"არ გამოვრიცხავ ზურაბ ზვიადაურს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს" - რას აცხადებს ადვოკატი - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ ზურაბ ზვიადაურს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს" - რას აცხადებს ადვოკატი

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, სამედიცინო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, საჭიროებს თუ არა ზვიადაური კლინიკაში გადაყვანას და იქ მკურნალობას.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამედიცინო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"დღეს მოვინახულე ზვიადაური. მედიკამენტებზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ხერხემალზე აქვს თიაქარი, ქირურგიული ოპერაცია სამჯერ აქვს ჩატარებული.

ველოდებით სამედიცინო დასკვნას. ამის შემდეგ გადაწყდება მკურნალობის სტრატეგია. შეიძლება დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, შეიძლება არ დასჭირდეს, დასკვნას ველოდებით. არ გამოვრიცხავ, რომ დასჭირდეს. დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი" , - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.