"ვიდრე "სინოფარმის" ახალი დოზების მოწოდება მოხდება, ხელმისაწვდომია "სინოვაკი". "ნოვოვაქსზე" მიდის კონსულტაციები "კოვაქსთან"
"ვაქცინებზე დღეს ფიზიკური ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ქვეყანაში რეალურად 2 მილიონზე მეტი ვაქცინის თავისუფალი დოზაა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორია ვაქცინების არსებული მარაგი და რატომ ფერხდება რიგ შემთხვევებში "სინოფარმზე" ვაქცინაცია.
როგორ გაბუნიამ აღნიშნა, შესაძლებელია, მოქალაქემ "სინოფარმის" ნაცვლად არჩევანი "სინოვაკზე" შეაჩეროს, რომელიც იდენტურია.
"ვაქცინებზე დღეს ფიზიკური ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ქვეყანაში რეალურად 2 მილიონზე მეტი ვაქცინის თავისუფალი დოზაა. ის, რომ "სინოფარმის" დოზები პირველი აცრისთვის შეიზღუდა, ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გასულ კვირას გააკეთა განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. კარგია, რომ "სინოფარმზე" მაღალი აქტივობა იყო, პრაქტიკულად ამოიწურა ის დოზები, რომელიც შევისყიდეთ. ვიდრე ახალი დოზების დონაციით მოწოდება მოხდება სექტემბრის გარკვეულ პერიოდში, მანამდე ხელმისაწვდომია "სინოვაკი", აბსოლუტურად იდენტურია ეს ორი ვაქცინა. შესაძლებელია, მოქალაქემ "სინოფარმის" მაგვირად არჩევანი "სინოვაკზე" შეაჩეროს. ბუნებრივია, "ფაიზერის" ვაქცინაც რჩება მიმოქცევაში",-აღნიშნავს გაბუნია.
მისივე თქმით, კონკრეტულ ლოკაციაზე ვაცინაციის ხარვეზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ამ დროისთვის "სინოფარმის" პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერებულია.
"სინოფარმის" საკმარისი რაოდენობა არ არის იმისთვის, რომ თავისუფალი რეგისტრაციის გარეშე უზრუნველვყოთ მოწოდება. "სინოვაკი" და "ფაიზერია" ამ მხრივ. შეფერხება არ იქნება. რაც შეეხება ამცრელი ავტობუსების მოძრაობას, ავტობუსების მოძრაობა გასული კვირიდან დაიწყო და ემატება ეტაპობრივად. ავტობუსების გარდა მოქმედებს მასიური ვაქცინაციის ცენტრებიც. აქ წინასწარი რეგისტრაცია არ ხდება",- აღნიშნავს გაბუნია.
ვაქცინაციის პროცესში 16-დან 18 წლამდე მოზარდების ჩართვა საკმაოდ აქტიურია. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა ასაკის ვაქცინაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა მიდის, -
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 12 წლის ზემოთ ბავშვთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება.
"16-დან 18 წლამდე ჩართვა საკმაოდ აქტიურია. ზუსტი ციფრი დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია მოგაწოდოთ. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა ასაკის ვაქცინაციას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მსჯელობა მიდის, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო. აშშ-ში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინით მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს", - განაცხადა გაბუნიამ.
აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში ჩატარებული იქნება მილიონ 200 ათასამდე აცრა, აქედან 400 ათასს მიაღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, - ამასთან, როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, ვაქცინაციის საბჭო ასევე მსჯელობს ბავშვების აცრასა და სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებებზე.
"აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში ჩატარებული იქნება მილიონ 200 ათასამდე აცრა სრულად, აქედან 800 ათასამდე პირი იქნება ერთხელ ვაქცირებული, 400 ათასს მიაღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა. საბჭო ასევე მსჯელობს იმ წამახალისებელ და მარეგულირებელ ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კიდევ მეტ აქტივობას ვაქცინაციის პროგრამაში. ასევე განიხილება ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ბავშვთა ვაქცინაციას და მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვას, ასევე ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის განახლებას, რაც ქვეყანას მიმდინარე წლის ბოლომდე შემუშავებული აქვს",- განაცხადა გაბუნიამ.
"მოდერნასთან" პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაზე საუბარი არ გვაქვს - "ნოვოვაქსზე" მიდის კონსულტაციები "კოვაქსთან", თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული პასუხი არ მიგვიღია, - როგორც გაბუნია განმარტავს, ამ ეტაპისთვის საკმარისია ის ვაქცინები, რაც ქვეყანაშია.
"ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის შემოტანაზე საუბარი მიდის დონაციის პროგრამის ფარგლებში. შესყიდვას არ ვგეგმავთ, შესაძლოა, "კოვაქსიდანაც" მოხდეს მოწოდება.
"კოვაქსი" მოგვაწვდის განახლებულ ინფორმაციას, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს წლის ბოლომდე. ჯერჯერობით "მოდერნასთანაც" პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაზე საუბარი არ გვაქვს. საკმარისია ის ვაქცინები, რაც არის.
"ნოვოვაქსზე" მიდის კონსულტაციები "კოვაქსთან", თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული პასუხი არ მიგვიღია", - აღნიშნავს გაბუნია.