"ავღანეთში ომი დასრულდა, არ ვაპირებდი ამ სამუდამო ომის გაგრძელებას"
"ავღანეთში ომი დასრულდა. უარი ვთქვი ავღანეთში ომის კიდევ ერთი ათწლეული დამეწყო,"- აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, გასული 20 წლის განმავლობაში ავღანეთში 800 000-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობდა, აქედან 2 461 დაიღუპა, მათ შორის 13 - გასულ კვირაში.
"არ ვაპირებდი ამ სამუდამო ომის გაგრძელებას, ამ ომის დასრულების დრო იყო,"- აღნიშნა ბაიდენმა.
მან შეაქო ჯარისკაცები ავღანეთიდან 120 000 -ზე მეტი ადამიანის ევაკუირების ორგანიზებისთვის. პრეზიდენტის ინფორმაციით, ავღანეთიდან გაიყვანეს იმ ამერიკელების 90%-ი, ვისაც ქვეყნის დატოვება სურდა, ასევე ათასობით ავღანელი დიპლომატი და დამხმარე თანამშრომელი. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ავღანეთიდან ადამიანების გამოყვანა გაგრძელდება როგორც კი "თალიბანი" აეროპორტს კვლავ გახსნის.
"120 000 -ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ეს რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე ექსპერტთა უმეტესობა ვარაუდობდა,"- აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ -ის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალ მიმართულებაზეც მიანიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ ავღანეთში მნიშვნელოვანი გაკვეთილები მიიღო.
"პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიწყოთ მისიები მკაფიო მისაღწევი მიზნებით და არა იმით, რასაც ვერასდროს მივაღწევთ. მეორე, ვიქნებით ორიენტირებული ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებზე. სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით სამხედრო ოპერაციების განხორციელების ეპოქა დასრულდა,"- აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ფუნდამენტური ვალდებულებაა, დაიცვას ამერიკა არა 2001 წლის საფრთხეებისგან, არამედ 2021 წლის და მომავალი საფრთხეებისგან .