"მივმართავ ანტივაქსერ და "კოვიდიშეთქმულების’’ მომხრე ექიმებს, გამობრძანდით კაბინეტებიდან და ცოტა ხნით მაინც იმუშავეთ კოვიდგანყოფილებებში"
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი მარიკა ტუღუში "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"მეგობრებო და აქაურო ფეისბუკის ლომებო! უკვე მეორე წელია კოვიდპაციენტებს ვიღებთ თითქმის შესვენების გარეშე და ამას დასასრული არ უჩანს როგორც ვხედავ, ხოდა გთავაზობთ სხვა დარგის ექიმებს დროებით გავცვალოთ პოზიციები. ანუ ჩაგვენაცვლეთ. კოვიდექიმებად ჩვენც არ დავბადებულვართ. გადავიღალეთ და გამოვიფიტეთ. განსაკუთრებით მივმართავ ანტივაქსერ და "კოვიდიშეთქმულების"" მომხრე ექიმებს. გამობრძანდით კაბინეტებიდან და ცოტა ხნით მაინც იმუშავეთ კოვიდგანყოფილებებში. შორიდან ადვილია განსჯა. რეანიმაციასაც არ გაგიბედავთ იქ თვალით დანახული ჯოჯოხეთია. და კიდევ არაექიმებისთვის -ვისაც არ სჯერა კოვიდის არსებობის და ექიმებს აბრალებს ამ ყველაფერს ექსკურსია კოვიდგანყოფილებაში ძალიან შთამბეჭდავი იქნება რაც მთავარია - ხელფასებიც გავცვალოთ. ვინც ჩვენ 5000ლ - ს დაიჯერებს - ნოლი დააკელით და კი..." - წერს ტუღუში.