"ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მთავარი "ჩარჩო" მაქვს - მორალის; მთავარია, იქიდან არ გავიდე..." - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მთავარი "ჩარჩო" მაქვს - მორალის; მთავარია, იქიდან არ გავიდე..."

"აღმოგაჩინე და განმაცვიფრე", - სწერენ მას სოციალურ ქსელში. ვინც მის პოეზიას იცნობთ, ალბათ იმავე განცდა გაქვთ, ვინც - არა, ეს ბედნიერება წინ გელოდებათ. შეხედეთ სამყაროს მისი თვალით და ბევრ რამეზე სხვაგვარად დაფიქრდებით. თავად ამბობს: "ლექსები ჩემი ბედისწერაა/ და დაჭრილ სულზე წვიმა მარილის"... იცნობდეთ, ეს პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მთაში რომ არ წავიდე და მხოლოდ ქალაქში ვიცხოვრო, ვერაფერსაც ვერ დავწერ. სიმშვიდე და ბუნებაში ყოფნაა ჩემთვის აუცილებელი. ემოციით ვიმუხტები და მერე ქვეცნობიერში დარჩენილი განცდები გადმომაქვს..."

"თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ვარ. ბავშვობიდანვე სულ ვცდილობდი, არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მთავარი "ჩარჩო" მაქვს - მორალის; მთავარია, იქიდან არ გავიდე..."

"ყველა ლექსი რეალური ამბითაა ნაკარნახევი. მთიულეთში ვცხოვრობ. მოგეხსენებათ, აქ ხატობის დღესასწაულს აღვნიშნავთ, ამ დღეს უამრავი საკლავი იკვლება, ამ სანახაობის შთაბეჭდილებამ დამაწერინა: "ხარის რქებზე/ რომ სალოცავად/ სანთელს აანთებ,/ ყელთან მიტანილ/ დანას როგორ/ არ მიენდობა?!/ ალბათ, ფიქრობს,/ რომ ამ დასაბმელ/ ბაწარს შეაჭრი". და კიდევ: "ხატს შეწირული/ ქორბუდას რქები,/ სხვა ირემმა/ რომ დაინახოს,/ რას წარმოიდგენს,/ რომ აქ ვლოცულობთ?!."

"ბავშვობიდან სულ მქონდა მოთხოვნილება, ბუნებაში ვყოფილიყავი, ამის ერთ-ერთ გზად ნადირობა მიმაჩნდა... წლები რომ გავიდა, იარაღთან გაუცხოება დამემართა, ფოტონადირობაზე გადავედი. ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია, ამ ცხოვრებით რომ არ მეცხოვრა, რომ არ მენადირა, ალბათ ასეთ პიროვნებად არც ჩამოვყალიბდებოდი. ვაჟა-ფშაველა, მუხრან მაჭავარიანი, ოტია იოსელიანი აქტიური მონადირეები იყვნენ; შოთა რუსთაველს ნადირობის სცენა ისე აქვს აღწერილი, მონადირე რომ არ ყოფილიყო, ასე ვერ დაწერდა. ნადირობას რაღაც განსხვავებული სევდა მოაქვს..."

"ახლა ევროკავშირის ელჩის დაცვაში ვმუშაობ. კარგი ადამიანები არიან, ჯანსაღი გარემოა. კარლ ჰარცელი ყურადღებიანი ადამიანია, ყოველ დილით რომ არ მოგვესალმოს, მოგვიკითხოს, არ იქნება. მისი მხრიდან ყველა თანამშრომლის მიმართ დიდი პატივისცემა იგრძნობა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე