აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა - კვირის პალიტრა

აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა

შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა. "ჩვენი 20 წლიანი სამხედრო ყოფნა ავღანეთში დასრულდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა და ამერიკელ სამხედროებს სახიფათო ევაკუაციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბოლო 17 დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა განახორციელეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია და გამოიყვანეს 120 000-ზე მეტი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები, ასევე შეერთებული შტატების ავღანელი მოკავშირეები", - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ავღანეთის დატოვება ყველა მსურველმა ვერ შეძლო და მსოფლიო "თალიბანს" აკისრებს ვალდებულებას, ამ ადამიანების ქვეყნიდან უსაფრთხო გასვლა უზრუნველყოს.

"თალიბები" ამერიკული ჯარის გასვლის პროცესის დასრულებას მიესალმნენ და განაცხადეს, რომ ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

"ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა", - აღნიშნა "თალიბანის" პრესსპიკერმა ყარი იუსუფმა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთის დატოვებისთვის ვადა 31 აგვისტომდე ჰქონდათ, რის გამოც იძულებულები იყვნენ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი სწრაფ და ქაოსურ რეჟიმში განეხორციელებინათ, მაგრამ ყველა მსურველის გაყვანა ვერ მოხერხდა და ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ათასობით ის ადამიანი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დასავლურ ქვეყნებს დახმარებას უწევდა და ამის გამო ახლა საკუთარ ქვეყანაში "თალიბებისგან" საფრთხე ემუქრება.