"ერთხანს მიჯირყვნა იყო ძალიან მოდური, ახლა მაზაკვალია" - კვირის პალიტრა

"ერთხანს მიჯირყვნა იყო ძალიან მოდური, ახლა მაზაკვალია"

"დღემდე რატომ ვერ ამჩნევდა გახარიას მაზაკვალობას ღარიბაშვილი?.."

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, მმართველ გუნდს აქტიური საარჩევნო კამპანია აქვს და ოპოზიციასაც მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. "ქართულმა ოცნებამ" ახლახან კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგი. კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემთ ხმას, პასუხები ასე განაწილდა: "ქართული ოცნება" - 47.4%; "ნაციონალური მოძრაობა" - 25.2%; "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 4.9%; "საქართველოსთვის" - 4.7%; "მოქალაქეები" - 3.2%; "ლელო" - 2.4%; "პატრიოტთა ალიანსი" - 1.9%; "ევროპული საქართველო" - 1.8%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.7%; "გირჩი"- 1.1%; ლეიბორისტული პარტია - 0.7%; "ერთიანი საქართველო" - 0.7%; სხვა პარტიები - 4.3%. ამ მონაცემებით თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის ასე განაწილდება: "ქართული ოცნება" - 22 მანდატი; "ნაციონალური მოძრაობა" - 12 მანდატი; "გირჩი - მეტი თავისუფლება", "საქართველოსთვის" და "მოქალაქეები" - 2-2 მანდატი. შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, "ქართული ოცნებისა" და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში მაჟორიტარების ჩათვლით მყარ უმრავლესობას მოიპოვებენ. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გამოაქვეყნა თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილი რეიტინგები. კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იმართებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას, პასუხები ასე განაწილდა: კახა კალაძე - 60.1%; ნიკანორ მელია - 29.2%; სხვა კანდიდატები -10.7%. რატომ აქვეყნებს მმართველი გუნდი ასე ხშირად შიდაპარტიულ კვლევებს, რამდენად სწორია სტრატეგიულად პანდემიის პიკზე მმართველი გუნდის აქტიური საარჩევნო კამპანია და ოპოზიციის პასიურობა, ამის შესახებ ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- მე არ ვიზიარებ ოპოზიციონერი ლიდერების მოსაზრებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" კვლევის შედეგები კაბინეტებში დაწერა, ანუ გააყალბა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ 47% დიდად არ განსხვავდება იმ შედეგისგან, რაც "ქართულ ოცნებას" დღემდე ჰქონია სხვადასხვა არჩევნებში.

- როგორ ახსნით იმას, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთმანეთის გამუდმებული დისკრედიტაციის მიუხედავად, ამომრჩეველთა მხარდაჭერა მაინც ამ ორ პარტიაზე ნაწილდება? საზოგადოებაზე არ იჯერებს ერთი ან მეორე პოლიტიკური გუნდის ინფორმაციას? - მოდი, სიმართლე ვთქვათ, "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გამუდმებით ხმალაობენ, მაგრამ უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ. მე მეჩვენება, რომ ეს კვლევაც ორპოლუსიანი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება. ნახეთ, რა უცებ დაწინაურდა რეიტინგებში "გირჩი - მეტი თავისუფლება". ბოლო დროს ჯაფარიძე თითქმის არ ჩანდა ტელეეკრანებზე, არ იყო აქტუალური. რამ გამოიწვია მისი რეიტინგის გაზრდა, გაუგებარია. მასზე ბევრად აქტუალურია გახარიას პარტია, რომელსაც "ოცნების" რეიტინგებში ჯაფარიძის "გირჩმა" გაასწრო...

- რატომ ვერ ახერხებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" დაპირისპირების გამოყენებას და ამომრჩევლისთვის ალტერნატივად საკუთარი თავის შეთავაზებას? - რატომ დაირქვა ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ "მესამე ძალა"? იმიტომ, რომ მიხვდა საზოგადოების მოთხოვნას. ვნახოთ, რას იზამს და რამდენად შთამბეჭდავ შედეგს დადებს არჩევნებზე. მხოლოდ "მესამე ძალის" დარქმევა არ არის საკმარისი.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ გახარიას პარტია უფრო აქტუალურია, ვიდრე "გირჩი - მეტი თავისუფლება". დიახ, ეს გუნდი მართლაც აქტუალურია ხშირი განცხადებებით: ამბობენ, რომ უთვალთვალებენ, დევნიან, მათ წევრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ სამსახურიდან, აშანტაჟებენ. ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ სხვა პარტიები. რა გამოდის, "ოცნება" მხოლოდ გახარიას გუნდს დევნის? - დიახ, ასე გამოდის და არ გამიკვირდება, რომ ამას მიზეზიც ჰქონდეს. მაგალითად, არ გამიკვირდება, რომ "ქართულ ოცნებას" გახარიასი ეშინოდეს. ნახეთ, "ნაცმოძრაობის" ან "გირჩის" ამომრჩეველი "ოცნების" ხმებს არ წაიღებს. "გირჩს" თავისი სპეციფიკური, ახალგაზრდა ამომრჩეველი ჰყავს, "ნაცმოძრაობას" კი სააკაშვილის მოყვარული... 2012 წელს "ოცნებას" ხმა ძალიან ბევრმა სააკაშვილის მიუღებლობის გამო მისცა. დღეს ამ ამომრჩევლის დიდი ნაწილი "ქართულ ოცნებაზეა" განაწყენებული და დიდი შანსია, რომ გახარიამ ის მიიმხროს. "ოცნების" ლიდერებმა გახარიას სახით რეალური საფრთხე რომ დაინახეს, ამიტომაც სცადეს მისი "ნაციონალური მოძრაობის" პროექტად გასაღება.

- მაზაკვალ მოღალატედაც ამიტომ შეაფასა ღარიბაშვილმა? - საინტერესო სიტყვები შემოდის ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, ერთხანს მიჯირყვნა იყო ძალიან მოდური, ახლა, როგორც ჩანს, მაზაკვალს ავიტაცებთ. იცით, მე რა მაინტერესებს? დღემდე რატომ ვერ ამჩნევდა გახარიას მაზაკვალობას ღარიბაშვილი? გახარიამ თანამდებობა და პარტია რომ დატოვა, მაშინ არ უთქვამს ღარიბაშვილს არაფერი, არც მას შემდეგ, ახლა რამ იმოქმედა მასზე? წულუკიანს რომ გაეკრიტიკებინა გახარია, არ გამიკვირდებოდა, რადგან გუნდიდან წასვლისთანავე გააკრიტიკა, აი, ღარიბაშვილის ამბავი კი ნამდვილად მიჩენს კითხვებს.

- ამაზე ვერსია აუცილებლად გექნებათ. - მგონი, ეს საარჩევნო ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია. როგორც ჩანს, გუნდში მიიჩნევენ, რომ გახარიას გაუვნებლებაა საჭირო. ისევე, როგორც ფიქრობენ, რომ საჭიროა შიდა კვლევების ხშირ-ხშირად გამოქვეყნება და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა. თავის დროზე, ალბათ, ამავე ჯგუფის მოთხოვნა იყო ივანიშვილის მიერ განცხადების გაკეთება და მკვეთრად დაფიქსირება, რომ გახარია მისი პროექტი არ არის.

- თქვენი აზრით, რამდენად სწორი სტრატეგიაა ასეთ ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია? - რთული როლი იტვირთა "ოცნებამ". რაღაც შეზღუდვები შემოიღო, მაგრამ ისეთი ბუნდოვანია, არა მგონია, დიდი შეღავათი იყოს. აღსრულების მექანიზმის ამუშავება და მეტი სიმკაცრეა საჭირო.

გულწრფელად გეტყვით - ღარიბაშვილი ბევრი რამის გამო ძალიან მომწონს: ენერგიული, საქმიანი და პრინციპულია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ პანდემიის მართვის მისეული ხედვა სრულიად გაუგებარია. არჩევნების გადადებაზე რომ არ თანხმდება, გასაგებია, იმიტომ, რომ ეს არაფერს შეცვლის. სამაგიეროდ, გაურკვეველია, რატომ არ ამკაცრებს დაწესებული რეგულაციების აღსრულების მექანიზმებს, რატომ აქვს მიშვებული ყველაფერი. ასეთი დამოკიდებულება "ქართული ოცნებისთვის" წამგებიანია არა მარტო იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ამის გამო პასუხისმგებლობას დააკისრებენ, არამედ იმიტომაც, რომ შეიძლება სწორედ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ნებიერი ამომრჩეველი ჰყავს, არ გარისკავს საარჩევნო უბანზე გასვლას. მოგვწონს თუ არა, "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო ერთგული და თავდადებული ამომრჩეველი ჰყავს. შეიძლება სწორედაც ეს არის სააკაშვილის მოწოდების მიზეზი, არავითარი გადადება, ახლა ჩატარდეს არჩევნებიო.

- პატარ-პატარა რეიტინგის მქონე პარტიების შანსი როგორია? როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის მოწოდებას რესურსების მობილიზების შესახებ, რათა მათ როგორმე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაანაცვლონ ოპოზიციაში? როგორც გურამ მაჭარაშვილმა თქვა, თუ ოპოზიცია არაფერს მოიმოქმედებს, ქვეყანაში ორპოლუსიანი ვითარება დარჩება. - ჯერ ერთი, პატარ-პატარა პარტიებს "ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლების საშუალება არა აქვთ, რადგან თავის დროზე ყველანი სააკაშვილის ლაშქარში იდგნენ რიგით ჯარისკაცებად. ამის გამო აქვს მოსახლეობას განცდა, რომ სააკაშვილი მათი ლიდერია. იმ ადამიანის ჩანაცვლება, რომელსაც შენს ლიდერად აღიქვამენ, ცოტა არ იყოს, რთული საქმეა. ამასთან, არ მჯერა, რომ მაჭარაშვილი გულწრფელია და მის გუნდს მართლა სურს მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება.

- როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი საარჩევნო გარემო იქნება არჩევნებზე?

- თუ გავითვალისწინებთ მძიმე პანდემიურ ვითარებას, შეიძლება პოლიტიკურ ლიდერებს ყველაზე მეტად ხალხის საარჩევნო უბნებზე მიყვანა გაუჭირდეთ.

ხათუნა ბახტურიძე