ძვირფასი შაფრანი საქართველოშიც მოდის
"პირველი პირობა ეკოლოგიური სისუფთავეა - ნათესებს ქიმიურ სასუქს არ ვაკარებ"
ქართული სუფრა, მით უფრო სადღესასწაულო, ზაფრანით შეზავებული კერძის გარეშე იშვიათად თუ ჩაივლის. თუმცა ბევრმა არ იცის, როგორ განსხვავდება ქართული ზაფრანა საწარმოო ზაფრანისგან, რომელსაც აღმოსავლეთში შაფრანს უწოდებენ. მისი 1 კილოგრამის ფასი 10.000 დოლარს აღწევს. ამ ძვირად ღირებული სანელებლის პირველი მოსავალი ჩვენში საოკუპაციო ზონისპირა სოფელში აიღეს. ის მერაბ ინასარიძემ მოიწია, კაცმა, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა.
დღეს ბატონი მერაბი სხვასაც ეხმარება, რათა საქართველოში ეს ბიზნესი როგორმე ფეხზე დადგეს. მან მთელი სიცოცხლე ტრადიციულ კულტურებს, მათ შორის ვაშლის ბაღის მოვლა-მოყვანას შეალია. თუმცა, როდესაც გერმანიაში მცხოვრებმა ქალიშვილმა უთხრა, მამა, ბევრს შრომობ და მცირე შემოსავალს იღებ, ტრადიციულ კულტურებზეც უარი არ ვთქვათ, მაგრამ უცხოს მოყვანაც სცადე, იქნებ უფრო გაგიმართლოსო, დათანხმდა. სწორედ ეს ვკითხე პირველად, რა უპასუხეთ ქალიშვილს, როდესაც ვაშლის ბაღს შეჩვეულ კაცს `რაღაც ყვავილების~ მოყვანა შემოგთავაზათ-მეთქი.
- რა უნდა მეპასუხა... როგორ შეიძლება ადამიანმა სიახლე არ აწონ-დაწონოს. ჩემი შვილები სულ რაღაცას სწავლობენ და შრომობენ და აბა, როგორ არ ვენდობი. დავთანხმდი, მით უფრო, რომ თუ რაიმე შემეშლებოდა, ისევ ჩემი შვილის გერმანელი მეგობარი დამეხმარებოდა, რომელიც ახლა უკვე ჩემი მეგობარიცაა. რა თქმა უნდა, ჩვენებური კულტურებიც დავიტოვე. ერთი სიტყვით, შაფრანის 40.000 ცალი ბოლქვი 5 წლის წინ გამოვიწერეთ ჰოლანდიიდან, რაშიც 5.000 ევრო გადავიხადეთ, აქედან ნაწილი ნასესხები იყო... ბოლქვების ჩამოტანაზე ბევრი ვინერვიულე. საბაჟოზე ძალიან დიდხანს ვერ არკვევდნენ, რა იყო და რაში გვჭირდებოდა ამდენი ბოლქვი. დატვირთული მანქანაც კარგა ხანს იდგა საზღვარზე. როცა ჩვენამდე მოაღწია, უკვე დამხმარის თანხაც აღარ გვქონდა და 40 000 ბოლქვი პაპანაქება აგვისტოში, როდესაც შაფრანი ირგვება, მე და ჩემმა მეუღლემ დავრგეთ.
- წარმომიდგენია, რა ძნელი იქნებოდა. - აბა, უშრომლად რა კეთდება? მოსავალი უკვე ოქტომბერში ავიღეთ. ძალიან ლამაზი იყო, გარშემო ყველაფერი ყვითლდებოდა და ამ დროს შაფრანი იისფრად ყვაოდა. თუმცა ეს ის მოსავალი არ არის, რასაც შეჩვეული ვართ: შაფრანი პატარა, იისფერი ყვავილია და თანაც, სანელებელი მთელი ყვავილისგან კი არა, ყვავილის გვირგვინში ამოსული პატარ-პატარა ბუტკოებისგან მზადდება. თითო ყვავილში სულ 3-6 ნამცეცა ბუტკოა.
მოსავლის აღებაში ჩვენი სოფლის ქალები დავიხმარეთ. ამ ამბავს რომ ვუკვირდები, მიხარია. მართალია, შრომა შაფრანის ყვავილის დამუშავებასაც სჭირდება, მაგრამ ამ საქმის კეთება ნებისმიერს შეუძლია. მათ შორის მათაც, ვისაც ჯანმრთელობის გამო სხვა საქმის კეთება უჭირთ; ვისაც არასოდეს ჰქონია თავისი შემოსავალი. განა სასიხარულო არ არის, როდესაც ხელფასს იმ ადამიანს მისცემ, რომელსაც ხელფასი არასოდეს აუღია?
- არ გეუბნებოდნენ, ამ გრამებში რა ფულს აიღებ, რატომ იღლი ტყუილად თავსო? - ალბათ, ფიქრობდნენ, ეს ჩვენი მერაბი დაბერდა და გასულელდაო, მაგრამ ახლა უკვე მეუბნებიან, ყოჩაღ, მერაბო!
- თქვენ როდისღა აიღეთ პირველი შემოსავალი? ჩვენთან ხომ ამ პროდუქტის გაყიდვა ადვილი არ არის, თითქმის არც ვიცნობთ. - მართალი ხართ, შაფრანის გაცნობას ახლა ვიწყებთ, არადა, ძვირფასი პროდუქტია. შაფრანის ყველაზე დიდი მომპოვებელი ირანია და იქაც კი 1 გრამში ფერმერს, სულ ცოტა, 2 დოლარს უხდიან. ამერიკაში 1 გრამის ფასი 12 დოლარამდეც ადის. ჩვენთან კი შაფრანის მოხმარება რესტორნებში ახლაღა იწყება და ჯერ მხოლოდ 15 გრამი შაფრანის გაყიდვის ერთადერთი შემთხვევა მქონდა. რა თქმა უნდა, მირჩევნია, შაფრანი ჩვენშიც გაიყიდოს და ფასი 15 ლარამდე დავწიო, მაგრამ ჯერ ასე არ არის და ვწვალობ. ხმელ სანელებელს გერმანიაში ქალიშვილთან ვგზავნი, ხან ნაცნობებს ვატან, ხან ფოსტით, და ის ყიდის.
- ევროპაში პროდუქცია ვერ გაიყიდება, თუ ლაბორატორიაში არ არის შემოწმებული. - ჩემი მოწეული შაფრანის მოსავალს საფრანგეთის ლაბორატორია აკონტროლებს და უმაღლეს შეფასებას აძლევს სამივე კატეგორიაში: გემოში, სურნელსა და ფერში. ჩემთვის პირველი პირობა სწორედ ეკოლოგიური სისუფთავე იყო - ნათესებს ქიმიურ სასუქს არ ვაკარებ. თაგვის საწამლავსაც არ ვყრი. არადა, თაგვი ძალიან შემომიჩნდა, შაფრანის ბოლქვებს ხრავს. წელს მხოლოდ 750 გრამი სანელებელი ავიღე, არადა, მეტი უნდა ამეღო, თაგვი რომ არ გადამმტერებოდა. ახლა თაგვის საწინააღმდეგო საშუალებას მხოლოდ ნაკვეთის მიმდებარედ ვყრი. თუმცა ამ მღრღნელთან საბრძოლველად ევროპაში უკვე არსებობს ტექნიკური საშუალებები, რის შეძენასაც ვაპირებ. ვაპირებ შაფრანის ნაკვეთების გაზრდასაც. უცხოეთიდან ბოლქვების გამოწერაც აღარ დამჭირდება. შაფრანის ყვავილი პირველი დარგვის შემდეგ თავადვე მრავლდება. უკვე 100 000 ბოლქვი მაქვს დარგული. შრომა სჭირდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სხვა კულტურებზე მეტი - შრომა მოსავლის სარეველებისგან გამარგვლასა და მოსავლის მოწევაზე უფრო იხარჯება.
- ჩვენში ეს საქმე კარგად აწყობილი რომ იყოს, ევროპიდან კლიენტი თავად დაგიკავშირდებოდათ. - იმიტომაც მინდა ბევრს ჰქონდეს საქართველოში ეს კულტურა. მას შემდეგ, რაც ინტერნეტით ხალხმა ჩემს შაფრანზე გაიგო, ბევრმა მთხოვა, დაგვეხმარე, რომ ჩვენც გავახაროთო. ამ კეთილ საქმეში როგორ არ დავეხმარები. ამ დღეებში თავად ჩავიტანე პანკისში შაფრანის 4 000 ბოლქვი. აქაც ამ საქმეს ჩემი გერმანელი მეგობარი ნერგავს და ძალიან მიხარია.
- ალბათ, ისიც გსიამოვნებთ, რომ შაფრანი ევროპაში გაიტანეთ. - რა თქმა უნდა. ერთხანს ჩემი ქალიშვილი ოჯახით შვეიცარიაში ცხოვრობდა. ჩვენი შაფრანის პირველი მოსავალიც იქ ჩააბარა მაღაზიაში თავისი ლიცენზიით. გრამში 10 დოლარი გადაუხადეს. ვთხოვე, შვილო, აბა, ნახე, მაღაზიამ რა ფასი დაადო ჩვენს შაფრანს-მეთქი. დამირეკა, 27 დოლარად ყიდის და იცი, რა წარწერით, `შაფრანი საქართველოდანო~. აბა, ეს როგორ არ გამიხარდებოდა! თუ ჩვენი ქვეყნის სახელს ჩვენ გამო კარგ საქმეზე ახსენებენ, საამაყოა.