"გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა და ყველა პროგნოზის მიხედვით ოქტომბრიდან სიტუაცია დამშვიდდება" - კვირის პალიტრა

"გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა და ყველა პროგნოზის მიხედვით ოქტომბრიდან სიტუაცია დამშვიდდება"

"გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა და ყველა პროგნოზის მიხედვით ოქტომბრიდან სიტუაცია დამშვიდდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, სადაც მან ეპიდვითარება მიმოიხილა.

როგორც პრემიერ აღნიშნავს, ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, არსებულ ეპიდვითარებას რამდენიმე კვირაში "გადავტეხავთ".

"პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ჩვენ კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავიჭირვოთ. ვუსმენთ, რა ეპიდემიოლოგებს, ჩვენ ექიმებს; არსებობს ძალიან ოპტიმისტური დამაჯერებელი პროგნოზები, რომ რამდენიმე კვირაში გადავტეხავთ ამ სიტუაციას და ეპიდემიოლგიური ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. რა გვაძლევს ამის საფუძველს? - პირველ რიგში, ვაქცინაცია, რომელიც ეფექტიანად მიმდინარეობს, სწრაფი ტემპებით. კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ, დღეში 30 ათას აცრას ვაკეთებთ და კიდევ მეტი აცრა უნდა გავაკეთოთ, დღეში 40 ათასამდე უნდა ავიდეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთ მილიონი ადამიანის აცრა მოვახერხოთ 1 თვის განმავლობაში. აცრები, პირბადე, დისტანცია - გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა და ყველა პროგნოზის მიხედვით ოქტომბრიდან სიტუაცია დამშვიდდება. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკური ზრდა არ გაჩერდეს, ისეთივე ტემპით გაგრძელდეს, როგორც ახლა გვაქვს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს გამორჩეული ეკონომიკური ზრდა აქვს, რასაც შენარჩუნება სჭირდება.

"გვაქვს ძალიან ძლიერი, სოლიდური ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია. 2007 წელს იყო ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ მთელ მსოფლიოში სხვა ვითარება იყო, ახლა სხვა ვითარებაა. ჩვენ მართლაც გვაქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდა, ამას შენარჩუნება სჭირდება. ეკონომიკური ზრდა რატომ არის მნიშვნელოვანი? ბიუჯეტში ქვეყანას გაუჩნდა დამატებით რესურსი, მილიარდ 200 მლნ ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი, რითაც კიდევ უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება, იქნება ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა", - აღნიშნა პრემიერმა.