"ჟურნალისტებზე ძალადობა უნდა ისჯებოდეს - რესპონდენტის დევნა არ უნდა ხდებოდეს" - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტებზე ძალადობა უნდა ისჯებოდეს - რესპონდენტის დევნა არ უნდა ხდებოდეს"

ჟურნალისტებზე ძალადობა უნდა ისჯებოდეს - რესპონდენტის დევნა არ უნდა ხდებოდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ქადაგიშვილის აზრით, რესპონდენტის დევნა, როცა მას კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს, დაპირისპირებას იწვევს.

"ზოგადად, ჩემი პოზიცია მკაფიოა, ძალადობა ჟურნალისტებზე უნდა ისჯებოდეს. ამაში ალტერნატივას ვერ ვხედავ. ეს ერთი და მეორე, მინდა მოკრძალებულად ვთქვა, როცა რესპონდენტი უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე, ალბათ, აქაც გარკვეული ეთიკა უნდა მუშაობდეს და მერე ამ რესპონდენტის დევნა არ უნდა ხდებოდეს, რაც შემდგომში იწვევს ასეთ დაპირისპირებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ახალისებს ხელისუფლების განცხადებები ჟურნალისტებზე ძალადობას, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ისინი ძალადობას გმობენ.

"ჩვენ (5-6 ივლისის მოვლენების დროს) პირველსავე წუთებში დავგმეთ ჟურნალისტებზე ძალადობა, დაპატიმრებულნი არიან ადამიანები, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა სწორედ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს," - განაცხადა ქადაგიშვილმა.