"გუნდის დატოვების შემდეგ ჩვენი კოლეგები გამდიდრდნენ, იმდენი რამ შესთავაზეს, ბევრი ამის გამო დარჩა"
"ამ მოსამართლეების დატოვება არის ყველაზე დიდი ბოროტება", - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება.
მისი შეფასებით, ხელისუფლება რეჟიმის შენარჩუნებას ცდილობს და მას ამისთვის სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობის გაძლიერება სურს.
"არ ვიცი, რა გრძელვადიანი გათვლები აქვთ, მაგრამ როგორც წესი, ბოროტება დიდხანს ვერ არსებობს, გამორიცხულია. მინდა წელს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რაღაცები დავაკელი, ვერ ვთქვი თავის დროზე საკმარისად, რაღაცებს მოვერიდე. ამ მოსამართლეების დატოვება არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი შეიძლება გავაკეთოთ იმიტომ, რომ ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც უდანაშაულო ხალხი, ათი ათასობით ადამიანი სააკაშვილის ბრძანებით ციხეში გამოკეტეს. ვერ ვხვდები, სად გაქრა ამ ხალხის თავმოყვარეობა, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" იმაში დაუჭირეს მხარი, რომ ეს სასამართლო ასეთი ყოფილიყო. ჩვენი ხელისუფლება კორუმპირებულია. ეს არის რეჟიმი, რომელსაც ეს სისტემა სჭირდება. ვფიქრობ, დავაკელი რაღაცები, უფრო აგრესიული და რადიკალური უნდა ვყოფილიყავი. იმ გადმოსახედიდან შეიძლება საზოგადოების მხრიდან არასწორად ყოფილიყო აღქმული, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა. რაღაცებზე გული მწყდება, იმაზე, რომ ჩვენმა კოლეგებმაც ვერ აუღეს ამას ალღო. ჩვენი კოლეგები რომ გამოგვყოლოდნენ, ის ადამიანები, რომლებმაც საბოლოდ მაინც დატოვეს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილების დროს, ეს რომ ყოფილიყო კონცენტრირებულო პროტესტი მოსამართლეებზე, ჩვენ მაშინ პროცესს გადავტეხავდით. დაგვაკლდა დაახლოებით 5-6 ადამიანის ნება. 5-6 ადამიანს მაშინ რომ გაებედა, ბიძინა ივანიშვილს თამაშში არ გაჰყოლოდა და პროცესისთვის მხარი დაეჭირათ, ამ პროცესს გადავტეხავდით", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, ადამიანები "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ ფულზე, წინადადებებზე გაიყიდნენ.
"ჩემს მიერ გუნდის დატოვების შემდეგ ჩვენი კოლეგები გამდიდრდნენ. იმდენი რამ შესთავაზეს მათ, რომ ბევრი ამის გამო დარჩა. ზოგმა ტენდერი მიიღო. მათი უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილმა "გადააგდო", მაგრამ იმ მომენტისთვის გაიხანგრძლივეს ყოფნა, მაშინ ძალიან დიდი კრიზისი იდგა "ქართულ ოცნებაში", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი შეფასებით, დღეს სასამართლო სისტემაში ყველაზე "ბინძური სივრცე ჩინჩალაძის ე.წ. კლანია".
"დაცემული ადამიანები არიან პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ, დღეს "ქართული ოცნების" მთავარი მოკავშირე არის "ნაციონალური მოძრაობა" და ძველი, "ნაციონალური მოძრაობის" აღზრდილი სივრცე, ესენი ხომ მათი ხალხი იყვნენ", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, დღეს პარლამენტის წევრთა უმრავლესობა მცირედი გამონაკლისის გარდა, ის ადამიანები არიან, რომელთაც "არანაირი მორალი და პრინციპი არ გააჩნიათ".
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.