"კრემლი და პუტინი ომს აგებენ" - კვირის პალიტრა

"კრემლი და პუტინი ომს აგებენ"

"პუტინმა დაკარგა მეგობრები, დაკარგა მხარდაჭერა. მის მთავარ დასაყრდენად იქცა ბირთვული ენერგია და ქვეყნების დაშინება"

ევროკავშირი გამოწვევებისა და პრობლემების სულ უფრო მზარდი ჩამონათვლის წინაშე დგას და ამ ფონზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი ბრიუსელის დღის წესრიგის პრიორიტეტულ თემად აღარ ჩანს. ეს კარგს არაფერს მოასწავებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის იმ სამეულისთვის, რომელსაც საბოლოო მიზნად ევროკავშირის წევრობა აქვთ დასახული. კიშინიოვმა, კიევმა და თბილისმა ახლახან უმატეს ძალისხმევას ევროინტეგრაციის ფრონტზე და შექმნეს სამმხრივი TRIO ფორმატი, რომელიც ამ კუთხით საერთო პოლიტიკას შეიმუშავებს. რა მომავალი ელის ტრიოს ფორმატს, ან, ზოგადად, აღმოსავლეთ პარტნიორობას და რას აპირებენ ისინი, ვინც ცდილობს, ამ ევროპულმა მომავალმა საერთოდ არ იარსებოს? ამ კითხვებით ლიეტუველ ევროპარლამენტარს, რასა იუკნევიჩენეს მივმართეთ.

- ეგრეთ წოდებული TRIO ფორმატის შექმნით, ვფიქრობ, უკვე თამამად შეგვიძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ორ ცალკეულ ჯგუფად გავყოთ, - გვეუბნება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე, - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, მეორე ჯგუფს კი განსხვავებული წარმოდგენა აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სომხეთი და აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ არ სურთ ევროკავშირის წევრობა, მაინც ცდილობენ მასთან თანამშრომლობას, ბელორუსი კი განსაკუთრებულ ისტორიას წერს. ერთი წლის წინ ვიტყოდი, რომ მინსკს ევროპული მომავლის პერსპექტივა არ ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ დავინახეთ ხელახლა დაბადებული ერი დემოკრატიული ცხოვრების ძლიერი სურვილით. ასე რომ, ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, ბელორუსიც შეუერთდება უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. არ ვიცი, ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდება თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება.

- მიუხედავად იმისა, რომ მინსკმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავი გარიცხა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატიდან? - დიახ, ეს არის დროებითი, გარდამავალი პერიოდი, რთული გამოწვევებით სავსე, მაგრამ მჯერა, რომ ისინი ამ გამოწვევას დასძლევენ, რადგან ლუკაშენკოს ბელორუსს მომავალი არ აქვს.

- რაც შეეხება TRIO-ს წევრებს, დღეს ჩვენ ვხედავთ წარმატებას მოლდოვას შემთხვევაში და ერთგვარ იმედგაცრუებას საქართველოს შემთხვევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე, რომელსაც ჯერ კიდევ უდიდესი გამოწვევები აქვს დასაძლევი. მაშ, რა მომავალი აქვს ამ სამეულს დღევანდელი გადმოსახედიდან? - საქართველოთი დავიწყოთ... მიუხედავად ჩემი შეშფოთებისა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, მაინც ვიტყოდი, რომ როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიზაციაზე, ევროპეიზაციაზე, საქართველო კვლავ რჩება ლიდერად რეგიონში და ვფიქრობ, ქართველი ხალხი მზად არის, იაროს ევროპული მომავლისკენ, მაგრამ, ამის პარალელურად, საქმე გვაქვს მძიმე პოლიტიკურ კრიზისსა და ისეთ, უკიდურესად პოლარიზებულ, პოლიტიკურ სისტემასთან, რომ თქვენი პოლიტიკური ელიტა ქვეყნის საერთო მომავალთან დაკავშირებულ ხედვაზეც კი ვერ თანხმდება. როდესაც ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღების უმაღლეს დონეზე ერთვება თქვენი პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაში და ეს ჩართულობა სრულდება ისე, როგორც დასრულდა, ეს უდავოდ იწვევს იმედგაცრუებას და ზიანს აყენებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას. დამიჯერეთ, მსგავსი ინციდენტების გარეშეც არცთუ ადვილია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის დარწმუნება, რომ საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის წევრი გახდეს!

რაც შეეხება მოლდოვას, ის დღეს, ვფიქრობ, ხდება ერთგვარი სპირიტუალური ლიდერი ამ ქვეყნებს შორის, რადგან იქ მკაფიოდ გამოიხატა მოლდოველი ხალხის არჩევანი - ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა. მოლდოვის დღევანდელი ლიდერები აშკარად პროევროპელები არიან. რაც შეეხება კიევს, ფაქტია, რომ მიუხედავად პრობლემებისა, უკრაინა არის ყველაზე ძლიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სიდიდის, მნიშვნელობის, გეოგრაფიის გამო და ამიტომაც, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციისა და კრემლისთვის უკრაინა პრიორიტეტულ სამიზნედ იქცა.

- მინდა გკითხოთ ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის თაობაზე, რომელსაც საქართველო 2024 წლისთვის ამზადებს. მას სკეპტიციზმით შეხვდნენ როგორც ქვეყანაში, ისე - მის ფარგლებს გარეთ. რას ფიქრობთ ამაზე? - გავიხსენოთ, რომ ეს არის ფორმალური განაცხადი. ეს არ ნიშნავს იქვე, მაშინვე წევრობის მინიჭებას. ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს გადასაწყვეტია და მე ამას მტკიცედ დავუჭერ მხარს, თუკი თქვენი პოლიტიკოსები შეძლებენ, არა მხოლოდ განაცხადონ, რომ ითხოვენ წევრობას, არამედ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგან საქართველოს ევროპასთან დაახლოების, რეფორმების, პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციის მიმართულებით.

- როგორია ბრიუსელის ახლანდელი დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის მიმართ? რატომ ჩნდება განცდა, რომ ის აქტუალობას კარგავს? - უპირველეს ყოვლისა, უნდა შეგახსენოთ, რომ ბრიუსელში ნათქვამი განისაზღვრება იმით, რას აკეთებენ ან ფიქრობენ პოლიტიკური ლიდერები ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში, მადრიდში, რომში ან სხვა დედაქალაქებში, რადგან უმთავრესია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში სწორად გაიაზრონ აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა. არსებობს ორი განსხვავებული მიდგომა. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა მხარდამჭერები ცდილობენ გაზარდონ მისი პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა დედაქალაქები ამ იდეის მიმართ მსგავს ენთუზიაზმს არ იჩენენ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაფართოების პირველი ტალღის შედეგებსაც. გულწრფელად გეტყვით, რომ როდესაც ბერლინში ხედავენ, რამდენ თავსატეხს უჩენს ევროპას უნგრეთი დემოკრატიის თვალსაზრისით, ისმის კითხვა: გვჭირდება თუ არა ევროკავშირში ახალი წევრები და მეტი პრობლემა?

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ არსებობს გარკვეული რიგითობა. დასავლეთ ბალკანეთს 2010 წლიდან მეტად უჭერდნენ მხარს და დღემდე ასეა. თუ დასავლეთ ბალკანეთს მოიწვევენ და მათი მოწვევა და ინტეგრაცია წარმატებული აღმოჩნდება, ეს დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობასაც, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოლოდინის რეჟიმი მოდუნებას არ გულისხმობს. თქვენ უნდა იყოთ უფრო წარმატებული და მონდომებული, ვიდრე ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები ვიყავით წევრობამდე, რადგან მაშინ სხვა სიტუაცია იყო; ნაკლები იყო პესიმიზმი გაფართოების მიმართ; მაშინდელი დამოკიდებულება იყო უფრო ემოციური, უფრო პოზიტიური, უფრო ოპტიმისტური. ამას დაემთხვა ისიც, რომ ჩვენ ევროკავშირში შესვლა მოვახერხეთ რუსეთში პუტინის ეპოქის დასაწყისისას. თქვენ, სამწუხაროდ, ასეთი იღბლიანები არ აღმოჩნდით.

- რაც შეეხება პუტინს, ვფიქრობ, დროა, განვიხილოთ ე.წ. რუსეთის ფაქტორი აღმოსავლეთ პარტნიორობაში. განსაზღვრავს ის ბრიუსელის პოლიტიკას?

- შეუძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობაზე საუბარი კრემლის ინტერესების განხილვის გარეშე, რადგან სწორედ კრემლი დგას ამ ქვეყნების ყველაზე დიდი პრობლემების უკან, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მე ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა, რომ სხვა რუსეთს მოვესწრები. მე არ ვეთანხმები დასავლეთში ფეხმოკიდებულ მოსაზრებას, რომ რუსებს არ შეუძლიათ დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება. მე ვფიქრობ, რუსებს, განსაკუთრებით - ახალგაზრდა თაობას, არა მარტო შეუძლია, ეს სურს კიდეც და როდესაც ჩვენ ვამუშავებთ რუსეთის სტრატეგიას ევროკავშირში, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთი სამუდამოდ ავტოკრატიულია, ეს ნიშნავს, რომ კრემლი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც დღეს არის და არაფერი გავაკეთოთ მომავლისთვის... მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ რუსეთი შეიძლება იყოს განსხვავებული, ჩვენ შევძლებთ, ვიპოვოთ სრულიად განსხვავებული სტრატეგია, მათ შორის - აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებითაც, რაც გულისხმობს, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს მეტი ევროპული პერსპექტივა ექნებათ.

- არსებობს მოსაზრება, რომ დღევანდელი რეჟიმი პუტინის ფიზიკურ აღსასრულამდე გასტანს და მხოლოდ მას შემდეგ შეიცვლება, როცა ის აღარ იქნება. - გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ პუტინი მარტოა. ამ რეჟიმში მე ვხედავ მას, როგორც სისტემის, აისბერგის თავს. არსებობენ ქვედა ეშელონის აქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. რუსები შეეცდებიან, ძალაუფლების ეს პირამიდა შეინარჩუნონ რაც შეიძლება დიდხანს, თუნდაც პუტინის გარეშე.

- და სანამ ამ "სხვა რუსეთს" ვიხილავთ, მანამდე რა მოხდება? შეუძლია რუსეთს განსაზღვროს ამ სამეულის ევროპული მომავალი? - რასაკვირველია, რუსეთი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესების შესაჩერებლად, რადგან ეს საშიშია კრემლის რეჟიმისთვის და საფრთხეს უქმნის ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ისინი, ბოლო წლებია, არ წყვეტენ. საქართველოში კრემლი ბერკეტად იყენებს არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ფაქტია, რომ რუსული გავლენა არსებობს სხვადასხვა სტრუქტურაში, მათ შორის, სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. იმავეს ვხედავთ ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში. არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგობერკეტებიც - "Nord Stream 2" არის რუსეთის ფედერაციის უახლესი ინსტრუმენტი, რომლითაც რუსები შეეცდებიან დასავლეთში საკუთარი გავლენის ზრდას. რუსული ფაქტორი გავლენას ახდენს ბევრ ევროპელ პოლიტიკოსზეც და ერთადერთი გამოსავალია, არ შევშინდეთ, რადგან პუტინს ძალიან უხარია, როდესაც ხედავს, რომ სხვა ქვეყნების ლიდერები მას უფრთხიან. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროკავშირის პოლიტიკურ ნებაზე ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი მხარდაჭერაზე, რა თქმა უნდა, პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველგან რაც შეიძლება მეტი შიში დათესოს, მაგრამ თუ ვიკითხავთ, ნიშნავს თუ არა ეს კრემლის ტრიუმფს, ვიტყვი, რომ არა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს, საკუთარი მარცხი, რაც მხოლოდ დროის საქმეა, გადადოს. კრემლმა და პუტინმა შეიძლება მოიპოვონ ხანმოკლე, ტაქტიკური გამარჯვებები, მაგრამ ისინი ომს აგებენ. ნახეთ, რა მოხდა ბოლო წლებში: პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა; მოლდოვაში წააგო ბოლო არჩევნები, რომელშიც ის უშუალოდ იყო ჩართული მარიონეტ იგორ დოდონის მეშვეობით; ბელორუსის ნებისმიერ მოქალაქეს ესმის, რომ პუტინის გარეშე ლუკაშენკოს მათ ქვეყანაში ძალაუფლება არ ექნებოდა... ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში პუტინს აქტიურად უჭერდნენ მხარს, ახლა კი მან ეს ყოფილი მხარდამჭერებიც დაკარგა. ისინი აღარ ითხოვენ დიალოგს. მეტიც, მათ აღარ მოსწონთ პუტინი, რადგან ის საიმედო მოკავშირე კი არა, მანიპულატორი აღმოჩნდა. პუტინმა დაკარგა მეგობრები, დაკარგა მხარდაჭერა და რუსეთის მთავარ დასაყრდენად იქცა ბირთვული ენერგია და ქვეყნების დაშინება. შეუძლებელია ასეთი სტრატეგიის დიდხანს შენარჩუნება. პუტინის რუსეთს არა აქვს პერსპექტივა. ის არ აშენებს რუსეთს, ის ანადგურებს ამ უზარმაზარ ქვეყანას და საკუთარ ერს.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოების ინსტიტუტისა (GISP) და საქართველოში ევროპული ალიანსის (EAFG) პროექტის, "გზავნილები ბრიუსელიდან", ფარგლებში

ვაჟა თავბერიძე