სოსო ცინცაძე: - "საქართველოს ხელისუფლებამ ერიკ ფურნიე პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს"
"ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას" - ეს არის ამონარიდი საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ "თბილისელებს" მისცა და ჩვენს მკითხველს უცვლელი სახით ვთავაზობთ.
ჩვენდა გასაკვირად, მის განცხადებას, არც ხელისუფლებისა და არც საზოგადოების მხრიდან ინტერესი და, მით უფრო, პროტესტი არ მოჰყოლია. მართალია, ფრანგი დიპლომატის ინტერვიუში სხვა საყურადღებო და ლამის დაუჯერებელი პასაჟებიც არის, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ამ სტატიის განხილვას არ ვაპირებთ.
ამ შემთხვევაში, ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი, საქართველოს ისტორიის დამახინჯებული ინტერპეტაციაა, რითაც ფრანგი დიპლომატი ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ იმიჯს ზიანს აყენებს... არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ იმაზე, რომ ერიკ ფურნიე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2007 წლიდან ეწევა დიპლომატიურ მოღვაწეობას, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით არასტაბილურ ქვეყნად მოიხსენიებს (ალბათ ახალი არ არის, რომ დიპლომატიური სამსახური თავის ქვეყნის პოზიციას გამოხატავს)...…რამდენად იზიარებს, დანარჩენი დასავლური სამყარო საქართველოს მიმართ ასეთ განწყობას და რაც ნიშნავს, როცა ქვეყანაში აკრედიტებული ელჩი არ არის ინფორმირებული ამ სახელმწიფოს წარსულსა და მომავალზე? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რამდენიმე კითხვით პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცინცაძეს მივმართეთ.
- ბატონო სოსო, რა შეფასებას მისცემდით ფრანგი დიპლომატის მოსაზრებას ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც თურმე 20-წლებიდან იღებს სათავეს?
- პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ასეთი შეფასებები ელჩის კომპეტენციას სცდება. გარდა ამისა, ეს დიპლომატი ადრეც იყო შემჩნეული საქართველოს მიმართ არამეგობრულ განცხადებებში. თუმცა, მე თავს ვალდებულად მივიჩნევ, მას რეალური ინფორმაცია მივაწოდო და იმედი მაქვს, ბატონი ფურნიე ამას წაიკითხავს, თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგში თავი ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენოს;
1921 წელს, როცა საქართველო რუსეთთან თავდაცვით ომებს აწარმოებდა, ოსებმა მომენტით ისარგებლეს და აჯანყდნენ. მაშინ ქართული სოფლების დაცვა, ვალიკოს ჯუღელის ხელმძღვანელობით, ქართულ გვარდიას დაევალა. ეს იყო რეგიონში წესრიგის დამყარებისკენ მიმართული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა. ამის შესახებ ჯუღელი თავის მემუარებშიც წერს, სადაც იგი ჰყვება, რომ ამ ოპერაციას მსხვერპლი ორივე მხრიდან მოჰყვა, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ რაოდენობით არა, რაც ბატონ ფურნიეს აქვს არგუმენტად მოყვანილი...
- ეს აჯანყება რუსეთის მიერ იყო "შეკვეთილი"?
- არა მგონია. უბრალოდ, ოსებს ყოველთვის ჰქონდათ ლტოლვა რუსეთისკენ... ეს დაახლოებით ისეთი აჯანყება იყო, როგორც საფრანგეთში "ვანდეას" სახელით ცნობილი ბუნტი, რომლის წინააღმდეგაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სადამსჯელო ოპერაციები განახორციელა... ჯუღელის მემუარებში ვკითხულობთ, რომ იმ წლებში გამოდიოდა გაზეთი "თეატრი და ცხოვრება", რომელშიც დოკუმენტური ფოტო-მასალა იყო გადმოცემული, სადაც ქართველების მოჭრილი თავები იყო ასახული. დახოცილებს შორის იყვნენ ქალები და ბავშვები. ასე რომ, ეს იყო ქართული გვარდიის პასუხი იმ ბარბაროსობაზე, რასაც ოსები ქართველების წინააღმდეგ სჩადიოდნენ...
გაოგნებული ვარ საფრანგეთის ელჩის შეფასებით და არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მისი რეალური პოზიციაა. არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის ნახსენები, რომ ქართველები ოსების გენოციდში არიან შემჩნეული... ვერ გეტყვით, ფურნიეს პოზიცია რას ემყარება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, წესით ხელისუფლებამ, ერიკ ფურნიე პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს და მას საქართველოს დატოვება უნდა მოსთხოვოს. ისე კი არა, გოგა ხაინდრავამ სულელურად რომ მისწერა ამერიკის ელჩს, საქართველოდან წადითო. ხელისუფლების მოთხოვნა არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული.
- 90-იან წლებში მართლაც გავრცელდა ასეთი მოსაზრება...
- დიახ, ეს იყო გენერალური პროკურორის ვახტანგ რაზმაძის მიერ გავრცელებული მოსაზრება, რომელიც ნაწყენი იყო ზვიად გამსახურდიაზე და განაცხადა, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ოსებს გენოციდი მოუწყო. ეს იყო პირად წყენაზე აგებული და შემდეგ პოლიტიზირებული განცხადება, რათა გამსახურდიასთვის ჩირქი მოეცხო, თუმცა რეალურად მსგავსი არაფერი ყოფილა.
- ბატონო სოსო, რამდენად არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, დასავლური ქვეყნების დიპლომატიურ წრეებში საქართველოს მიმართ ზოგადად ასეთი დამოკიდებულებაა?
- არა. მე აქტიურად ვთანამშრომლობ დასავლურ მედიასთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს, მართალია, ჯერ კიდევ განვითარებად, მაგრამ ბევრად უფრო ჰუმანურ სახელმწიფოდ იცნობენ... ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს თავის კონფლიქტურ რეგიონებში პრობლემები აქვს, მაგრამ ისიც იციან, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, რომელიც ტერიტორიულად ბევრად აღემატება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, არც ერთი ოსური სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობდა და არც არსებობს, მაშინ, როცა მხოლოდ ცხინვალში 8 ოსური სკოლა იყო. ეს ნათლად ადასტურებს, რომ მათ არანაირი შეზღუდვები აქ ჰქონიათ, მათი მთავარი ინტერესი ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთება იყო.
- ბატონო სოსო, როცა საფრანგეთსა და რუსეთს შორის "მისტრალის" მიყიდვის საკითხი იდგა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ეს არ იქნებოდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი და იქვე დასძინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, მასა და მედვედევს შორის მიღწეული შეთანხმება მეტ-ნაკლებად შესრულებულია, ერიკ ფურნიე კი აცხადებს, რომ "მსოფლიო დიდი თუ მცირე ომების ისტორიაში, არაერთი შეუსრუბელი ხელშეკრულება არსებობს"...
- ნიკოლა სარკოზის პოზიცია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის გამართლებას ჰგავს. იგი ცდილობს, თავი ისე წარმოაჩინოს, რომ მედვედევსა და პუტინს არ მოუტყუებიათ, სინამდვილეში კი, რუსმა ხელისუფალმა ის გააბითურა, ვინაიდან შეთანხმებაში წერია, რუსეთმა ჯარები 2008 წლის აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე უნდა დააბრუნოსო. ომამდე კი რუსული შეირაღებული ნაწილები არათუ ახალგორსა და ერედვში, ცხინვალშიც კი არ იყვნენ, იქ მხოლოდ სამშვიდობო ნაწილები იყო განლაგებული... სარკოზი იმიტომ იტყუება ასე თავგამოდებით, რომ საფრანგეთში მისი ავტორიტეტი ძალიან დაბალია, არადა, არჩევნები კარს არის მომდგარი, მისი ოპონენტი კი, მასზე 25% მეტი რეიტინგით სარგებლობს...
- რას ნიშნავს, როცა ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის ასეთი პოზიცია იმ სახელმწიფოს მიმართ, სადაც იგი დიპლომატიური მისიით იმყოფება?
- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ელჩის გენერალური ვალდებულებაა, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და არა იმ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა და ჭორების გავრცელება, სადაც იგი იმყოფება...
- თქვენი აზრით, რატომ დუმს ფურნიეს ამგვარ პოზიციაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო?
- არ ვიცი, მართლაც გაოგნებული ვარ, შესაძლოა, ეს უწყება ამ საკითხს ახლა სწავლობს. თუ ამას საქართველოს სახელისუფლებო წრეების მხირდან რეაგირება არ მოჰყვება, ეს იქნება მსოფლიო დიპლომატიურ პრაქტიკაში უპრეცენდენტო შემთხვევა... ჩემის მხრივ, ერეკ ფურნიეს, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ბრალდებებზე, ვაპირებ ანალიტიკური სტატიის მომზადებას, რომელსაც სხვადასხვა დასავლურ მედია-საშუალებებს მივაწვდი.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)