"ეს არის კლასიკური ვირეშმაკობა, "ქართული ოცნება" თავად ამბობს უარს ევროკავშირის დაფინანსებაზე - შედეგები იქნება დამანგრეველი" - კვირის პალიტრა

"ეს არის კლასიკური ვირეშმაკობა, "ქართული ოცნება" თავად ამბობს უარს ევროკავშირის დაფინანსებაზე - შედეგები იქნება დამანგრეველი"

"ეს არის ვირეშმაკობა", - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, ირაკლი კობახიძის მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" გაჟღერებული განცხადება, რომლის თანახმადაც "მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გამო, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას".

ხუხაშვილის თქმით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, "ქართულ ოცნებას" არ სურს იმ შეთანხმებისკენ დაბრუნება, რომლის არ შესრულების შემთხვევაში ევროკავშირი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" ახლა ამის პრევენციულ განცხადებებს აკეთებენ.

"ვითომ ევროკავშირი კი არ უწყვეტს დაფინანსებას, თითქოს "ქართული ოცნება" თავად ამბობს უარს ევროკავშირის დაფინანსებაზე. ისინი ამ თემასაც შიდაპოლიტიკურ პრიზმაში უყურებენ და ცუდი თამაშის პირობებშიც ცდილობენ სახე შეინარჩუნონ. ეს კლასიკური ვირეშმაკობაა, მეტი არაფერი.

რაც შეეხება ეკონომიკურ ასპექტს, პირდაპირ გეტყვით, რომ კობახიძე სისულელეს ამბობს, რადგან ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ 75 მილიონ ევროს არ დავკარგავთ. ჩვენ დავკარგავთ ბევრად უფრო მეტს ეკონომიკურად, პოლიტიკურ დანაკარგზე რომ არ ვისაუბრო. როდესაც ევროკავშირი ამ ტიპის დახმარებას აჩერებს, ეს არის ინდიკატორი ინვესტორებისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანა არის მაღალი რისკის ზონაში, შესაბამისად, თავის აქტივობებს აჩერებს. თუ ჩვენ ფულში გვინდა რაღაც გავზომოთ, არ ვლაპარაკობთ მხოლოდ 75 მილიონზე, აქ საუბარია სერიოზული, პირდაპირი ინვესტიციების კლებაზე, რომელთა მოცულობაც, შესაძლოა, მილიარდს აღწევდეს. შედეგები იქნება დამანგრეველი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.