"ახლა რომ ვფიქრობ, როგორ გავბედე, მიკვირს" - კვირის პალიტრა

"ახლა რომ ვფიქრობ, როგორ გავბედე, მიკვირს"

"საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც ვიღაცის სიცოცხლეს გადაარჩენ. სიხარულისგან ბევრჯერ მიტირია, მიტირია გარდაცვლილის გამოც, რომელსაც ვერ ვუშველეთ"

ბაიკერი ნანა მამუკაშვილი უკვე 7 წელია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობს. ბავშვობიდანვე ექსტრემალია, უყვარს სისწრაფე, ფარიკაობა, მშვილდის სროლა, იარაღსაც კარგად ხმარობს. ერთი სიტყვით, არ აშინებს ხიფათი და რისკი. როდესაც მოტოციკლს მართავს, ავიწყდება მთელი სამყარო, ყველა და ყველაფერი. როგორც ამბობს, ამ დროს სულ სხვა ადამიანი ხდება...

- დავიბადე და გავიზარდე აბასთუმანში, მრავალშვილიან ოჯახში - ორი და და ორი ძმა მყავს. მამას, როგორც ქართველი მამაკაცების უმეტესობას, პირველი ვაჟი უნდოდა და, ალბათ, ამიტომ მზრდიდა, როგორც ბიჭს, სპარტანულად. ბაიკის მართვაც მან მასწავლა. საინტერესო ადამიანი იყო. მახსოვს, თვითონ იკერავდა ბაიკერის ეკიპირებას... მაშინ იშვიათობა იყო ქალი საჭესთან, მაგრამ დედასაც ასწავლა და მე და ჩემს დებსაც. მერე რა, რომ გოგონები ხართ, დაგჭირდებათ ცხოვრებაშიო. მართლაც ასე მოხდა - საჭესთან დაჯდომაც მომიხდა და თავის დაცვაც. 14-15 წლისას უკვე შემეძლო ექსტრემალური მანევრების კეთება. ბაიკერობა გამბედაობას მოითხოვს, თუმცა, ჩემი პროფესიაც არანაკლებ ვაჟკაცობას მოითხოვდა - იურისტი ვარ.

- იურისტობა რატომ გადაწყვიტეთ? - ბავშვობიდან ვერ ვიტანდი უსამართლობას. მე-5 კლასში ვიყავი, კარნახის გამო მასწავლებელმა ორიანი რომ დამიწერა. ვთხოვე, ნიშანი გადაესწორებინა, მაგრამ უარი მითხრა. იმ საღამოს სკოლაში შევიპარე, ოთხი კლასის ჟურნალები მოვიპარე და მდინარეში ჩავყარე. ყველა შოკში იყო, მარტო მამამ დამიჭირა მხარი, უსამართლობაზე ბავშვს ადეკვატური რეაქცია ჰქონდაო. ახლა რომ ვფიქრობ, როგორ გავბედე, მიკვირს. კომუნისტების დროს ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო. დედა პოლიკლინიკაში მუშაობდა და საყვედური გამოუცხადეს, სკოლის დირექტორი კი მოხსნეს...

საზღვარგარეთ წასვლამდე გამომძიებლად ვმუშაობდი პროკურატურაში. ისე დაღამდებოდა, ვერც კი ვიგებდი, ვიდრე მეუღლე არ მომაკითხავდა სამსახურში...

- ალბათ, იყო სირთულეები...

- კი, ჩემთვის ეს ფაქიზი თემაა... იყო ბულინგი მამაკაცების მხრიდან, რომელთაც სურდათ ჩემი შინაგანი თავისუფლება სხვანაირად გამოეყენებინათ. მიფიქრია, დავანახებ, რომ ქალი სათამაშო არ არის და არიან ისეთი ქალები, რომლებსაც ვერ დაჩაგრავენ-მეთქი. ალბათ, დადგება დრო, როდესაც ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრებ. ყველა აგებს პასუხს თავის საქციელზე. დიახ, არავისი და არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, ერთადერთი, რისიც მეშინია, ის არის, რომ ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, გული არ ვატკინო. თუმცა ქალები რომ იჩაგრებიან, ეს, უპირველესად, მათი ბრალია. არ უნდა მიაჩვიო ოჯახის წევრები, რომ სამზარეულოს იქით ვერ იხედები და რაღაცები შენი საქმე არ არის... რამდენიმე ფილმში კასკადიორად მიმიწვიეს, სახიფათო ტრიუკები მქონდა გასაკეთებელი და ჩემმა მეუღლემ მკითხა, ხომ შეიძლება, დაიმტვრე და რამე დაგემართოს, ჩვენზე არ ფიქრობო?

- არასდროს შეგშინებიათ? - რთული შემთხვევებიც მქონია. ავტომანქანის მძღოლებს, იმისთვის რომ დავენახე, ხშირად საავარიო სიტუაცია შეუქმნიათ. წავქცეულვარ კიდეც, ნაიარევებიც მაქვს და მუხლებზე, ხელებზე ნაკერებიც, მაგრამ როდესაც ჩაჭიდებული ვარ მოტოციკლის საჭეს და ვფიქრობ, რთული სიტუაციიდან როგორ გამოვძვრე, სწორედ ამ დროს ვარ ბედნიერი. როგორც ჩანს, ექსტრემალობა სისხლში მაქვს. როდესაც რკინის სხეულს ვეხები, ვერც აღვიქვამ, რომ რკინაა. ასე მგონია, ცოცხალი ორგანიზმია და რაღაც შინაგანი ძალა მეძლევა. რთულია 1000-კუბატურიანი მოტოციკლი დაიმორჩილო ქალმა. ახალი ნაყიდი მქონდა, შეჯიბრებაზე რომ გამოვედი. ისეთი მძიმე იყო, მექცეოდა. უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, სერიოზულ განაცხადს გავაკეთებდი და ჩემპიონატებზე გამარჯვებასაც მოვიპოვებდი.

- თქვენი ახლანდელი სამსახურიც ძალიან ახლოს არის ექსტრიმთან. რატომ გადაწყვიტეთ სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლობა?

- უცხოეთიდან დაბრუნებულმა ჩემი პროფესიით რომ ვერაფერი ვიპოვე, მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება. შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა დღე, სამსახურში წასვლა დამზარებოდა. საჭირო რომ გახდეს, უხელფასოდაც ვიმუშავებ. ყველა მესალმება, კოცნას მიგზავნის, საჩუქრებს მახვედრებენ, უამრავ კომპლიმენტს მეუბნებიან. ჩემი ყოველი დღე რთულია. არ იცი, თოვლში, ქარიშხალში სად მოგიწევს მისვლა. არის ისეთი აღმართ-დაღმართები, სადაც მანქანის გადავარდნის საშიშროებაა. მახსოვს, მძიმე პაციენტი მყავდა, თოვლში ძლივს ამოვედით აღმართზე, კინაღამ გადავბრუნდით და იმ პაციენტის შვილმა გაოცებულმა მითხრა, კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ შეიძლება მეც კი ვერ გამერისკა აქ ამოსვლაო... საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც ვიღაცის სიცოცხლეს გადაარჩენ. სიხარულისგან ბევრჯერ მიტირია. მიტირია გარდაცვლილის გამოც, რომელსაც ვერ ვუშველეთ. იყო ასეთი შემთხვევა - გოგოლის ქუჩაზე ჩხუბში ახალგაზრდა დაჭრეს. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა. წარმოვიდგინე თავი დედამისის ადგილზე. დღემდე მაჟრიალებს ამ შემთხვევის გახსენებაზე - შვილი დედას ეძახდა და დედამ არც კი იცოდა, შვილი რომ ეღუპებოდა...

- როგორც მითხარით, ამჟამად კვიპროსზე ხართ. საინტერესოა, როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა მანდ? - აქაც ანალოგიური მდგომარეობაა, თუმცა უკვე გაამკაცრეს რეგულაციები და ბევრი რამ დაკეტეს. პირბადე ღია სივრცეშიც უნდა გეკეთოს, თორემ 300 ევროა ჯარიმა. ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა სიკვდილიანობა - ნაკლები.

- თქვენი ოჯახის შესახებაც მომიყევით. - მყავს მეუღლე, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს და ქალიშვილი, რომელსაც ცხენები და ჯირითი უყვარს. სკოლა ათენში დაამთავრა, უნივერსიტეტი საქართველოში. ბოლოს ბერძენზე გათხოვდა და ათენში დაბრუნდა. ამჟამად საქართველოში მარტო მე ვცხოვრობ. როდესაც მოვდიოდი, მეზობლები ტიროდნენ, მოგვწონს თქვენნაირი კარგი ოჯახები, გოგო მაინც დატოვე აქო, იმდენი იტირეს, მართლა დაიტოვეს.

- ძლიერი ქალი ხართ, რა გაძლევთ ძალას? - სიყვარული! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალას მაძლევს თავდაჯერებაც. მეტი რწმენა და ძალა მაქვს საკუთარი თავის. სიყვარული თავისუფლებაა და ვიღაცამ არ უნდა შეგბოჭოს... ნებისმიერმა ქალმა უნდა შეძლოს და აკეთოს ის, რაც სურს, მიუხედავად საზოგადოების რეაქციისა და კომპლექსებისა. როგორც კი ამ კომპლექსებს დაამარცხებენ და მიაჩვევენ ადამიანებს, რომ პატივი უნდა სცენ სხვების სურვილებს, მიხვდებიან, რა იოლია ცხოვრება!

ნინო ჯავახიშვილი