაც მთავარია, ყველაფრის მიუხედავად, მოქალაქეები მაინც არ იცავენ ორ მთავარ რეგულაციას - ეს არის პირბადის ტარება, რომელიც 50%-ს ქვემოთაა ბოლო კვირის მონაცემებით. ადამიანები ძალიან უგულებელყოფენ პირბადის ტარებას, თუმცა ის დახურულ თუ ღია სივრცეში ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალებაა. მეორე, მიუხედავად ზომების სერიოზული გამკაცრებისა, მაინც არის თავყრილობები, მასშტაბური წვეულებები, ქორწილები და ა.შ. შესაბამისად, ამის შემდგომ უკვე არის ეპიდაფეთქებები. ჩვენ ვიცრებით ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის. ასევე, აუცილებელია, რომ ყველა ადამიანს ეკეთოს პირბადე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
"ინტერპრესნიუსი"