"ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ დავაბრუნოთ ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა"
სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ, თუ ჩამოვცდებით 2000-ს, შესაძლებელია თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის და კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე უნდა გააქტიურდეს "პისიარ" ტესტირება და ვაქცინაციის პროცესი.
"სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს მაინც, რაც ჩვენთვის პიკი იყო გასული ტალღის პერიოდში, აპრილ-მაისში, უკვე შესაძლებელია, რომ მეტად თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე და კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც. აქაც გარკვეული დათქმებით, რადგან ისევ რეგულაციის დაცვა, ვაქცინაციის სტატუსის მეტად აქტიური მონიტორინგი და "პისიარ" ტესტირება იქნება ის პირობები რაც საშუალება მოგვცემს მეტად გავაქტიურდეთ", - აღნიშნავს თამარ გაბუნია.
როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, სანამ ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი არ განახევრდება ძნელი იქნება ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი.
"ჩვენ ვერასდროს ვამბობთ 2000 თუ იქნება შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. გვესმის ისიც, რომ ეპიდემიის მიზნების გარდა არსებობს სოციალური და სხვა ბიზნეს აქტივობების მიზნები, ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია ყველა ამ მიმართულებით. დღეს მაქსიმალურ დატვირთვაზეა ჰოსპიტალური სექტორი. ვიდრე თუნდაც დღევანდელი შემთხვევების განახევრება არ გვექნება, ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ დავაბრუნოთ თუნდაც ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა",- აღნიშნავს გაბუნია.
"ინტერპრესნიუსი"