"გიორგი ვაშაძის და გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, "სტრატეგია აღმაშენებელში" იქნებიან თუ "ლეიბორისტებში", არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს" - კვირის პალიტრა

"გიორგი ვაშაძის და გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, "სტრატეგია აღმაშენებელში" იქნებიან თუ "ლეიბორისტებში", არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს"

როგორც გიორგი ვაშაძის, ასევე გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის "ნაცმოძრაობა", ახლა ისინი "სტრატეგია აღმაშენებელში" გაერთიანდებიან, "ნაციონალურ მოძრაობაში" თუ "ლეიბორისტულ პარტიაში", არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" შექმნის დაანონსებას, სადაც "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც იქნება.

მაჭარაშვილის თქმით, ლიდერებს, რომლებიც ამ ახალ გაერთიანებას უერთდებიან, თავიანთი რიტორიკა და ქცევა არ შეუცვლიათ, ამდენად მოსალოდნელი არ არის, რომ მათთან დაკავშირებით საზოგადოებამ საკუთარ დამოკიდებულებას გადახედოს.

"მესამე ძალა იქნები, პირველი თუ მეორე, ამას წყვეტს საქართველოს საზოგადოება და ამას ვნახავთ 2 ოქტომბერს ისევე, როგორც ვნახეთ წინა არჩევნებზე. ასე რომ, წინმსწრებად არ მგონია, რომ ნუმერაცია უნდა მიინიჭო შენ თვითონ, სანამ საზოგადოება გამოიტანს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ვაშაძეების გაერთიანებას, როგორც გიორგი ვაშაძის, ასევე გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის "ნაცმოძრაობა", ახლა ისინი "სტრატეგია აღმაშენებელში" გაერთიანდებიან, "ნაციონალურ მოძრაობაში" თუ "ლეიბორისტულ პარტიაში", არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს. მთავარი სამწუხაროდ, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები, მათ შორის, გიორგი ვაშაძეც ერთი ერთში ამთხვევენ თავის რიტორიკას და ქცევებს, "ნაციონალური მოძრაობის" ქცევებს და ფორმალურად ისინი რომელ პოლიტიკურ ძალაში ჩაირიცხებიან, არ მგონია, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს. ნამდვილი, ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები უნდა შეიქმნან, რომლებიც ჩაანაცვლებენ "ნაცმოძრაობას", თუ "ნაცმოძრაობის" ლიდერები გადაბარგდებიან სხვა რომელიმე პარტიაში, ამით ვერ მოატყუებენ ისინი საზოგადოებას, რომ ისინი არიან მესამე ძალა. რაც შეეხება მათ რესურსებს, 7- ჯერ დადასტურდა, რომ არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ქართველი ხალხი აღარ აძლევს მათ მანდატს",- განაცხადა მაჭარაშვილმა.