"სანამ იციან, რომ მოკავშირეების დროშებზე ძალადობისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ და ქვეყანაში დაუსჯელობის კლიმატია, მანამ კანონში რაიმე ცვლილება არაფერს მოგვიტანს" - კვირის პალიტრა

"სანამ იციან, რომ მოკავშირეების დროშებზე ძალადობისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ და ქვეყანაში დაუსჯელობის კლიმატია, მანამ კანონში რაიმე ცვლილება არაფერს მოგვიტანს"

კანონის აღსრულება, წესრიგი და ძალადობის არწახალისებაა გამოსავალი და არა კანონის შეცვლა და ამით ქულების ჩაწერა ევროკავშირის თვალში,- ასე ეხმიანება დეპუტატი დავით ბაქრაძე ჟურნალისტებთან დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ბაქრაძის თქმით, გამოსავალი არა ფურცელზე გაწერილი ცვლილებები, არამედ დამნაშავეების დასჯაა.

"სანამ ქვეყანაში იციან, რომ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ძალადობისთვის, ჩვენი მოკავშირეების დროშებზე ძალადობისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ და დაუსჯელობის კლიმატია ქვეყანაში, მანამ კანონში რაიმე ცვლილება არაფერს მოგვიტანს, რადგან კანონის აღსრულება, წესრიგი და ძალადობის არწახალისებაა გამოსავალი და არა ის, რომ კანონი შეცვალო და ამით ქულები ჩაიწერო ევროკავშირის თვალში -" აი ჩვენ თქვენს დროშას ვიცავთ." კანონით არა, ფაქტობრივი მდგომარეობით უნდა უზრუნველყო, როცა ხელისუფლება ხარ, რომ არ წაახალისო ძალადობა, მოხალისე ჯგუფები და აღარ დაგჭირდება შემდეგ არც არავის დასჯა და არც კანონის გამკაცრება, ამიტომ დროშის დაზიანება ცალსახად ცუდი და მიუღებელია, მაგრამ გამოსავალი გახლავთ არა ფურცელზე კანონის გამკაცრება, არამედ მოძალადეების დასჯა და ძალადობის არწახალისება ქვეყანაში.

ქვეყანა დღეს არის სახიფათო ზღვაზრზე, როცა ხდება ძალადობის ესკალირება, ზიზღის ენის გამოყენება ოპონენტების მიმართ, დემონიზება პოლიტიკური ოპონენტების, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში იწვევს აგრესიას და აგრესია იწვევს ძალადობას. ამიტომ როცა ვსაუბრობთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, თუ რა მოხდა 5 ივლისს, ხელისუფლების პასუხისმგებლობა გახლავთ სწორედ ის ზიზღი , რომელიც ქვეყანაშია და რომელშიც მოქმედებენ მოძალადეები, ამიტომ აუცილებელია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა, როცა ვიღაცას ხელს აფარებ, ამით ახალისებ დანაშაულს,"- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისათვის, ცვლილებების თანახმად, ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები წესდება. კერძოდ, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით. პროექტის ინიციატორები არიან- პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.