კვლევა: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაავადების ხანგრძლივობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს - კვირის პალიტრა

კვლევა: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაავადების ხანგრძლივობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

სრულად ვაქცინირება არა მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებისგან გიცავთ, არამედ, დაინფიცირების შემთხვევაში, დაავადების ხანგრძლივობის რისკს, არავაქცინირებულებთან შედარებით 50%-ით ამცირებს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ King's College London-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით ათასობით არავაქცინირებული და ვაქცინირებული ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.

მათი მტკიცებით, ვაქცინის ორი დოზით აცრილების მხოლოდ 0.2% -მა განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდნენ.

ამასთან, კვლევის ფარგლებში განაგრძეს დაკვირვება 592 სრულად ვაქცინირებულ პირზე, რომელიც დაინფიცირდა და აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი კოვიდი (როდესაც დაავადება კოვიდტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან 28 დღის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება) 31-ს ანუ 5%-ს განუვითარდა.

კვლევის თანახმად, არავაქცინირებულთა ჯგუფში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11% იყო.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა დღემდე 42.9 მილიონამდე ადამიანს აქვს გაკეთებული. ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ვაქცინებმა მხოლოდ ინგლისში 105 000 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, 24 მილიონზე მეტ ადამიანს კი დაინფიცირება ააცილა თავიდან.