"ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს - თუ ეს გავაგრძელეთ, ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს"
"ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილი არის წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს. ჩვენ თუ ეს გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს. მობრძანდით არჩევნებზე, ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ კარგად გათვალეთ, რომ არ აღმოვჩნდეთ ისევ იმ ჯადოსნურ წრეში, რაზეც 30 წელი დავდივართ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის "მესამე ძალა" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც თავადაც შეუერთდა.
გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ახალ პოლიტიკურ პტალტფორმას "მესამე ძალას" შეუერთდა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკური ვითარების გამოსწორება იმისთვის, რათა საქართველომ დასავლური კურსი არ დაკარგოს.
"გიორგიმ (ვაშაძე) უკვე ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს სამშობლოს აქვს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, სადაც, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად ქართველებს არც ეროვნული შეთანხმება გვაქვს, არც კონსენსუსი და სამწუხაროდ, არც ერთად მუშაობის სურვილი. სადაც დემოკრატია დემაგოგიით არის ჩანაცვლებული, დიალოგის მაგივრად გვაქვს პირადი შეურაცხყოფების და ერთმანეთის რეპუტაციის განხილვის ტალღა. ამ დროს ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რა ხდება ჩვენს გარშემო. უკრაინაში ომია, სამხრეთ კავკასიაში ომია, ჩვენს ორ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომია, სირიაში ომია, ავღანეთში ომია. გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ მას ეგონის, ეს ჩვენ არ შეგვეხება.
30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ნორმალური ფუნქციონირებადი, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატია. მივიღეთ ის, რომ ჩვენს მოკავშირეებს ჯერ იმედგაცრუება გადაეზარდათ გაღიზიანებაში, გაღიზიანება სრულ პესიმიზმში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისათვის, რომ ჩვენს მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სახე და პოლიტიკური დისკურსი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ დავრჩებით მარტო და ვინ მოიგებს ამით, თქვენ მშვენივრად გესმით.
რამდენიმე რამ არის სასწრაფოდ გასაკეთებელი: პირველი, პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე, - ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში და საერთოდ, ჩვენს მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება ჰყოფნით ან ჭკუა იმისათვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს და სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება. ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც ნატო დაგვჭირდება, აღარ ევროპის კავშირი და შეიძლება ეს სახელმწიფოც დავკარგოთ", - განაცხადა ვაშაძემ.